დიდი 10 | არწივები 21:33 ბათუმი

‘ბათუმმა’ დიდი 10-ის პირველი წრის დასკვნით მატჩში ოზურგეთის ‘არწივებს’ 33:21 მოუგო, თუმცა ბონუს-ქულა გაანიავა.

ფოთის „პარკი არენაზე“ მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველში ‘ბათუმი’ სრულად დომინირებდა და 5 ლელო გაიტანა, ლამის ერთი ამდენის გატანის შანსი კი გაანიავა. ‘არწივებმა’ ბოლომდე იბრძოლა და პირველი ტაიმის მიწურულს ერთი, მეორეში კი ორი ლელო გაქვითა და სტუმრებს ბონუსი არ გაატანა.

თამაში ‘ბათუმის’ შეტევებით დაიწყო. ისინი კარგად ათამაშებდნენ ბურთს, რითაც მეტოქის დაცვას ღლიდნენ და 22 წუთში 4 ლელო გაიტანეს. ჯერ ბექა ურჯუკაშვილმა შეირგო ვანო ფუტკარაძის ოფლოუდი, მერე ინიციატივა ლაშა ფოფხაძემ აიღო თავის თავზე და 50-მეტრიანი რეიდი 5 ქულით დაასრულა, რიცხობრივ უპირატესობაში (ყვითელი ბარათი ფრედერიქსმა მიიღო) კი თავი კოკი თხილაიშვილმა და კობა ბუჯიაშვილმა გამოიჩინეს. ურჯუკაშვილმა ოთხივე გარდასახა.

თამაში რომ განახლდა კაცნაკლული უკვე სტუმრები დარჩნენ და ლუკა კოხიამ ერთი ლელო გაქვითა, მაგრამ იქვე ურჯუკაშვილმა უპასუხა – 7:33.

მეორე ტაიმში ინიციატივა მასპინძლების მხარეს გადავიდა, რასაც ხელი მეტოქის უდისციპლინობამ შეუწყო. 50-ე და 52-ე წუთებზე ჯემალ შათირიშვილმა და ანზორ სიჭინავამ ყვითელი ბარათები მიიღეს და 13 კაცის ამარა დარჩენილ მეტოქეს კოტე გაზაშვილმა ლელო გაუტანა, 63-ე წუთზე კი დუბლი კოხიამ მიითვალა. ბახვა კობახიძემ ორივე გარდასახა – 21:33. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ბათუმი’ 29 ქულით მესამე ადგილზე აღზევდა, ‘არწივები’ კი 6 ქულით მე-9 პოზიციაზე რჩება.

განვლილი მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბექა ურჯუკაშვილი გახდა.