პირველი ლიგა | ‘ტაო’ კვლავ ერთპიროვნულად გალიდერდა

პირველი წრის დასკვნით ტურს, ‘ბაგრატი’-‘დინოზავრის’ შეწყვეტილი მატჩის თაობაზე სრკ-ს სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილება უძღვოდა. ტრიბუნალმა მე-7 ტურის შეწყვეტილი იმერული დერბი არშემდგარად გამოაცხადა და პირველი ლიგის მენეჯერს ‘ბაგრატი’-‘დინოზავრის’ შეწყვეტილი მატჩის გადათამაშება უახლოეს შესაძლო პერიოდში დაავალა.

მართალია, მე-9 ტურში ‘გორმა’ და ‘ტაომ’ იმარჯვეს, თუმცა მოპოვებულმა პრემიალურმა ქულამ მესხებს 36 ქულით ერთპიროვნული ლიდერობა დაუბრუნა. შიდა ქართლელები კი 35 ქულით მეორე ადგილზე განთავსდნენ. სეზონში მეორე მარცხისა და გადადებული შეხვედრის მიუხედავად, პირველობის დებიუტანტი ‘დინოზავრი’ 29 ქულით მესამე პოზიციას ინარჩუნებს. მოწინავე კვარტეტს კი 25 ქულით ‘არმია’ ავსებს.

‘ვეფხვებმა’ 21 ქულით მეხუთე პოზიციაზე აინაცვლა და პლეი ოფის ბოლო, მე-6 საფეხურზე მყოფ ‘ლოკომოტივს’ 1 ქულით გადაასწრო. ‘იუნკერები’ 14 ქულით მე-7 ადგილზე დარჩა. გარისელები მდევარ ‘არმაზს’ კვლავ 3 ქულით უსწრებენ. მათეს’ სეზონში პირველმა გამარვებამ  პირველობის აუტსაიდერად ‘ბაგრატი’ აქცია. ზემო იმერლებმა ცხრილში ადგილი რიონისპირელებს გაუცვალეს. ‘მათე’ 1 ქულით ‘ბაგრატს’ უსწრებს და ასევე 1 ქულით მე-8 პოზიციაზე მყოფ ‘არმაზს’ ჩამორჩება.

მართალია ასპინძაში, ადგიოლბრივ ‘ტაოსთან’ თეთრი წყაროს ‘იუნკერებს’ ურიგოდ არ უთამაშია, თუმცა გარისელებმა მესხთა მწყობრი და ხისტი დაცვის გარღვევა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს და პირველ ტაიმში ბურჯ ავთო ნიკოლაძის გატანილ ლელოს დაჯერდნენ. ‘ტაომ’ კი მწვავე იერიშები 4 დადებულ ლელოში ასახა. მასპინძელთა შუამარბმა იოანე ხელაიამ „დუბლი“ შეასრულა. მესხთა მხრიდან კიდევ 2 ლელო ფიჯელ ლეგიონერთა ანგარიშზეა. თავი ფრთა ნაიბუკა ლადინივასამ და შუამარბმა ლაისიასა ბოგიდრაუმ გამოიჩინეს. მასპინძელთა მგეზავმა ლუკა ზუხბაიამ 4-ივე გარდასახვა გამოიყენა. ‘ტაომ’ მატჩი პრემიალური ქულით – 31:5 მოიგო.

გორში, ჭალის დასახლებაში ‘გორისა’ და წყალტუბოს ‘დინოზავრის’ შეხვედრამ სარაგბო თრილერის ხასიათი მიიღო. მატჩის დებიუტში, ფულბეკი კაპიტანის ნიკა ბიწაძის დადებული ლელოთი ‘გორი’ დაწინაურდა, რის შემდგომ უპირატესობას იმერლები დაუფლნენ. წყალტუბოელთა ფრთა დავით გობეჯიშვილმა თანაგუნდელი ფულბეკის იაგო ხაბულიანის დადებული ლელო გარდასახა, 3 გატანილი ჯარიმაც დაურთო და შესვენებაზე ‘დინოზავრი’ 6-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მართალია, მეორე ტაიმში კარგა ხნის მანძილზე ანგარიშში უპირატესობას სტუმრები ინარჩუნებდნენ, თუმცა გორელებმა მეთოდურად გარდატეხეს შეხვედრა და იმერლებს 3 ლელო დაუდეს. მატჩის კულმინაციად ბოლო 10 წუთი იქცა. ჯერ ჰავბეკ თეიმურაზ თუთბერიძის გარდაუსახავი ლელოთი ‘დინოზავრმა’ უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა. გორელთა მგეზავმა გოდერძი ჭინჭარაულმა ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, ბოლო წუთებზე კი საკუთარი დერეფანიდან მორკინალთა აქტიური მიძალება მასპინძელთა კაპიტანმა ნიკა ბიწაძემ შესრულებული „დუბლით“ დააგვირგვინა. დრამატულ ბრძოლაში გორმა სეზონში მე-8 გამარჯვება იზეიმა – 32:28.

