რეგიონული ლიგა | აღმოსავლეთში ზედა ხუთეული გამოვლინდა

დასავლეთ ჯგუფში მეორე წრე დაიწყო და ცხრილში დროებით ბუნდოვანი ვითარება შეიქმნა. კავშირის სადისციპლინო კომიტეტი სამტრედიაში, ‘ფენიქსი’-‘კოლხი რაინდების’ შეწყვეტილ შეხვედრაზე ვერდიქტს მომავალ კვირაში გამოიტანს, მანამდე კი მე-6 ტურის საშინაო შეხვედრის გამართვა ‘ფენიქსს’ უმაყურებლოდ, „დახურულ კარს“ მიღმა განესაზღვრა, თუმცა სამტრედიელებს სათამაშოდ ჩოხატაურის ‘ჯანი’ არ გამოუცხადდა. გურულებმა მიზეზად მრავალ მოთამაშეთა ტრავმიანობა დაასახელეს. კავშირის ტრიბუნალი ხსენებულ მატჩზეც უახლოეს მომავალში იმსჯელებს.

ცხრილის სათავეს, 22 ქულით ერთპიროვნულად ‘კოლხი რაინდები’ ჩაუდგა. ‘ჯანმა’ 17 ქულით მეორე პოზიცია შეინარჩუნა. ‘ფენიქსი’ 15 ქულით მესამე ადგილზე დარჩა. ‘მეკობრეებმა’ 12 ქულით მეოთხე პოზიციაზე აინაცვლა და ბოლოსწინა ადგილზე დაქვეითებულ ‘აიეტს’ 2 ქულით გაუსწრო.

‘კოლხი რაინდებმა’ მეგრულ დერბიში, უქულოდ მყოფ ზუგდიდის ‘რაგბის კლუბთან’ დაგეგმილი ბონუსი უპრობლემოდ აიღო. „პარკი არენაზე“, კოლხებმა საგრძნობი უპირატესობა 11 გატანილ ლელოში ასახეს. მასპინძელთა შუამარბმა ბესო ბერაიამ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა, ხოლო მარბიელმა ნიკა ტაბაღუამ კი „დუბლი“ გაიფორმა. აუტსაიდერმა „მშრალი“ ანგარიშით მარცხს თავი, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე შუამარბ ლუკა კვარაცხელიას დადებული ლელოთი დააღწია – 61:5.

ვანში, ბეჟან ხურციძის სახელობის სარაგბო არენაზე ‘აიეტისა’ და ბათუმის ‘მეკობრეების’ შეხვედრა ფიცხელი ბრძოლით აღინიშნა. პირველი ნახევარი აჭარლებმა ფულბეკ ლეო ჩხარტიშვილის გარდასახული ლელოთი მოიგეს. მართალია, მეორე ტაიმის დებიუტში ვანელებმა მარბიელ დუტა ხურციძის გარდაუსახავი ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირეს, თუმცა დარჩენილ დროში უკეთ სტუმრები გამოიყურებოდნენ, რასაც მგეზავ ვიტალი კირინისა და მარბიელ ჯაბა გუგულაშვილის გატანილი ლელოები მოჰყვა. ‘მეკობრეებმა’ – 19:5 იმარჯვა და სეზონში მეორე მოგებაც გაიფორმა.

აღმოსავლეთში კი პირველი ჯგუფური ეტაპი დასრულდა და ზედა ხუთეულის ვინაობა გაირკვა. ‘წიქარა’, ‘რუსთავი’, პატარძეული’, ‘სოხუმი’, ‘ჭადარის’ შემადგენლობით წარმატებული კვინტეტი მეორე ჯგუფურ ეტაპზე 1 წრედ იასპარეზებს და პლეი ოფის 2 მონაწილეს გამოავლენს. აღსანიშნავია, რომ გუნდებს პირველ ეტაპზე დაგროვილი ქულები სრულად გადაჰყვათ.

პირველი ეტაპი მაქსიმალური შედეგით ‘წიქარამ’ მოიგო. პაატა რიკაძის ბიჭებმა 9-ვე შეხვედრაში პრემიალური ქულის თანხლებით იმარჯვეს და 45 ქულით ჯგუფში დამაჯერებლად იპირველეს. პირველი ეტაპის დასკვნით შეხვედრაში, „ხვამლი არენაზე“ ლიდერმა უშანსოდ ‘ლაშარი’ დატოვა და მეტოქე შუამარბ ჯიმი დარბაიძის გატანილ ეულ ლელოს დააჯერა. საკუთრივ კი ‘წიქარამ’ 12 ლელო მიითვალა. ფავორიტის ჰავბეკი გივი მუმლაძე „ჰეთ-თრიკით“ გამოირჩა – 75:7.

