მალხაზ მაღლაფერიძის (ბოცმანა) სამძიმარი

ქართულმა სარაგბო თემმა დიდი დანაკლისი განიცადა. 61 წლის ასაკში ვეტერანი მორაგბე მალხაზ მაღლაფერიძე („ბოცმანა“) გარდაიცვალა.

მალხაზ მაღლაფერიძე თბილისში 1962 წლის 30 სექტემბერს დაიბადა. ვერელმა ჭაბუკმა წარმატებით ჯერ ცნობილი 58-ე საშუალო სკოლა დაამთავრა, რის შემდგომ „ნიკოლოძეში“ სკულპტორის სპეციალობას დაეუფლა. მართალია, მრავალმხრივ ნიჭიერ ახალგაზრდას მხატვართა სამყარო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდა, თუმცა რაგბის სიყვარულმა „ბოცმანა“ ოვალურ ბურთს სიცოცხლის ბოლომდე მიაჯაჭვა.

მალხაზ მაღლაფერიძემ პროფესიული მორაგბის კარიერა 17 წლის ასაკში, ‘შევარდენში’ დაიწყო და 10 კალენდარული წლის მანძილზე წარმატებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ‘აკადემიასა’ და ‘ლოკომოტივის’ გუნდების ღირსებას იცავდა. ჯერ კიდევ მორაგბეობის ხანაში ‘ბოცმანამ’ სამწვრთნელო საქმიანობასაც მიჰყო ხელი და „მხატვართა“ და „რკინიგზელთა“ სასარგებლოდ გაისარჯა.

აღსანიშნავია, რომ მალხაზ მაღლაფერიძეს დიდი წვლილი მიუძღვის უზბეკური რაგბის განვითარების საქმეში. 2010-2020 წლებში „ბოცმანა“ უზბეკეთის ვაჟთა ეროვნულ ნაკრებს, ‘არმიასა’ და ადგილობრივ 7-ქალას ედგა სათავეში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი ქართველ ვეტერან მორაგბეებს აქტიურად ედგა მხარში, რომელთა შორის დიდი ავტორიტეტითა და სიკვარულით სარგებლობდა.

საქართველოს რაგბის კავშირი და ქართული სარაგბო თემი ღრმა მწუხარებას გამოთქვავს მალხაზ მაღლაფერიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

 

მალხაზ მაღლაფერიძის გასვენების ცერემონიალი 14 ნოემბერს, 14 საათზე დაიწყება. მისამართი: დიღმის მასივი, მე-6 კვარტალი, 7 კორპუსი, პირველი სადარბაზო, 5 სართული