„ავჭალა არენაზე“, ‘არმია’-‘ლოკომოტივის’ დედაქალური დერბის პირველი ტაიმი „არმიელთა“ სრული უპირატესობით წარიმართა. ‘არმია’ 5 გატანილი ლელოთი შესვენების წინ 28 ქულით დაწინაურდა. მეორე ტაიმში ‘ლოკომოტივმა’ შეხვედრაში გარდატეხის შეტანას ცდა არ დააკლო, მთლიანობაში 4 ლელოს დადებაც მოახერხა, თუმცა სამატჩო ქულების გარეშე დარჩა. „არმიელთა“ ფრთა გიორგი გელაშვილმა მეტოქეს ტაიმებში წყვილ-წყვილი ლელო გაუტანა და „პოკერის“ ავტორადაც შეიქნა. „არმიელთა“ დამაჯერებელი, პრემიალური ქულით გამარჯვება ბოლო წუთებზე მგეზავმა გიორგი ჯაშმა ეფექტური არეკნით დააფიქსირა – 48:26.

პატარძეულის ‘ვეფხვები’ ვაზისუბნის სარაგბო არენას გაუშინაურდა და ბოლო პერიოდში საშინაო მატჩებს ‘არმაზის’ არენაზე ატარებს. საკუთარი მოედნის უხარისხო საფარის გამო, გარე კახელებს საშინაო შეხვედრათა გამართვა რეგიონს მიღმა უხდებათ. ამის მიუხედავად, მოგებათა იშტაზე მოსული ზვიად ცუხიშვილის შეგირდთა შეჩერება ვერც ‘ბაგრატმა’ მოახერხა. დაძაბული ბრძოლა მხოლოდ პირველ ტაიმში აღინიშნა, რომლის დებიუტში ფულბეკ ზვიად ოდიშარიას გატანილი ჯარიმითა და მღლეტელ გოგა ახალაძის დადებული ლელოთი ‘ბაგრატმა’ 8 ქულით დაწინაურება მოახერხა.

მატჩის დარჩენილი ნაწილი კი ‘ვეფხვების’ სრული კარნახით წარიმართა. მღლეტელ ნიკა გოგლიძის, კვაჭ დავით ხიდეშელისა და მგეზავ ლაშა გურგენიძის გატანილი ლელოთა წყალობით გარე კახელები შესვენებაზე 8-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ. მეორე ნახევარში ‘ვეფხვებმა’ მონაგარს კიდევ 5 გატანილი ლელო შემატა, რიონისპირელები კი მარქაფადან ჩართული ამირან გიგაშვილის დადებულ ლელოს დააჯერა. გარე კახელთა შუამარბმა ბექა სამსიანმა „დუბლი“ შეასრულა, ლაშა გურგენიძემ კი მთლიანობაში 6 გარდასახვა გამოიყენა – 52:16.

ვაზისუბანში, მარნეულის ‘არმაზმა’ ჭიათურას ‘მათეს’ უმასპინძლა. ქვემო ქართლელებმა ანგარიშში დაწინაურება მხოლოდ მატჩის დებიუტში მოახერხეს, რის შემდგომ მეტოქეთა მორღვეული დაცვისა და გაშლილ თამაშში, ზემო იმერლები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ. ‘მათეს’ ფიჯელი ლეგიონერები მასპინძელთა ხაზს კარაქივით ჭრიდნენ და მთლიანობაში 8 ლელოს გატანაც მოახერხეს. ზემო იმერელთა შორის „დუბლით“ მარბიელი ვუნაკი ვაქანიბაუ და შუამარბი ტობია მატავურა გამოირჩნენ.

‘არმაზის’ რიგებში კი ერთ-ერთ ლიდერის ოთარ მეტრეველის კარგი თამაშია აღსანიშნავი. ქვემო ქართლელთა შუამარბმა დადებულ წყვილ ლელოს, 3 გარდასახვა და 1 გატანილი ჯარიმაც დაურთო. მატჩის ბოლო წუთებზე კი ‘არმაზის’ მღლეტელ რობერტ სავოიანის გატანილი ლელო მასპინძელთათვის რიგით მე-6 გამოდგა, რამაც ‘მათეს’ პრემიალური ქულით გამარჯვება არ დაანება – 57:41. ზემო იმერელთა ბონუსის გარეშე მოგებამ ‘არმაზს’ ცხრილში მე-8 პოზიცია შეუნარჩუნა.