‘წიქარას’ 40 ქულით კვალში ‘რუსთავი’ უდგას. ქვემო ქართლელებმა უშუალო კონკურენტთან განცდილი მარცხის გამოკლებით, ყველა შეხვედრა ასევე ბონუს-ქულით მოიგეს. დასკვნით ტურში, „ხარები არენაზე“ ძმები აქუბარდიების შეგირდებმა მოტივირებული ‘ბორჯომი’ 2 გატანილ ლელოს დააჯერს, საკუთრივ კი თორელები 9 დადებული ლელოთი დაამწუხრეს. რუსთაველთა ბურჯმა დავით ზარნაძემ პირველ ტაიმში მიჯრით წყვილი ლელო გაიტანა, მისმა თანაგუნდელმა, ფრთა ფრიდონ კილაძემ ასევე „დუბლი“ შეასრულა – 53:12.  თორელებს მარცხმა სანუკვარ ხუთეულში მოხვედრის ბოლო იმედი გადაუწურა.

ლიდერებს კვალში 35 ქულით ‘პატარძეული’ უდგას. გარე კახელები უქულოდ მყოფ ‘ივერიელთან’ დიდ უპირატესობას ფლობდნენ და აუტსაიდერს 14 ლელო დაუდო. პატარძეულელთა მგეზავმა ლაშა ბრეგვაძემ „პოკერი“ გაახერხა. აღსანიშნავია, რომ აუტსაიდერი ბოლომდე იბრძოლდა და 3 ლელოს გატანაც შეძლო. ‘ივერიელის’ ერთ-ერთმა ლიდერმა და შუამარბმა გელა ფოლადიშვილმა „დუბლი“ შეასრულა – 87:15.

„რაგბი პლატოზე“, ‘სოხუმს’ პირველობის კიდევ ერთმა აუტსაიდერმა ‘არაგველებმა’ გარკვეული  წინააღმდეგობა გაუწია, მეორე ტაიმში ფავორიტს 2 ლელოც დაუდო, თუმცა სოლიდური სხვაობით მარცხს ვერ გადაურჩა. პირველი ტაიმში ‘სოხუმმა’ 20 უპასუხო ქულა აიღო. ლელოს გატანა შუამარბმა ზუკა წულუკიძემ და გიორგი მიმინოშვილმა მოახერხეს. მეორე ნახევარში მიმინოშვილმა „დუბლი“ გაიფორმა, ხოლო მისმა თანაგუნდელებმა მეტოქეს კიდვ 5 ლელო დაუდეს. ‘სოხუმის’ დამაჯერებელი გამარჯვება მხტომელ ოთარ ნოზაძის გატანილმა ლელომ დააფიქსირა – 54:12. ‘სოხუმმა’ მე-6 გამარჯვება მოიპოვა, 28 ქულა დააგროვა და ზედა ხუთეულს მეოთხე პოზიციით უწია.

მოწინავე კვინტეტი თელავის ‘ჭადარმა’ 25 ქულით შეავსო. კახელები დასკვნით ტურში ‘გარდასახვას’ „ხვამლი არენაზე“ დაუპირისპირდნენ და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქეზე 1-ით მეტი, 5 ლელოს გატანა მოახერხეს. კახელთა დამრიგებელმა თენგო ცისკარიშვილმა ძირითადში მარქაფადან რამდენიმე მორაგბე დააწინაურა. ‘ჭადარის’ 18 წლის ფულბეკმა თემურ გიგაშვილმა თავის სადებიუტო შეხვედრაშივე „დუბლი“ შეასრულა. კახელთა აფრიკელი შუამარბის მალკოლმ დე იონგის ანგარიშსზეც წყვილი დადებული ლელოა. ‘გარდასახვა’ ბოლომდე იბრძოდა და ბოლო წუთებზე შუამარბ ტარიელ მერებაშვილის გატანილი ლელოთი ნუგეშს გამორჩა – 37:32.

რეგიონულ ლიგაში რეგლამენტით გათვალისწინებულმა ზამთრის 3-თვიანმა არდადეგებმა დაისადგურა. ჩემპიონატი გაისად, თებერვლის შუაწელს განახლდება.