დიდი 10 | ბათუმი 10:0 ხარები

‘ბათუმმა’ დიდი 10-ის მე-8 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ჩემპიონ რუსთავის ‘ხარებს’ თითო ტაიმში თითო ლელო გაუტანა 10:0 და დაამარცხა.

თამაში ორმხრივი შეტევებით დაიწყო, თუმცა დაცვაში ორივე გუნდი კარგად ირჯებოდა. ანგარიში მე-17 წუთზე გაიხსნა. მარცხენა ფრთაზე ლაშა ფოფხაძე გაიქცა, იერიში მარჯვენა ფრთაზე გაგრძელდა და ვიტალი ირემაძის ლელოთი დასრულდა – 5:0.

შესვენებამდე ორივე გუნდს ჰქონდა ჯარიმით ნაგარიშის შეცვლის შესაძლებლობა, ორივემ ლელოზე არჩია თამაში და უქულოდ დარჩა.

მეორე ტაიმში სტუმრებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ ეს ქულებში ვერ ასახეს. თავის მხრივ, მამუკა ნინიძემ ორი ჯარიმა გააცუდა, თუმცა 67-ე წუთზე, ვიტალი ირემაძის კარგ თამაშს და გარღვევას მისივე ლელო მოყვა. დარჩენილმა დრომ ორმხრივ ბრძოლაში, მაგრამ უქულოდ ჩაიარა და ‘ბათუმმა’ 10:0 მოიგო. შედეგად, მან „სარბიელის სინი“ შეინარჩუნა და 25 ქულით მე-4 ადგილზეა.

‘ხარები’ 18 ქულით მე-6 პოზიციაზე დარჩა, განვლილი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კი ‘ბათუმის’ მგეზავი ლაშა ხმალაძე გახდა.