დიდი 10 | ყაზბეგი 40:18: არწივები

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ ოზურგეთის ‘არწივებს’ გორის „ჭალის“ სტადიონზე ბონუსით, 40:18 სძლია და მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება მოიპოვა.

მე-7 ტურის სადებიუტო შეხვედრაში ნომინალური მასპინძლები სათამაშო უპირატესობას თავიდანვე დაეუფლნენ. ‘არწივები’ დიდი ხნის განმავლობაში ახერხებდა თავის დაცვას და თამაშში დარჩენას, მაგრამ დასკვნით 30 წუთში ვეღარ გაძლეს.

ანგარიში 28-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ნიკა ბაგაშვილი მეტოქის 22-თან ყველაზე სწრაფად გაერკვა სიტუაციაში და ლელო ძელებსშუა დაამიწა, რამაც დავით მოძღვრიშვილს გარდასახვა გაუიოლა. განახლდა თუ არა თამაში, ‘არწივებმა’, რომელმაც მანამდე კონტრშეტევაზე ნაღდი ლელო და ცენტრიდან ჯარიმა ვერ გაიტანა, 5 ქულით უპასუხა. კონსტანტინე გაზაშვილის ჭკვიანური გარღვევის შემდეგ, ლუკა კოხიამ რაქის გვერდით შეუტია და ლელო გაქვითა.

სერჯიო სტალმესტერმა გარდასახვაც ვერ გაიტანა, რის გამოც დამრტყმელი შეიცვალა და 35-ე წუთზე მარვინ ფრედერიქსმა ჯარიმით ‘არწივები’ დააწინაურა, თუმცა ზედ შესვენების წინ სტეფანწმინდელთა მრავალფაზიან, კარგად ორგანიზებულ შეტევას მოძღვრიშვილის ხაზის გაჭრა და ბოლოს ვანო ბურდულის ლელო მოყვა – 12:8.

მეორე ტაიმის დასაწყისში ფრედერიქსმა ჯარიმით სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ამის შემდეგ ‘ყაზბეგის’ უპირატესობა საგრძნობი გახდა. მასპინძლებმა პასუხად ჯარიმის კარში დარტყმის ნაცვლად 5-მეტრიანი დერეფნიდან მოლით შეუტიეს და გუნდის კაპიტანმა ვაჟა მაისურაძემ ლელო, დავით მოძღვრიშვილმა კი გარდასახვა გაიტანა.

მალე ‘არწივები’ ჯაბულანი მკულვანის სინბინის გამო მოედანზე კაცნაკლული დარჩა და გიორგი ნათელაშვილმა ლამაზი ფინტის შემდეგ უპირატესობა ლელოში ასახა. ბახვა კობახიძეს საპასუხო ჯარიმა რომ გაუცუდდა, 63-ე წუთზე მიხეილ ახობაძის კარგი თამაშის შემდეგ ლელო ლევან ქუშაშვილმა გაიტანა. მოძღვრიშვილმა ორივე გარდასახა – 33:11.

71-ე წუთზე გიგი გიგინეიშვილმა მეორე ცდიდან ლელო გაიტანა და კობახიძის გარდასახვაც  ზუსტი იყო, თუმცა მატჩის ბოლო ლელო ისევ ‘ყაზბეგმა’ მიითვალა. მატჩის საუკეთესო  მოთამაშე ნათელაშვილმა თავისი მეორე ლელო ძელებსშუა გაიტანა, საბა ნიკოლაშვილმა კი კარის წინიდან გარდასახა – 40:18.

‘ყაზბეგს’ 7 ტურის შემდეგ 16 ქულა აქვს და ჯერჯერობით მე-6 ადგილზეა. დებიუტანტი ‘არწივები’ 5 ქულით ბოლოსწინა ადგილს იკავებს.