დიდი 10 | აკადემია 5:78 აია

დიდი 10-ის პირველი წრის დასკვნითი ტური თბილისში, „რაგბი პლატოზე“ გაიხსნა. ქუთაისის ‘აიამ’ თბილისის ‘აკადემიას’ 12 ლელო გაუტანა, 78:5 გაიმარჯვა და ჯერჯერობით პირველ ადგილზეა.

‘აიას’ 6 მოგება და 31 ქულა აქვს. ის 1 ქულით უსწრებს ‘ლელოს’, რომელიც 26 ნოემბერს რუსთავში ‘ხარებს’ ერკინება. „მხატვრები“ კვლავაც უქულოდ არიან და მეორე წრეს მე-9 ადგილოსან ოზურგეთის ‘არწივებთან’ -6 ქულით იწყებენ, თუმცა სხვაობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს (‘არწივები’ 26 ნოემბერს ‘ბათუმს’ ფოთში ეთამაშება).

რაც შეეხება შეხვედრას, პირველ ტაიმში ქუთაისელებმა 5 უპასუხო ლელო გაიტანეს. ანგარიში გიორგი ფრუიძემ გახსნა. ტაიმის შუაში თავი ჯიუტა მბიაუ მბატირერენგამ და ოთარ მეტრეველმა გამოიჩინეს. ამას საჯარიმო ლელო მოყვა, 37-ე წუთზე კი 5 ქულა ნოდარ დოლიძემ მიითვალა. ფრუიძემ და ნიკა ღლონტმა თითო გარდასახვა შეასრულეს.

მეორე ტაიმის დასაწყისში, პირველის მსგავსად, ლელო ფრუიძემ მიითვალა, რასაც თემურ კოხოძის, ამირან შვანგირაძის და ლუკა შენგელიას ლელოები მოყვა. ‘აკადემიამ’ პრესტიჟის ლელო მე-60-ე წუთზე გაიტანა (შოთა ნაჭყებია), თუმცა თამაშის სცენარი არ შეცვლილა და კოხოძემ, ილია გაბისონიამ და ნიკა ღლონტმა სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს. გუჯა მახარეიშვილმა სამივე გარდასახვა გამოიყენა – 78:5 ‘აიას’ სასარგებლოდ.