დიდი 10 | ყოჩები 50:5 აკადემია

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ თბილისის ‘აკადემიას’ წინააღმდეგობა დასკვნით წუთებში გატეხა, მეტოქე დიდი ანგარიშით, 50:5 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე აღზევდა.

„მხატვრებმა“ მეტოქეს დიდი ბრძოლა გაუმართეს და 65-ე წუთამდე პირველი საცხრილო ქულის აღების შანსსაც ინარჩუნებდნენ, მაგრამ დასკვნით 15 წუთში გატყდნენ.

პირველ ტაიმში ‘ყოჩების’ მოთამაშეებს ბურთი ხშირად უვარდებოდათ, რის გამოც რამდენიმე სალელოვე შანსი ვერ გამოიყენეს. უშეცდომოდ მხოლოდ ნიკოლოზ რეხვიაშვილი ირჯებოდა, რომელმაც პირველ ტაიმში საკუთარ გუნდს 17-ივე ქულა შესძინა. მან ჯერ ჯარიმა გაიტანა, მერე ხაზი გაჭრა და ლელო მიითვალა, 32-ე წუთზე კი ხელდახელ შეტევას მიყვა და მეორე ლელო გაიტანა. მისი ორივე გარდასახვა ზუსტი იყო.

ტაიმის ბოლოს ‘აკადემიამ’ მოლი ააგორა, რომელიც ლელოდან ერთ მეტრში ჩაიქცა, რაქიდან გიორი ჭარელმა შეუტია და საპასუხო ლელო გაიტანა, თანაც გიორგი მჭედლიშვილი ყვითელი ბარათით დაისაჯა – 17:5.

ბოლნისელებმა უპირატესობა 49-ე წუთზე, ჯაბა ბრეგვაძის ლელოთი გაზარდეს და რეხვიაშვილი გარდასახვიდან კვლავ ზუსტი იყო. ამას ყვითელი ბარათები მოყვა და გარკვეული დროით ‘ყოჩები’ მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩა, მაგრამ ‘აკადემიამ’ ამით ვერ ისარგებლა.

დასკვნით წუთებში ‘ყოჩებმა’ გაილაღა. გიორგი გამყრელიძემ 40-მეტრიანი სოლო-რეიდი ლამაზი ლელოთი დაასრულა. მერე სერგი ჩხაიძემ გაჭრა ხაზი და ლელოში ბურთი ნიკოლოზ თეზელაშვილს შეაყოლა. 74-ე წუთზე გამყრელიძემ კიდევ ერთხე გაიბრწყინა და ამჯერად ლელო გოჩა თავართქილაძეს გაატანინა. მატჩის მიწურულს ‘ყოჩებმა’ ოფლოუდებით შეუტია და კიდე ერთი ლელო გაიტანა. ბოლო ორი გარდასახვა სერგი ჩხაიძემ შეასრულა – 50:5.