დიდი 10 | ხვამლი 21:10 ყოჩები

თბილისის ‘ხვამლმა’ დაძაბულ ბრძოლაში ბოლნისის ‘ყოჩებს’ 21:10 აჯობა და პირველი წრის მიწურულს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.

მუხიანელებს 23 ქულა მოუგროვდათ და მე-6 ადგილზე არიან. ‘ყოჩები’ ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ ლიდერის პოზიციებს თმობს. ბოლნისელები 27 ქულით მესამე ადგილამდე დაქვეითდნენ და თუ ტურის დასკვნით მატჩში ‘ბათუმმა’ ოზურგეთში მოიგო, მე-4 პოზიციამდე დაეშვება.

თამაში უხეში გამოდგა და მსაჯს 7-ჯერ მოუწია ყვითელი ბარათის გამოყენება. პირველად მე-18 წუთზე გიორგი ჯობავა გასინბინდა და ‘ხვამლი’ კაცნაკლული დარჩა, რითაც ‘ყოჩებმა’ ისარგებლა, 5-მეტრიანი დერეფნიდან მძლავრი მოლი ააგორა და ჯაბა ბრეგვაძემ ანგარიში გახსნა, ლაშა მალაღურაძემ კი გარდასახა.

24-ე წუთზე ყვითელი უკვე ჟორა მღებრიშვილმა (‘ყოჩები’) მიიღო და ნიკა ცინცაძემ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა. 27-ე წუთზე მოედანზე ჩხუბი ატყდა და საბა აბულაშვილმა ამჯერად გიორგი მელაძე (‘ყოჩები’) და საბა კურტანიძე (‘ხვამლი’) გაასინბინა. ‘ხვამლს’ ჯობავა რომ დაუბრუნდა რიცხობრივი უპირატესობა მიიღო, 32-ე წუთზე მაღალ ტემპში შეუტია და თორნიკე აქუბარდიამ მარჯვენა ალამთან ლელო გაიტანა.

ტაიმის ბოლოს ‘ხვამლმა’ მონაგარი კიდევ 10 ქულით გაზარდა – ჯერ ნიკა ცინცაძემ გაიტანა ჯარიმა, მერე ‘ყოჩები’ საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და ამირან მიქაძემ ყვითელი ბარათიც მიიღო – 18:7.

მეორე ტაიმის დასაწყისში მალაღურაძემ და ცინცაძემ ჯარიმები გაცვალეს და დარჩენილი დრო გუნდებმა უქულოდ გალიეს. ‘ყოჩებს’ ნუგეშის ქულის აღების კარგი შანსი ქონდა. ‘ხვამლმა’ 71-ე წუთზე სინბინით ირაკლი ბებია, ხოლო 79-ეზე გიორგი კვაბზირიძე დაკარგა, მაგრამ სტუმრებმა ამით ვერ ისარგებლეს – 21:10.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ხვამლის’ ბურჯი ჰამლეტ გოგია გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს შერკინებაში გადამწყვეტი უპირატესობა მოუპოვა.