დიდი 10 | აია 57:24 ხარები

ქუთაისის ‘აიამ’ საქართველოს ჩემპიონ რუსთავის ‘ხარებს’ ბონუს-ქულით, 57:24 სძლია და სატურნირო ცხრილში 21 ქულით მესამე ადგილზე აღზევდა.

„აია არენაზე“ შეკრებილმა ქომაგმა უხვქულიანი მატჩი იხილა. გუნდებმა ჯამში 12 ლელო გაიტანეს, საიდანაც 8 მასპინძლების ანგარიშზე იყო. ‘აიამ’ ტაიმში 4-4 ლელო გაიტანა და საკუთარი გამარჯვება ეჭვქვეშ წამითაც არ დაუყენებია.

ანგარიში ქუთაისელებმა დებიუტშივე გახსნეს. შერკინებიდან ხაზზე კარგი ხელდახელ შეტევა გაიშალა და ის პირველივე ფაზაში ოთარ მეტრეველის ლელოთი დასრულდა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი გარდასახვა ზუსტად შეასრულა. ‘ხარებმა’ მალევე უპასუხა. ‘აია’ ფეხით გადაკიდებულ ბურთზე თამაშისას მოედნის ცენტრში შეცდა, ის ხელში სანდრო სვანიძეს ჩაუვარდა, სისწრაფეში ორი მბოჭავი ჩამოიცილა და ლელო გაიტანა. ალექსი ზაზაძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა.

‘აიამ’ ტემპს უმატა და ძალიან მალე საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა. მე-13 წუთზე სტუმრები რაქში წნეხში მოექცნენ, მასპინძლებმა ბურთი მოიპოვეს და ჯიუტა მბიაუ მბატირერენგამ ლელო გაიტანა. ტაიმის შუაში ‘აია’ კიდევ ერთხელ აფეთქდა, ბურთი ხელდახელ სწრაფად გაათამაშა და მეტრეველმა თავისი მეორე ლელო გაიტანა – 21:7.

‘ხარებმა’ 25-ე წუთზე მოლით უპასუხა, რომელიც ზედ ლელოსთან ჩაიქცა, თუმცა იქიდან გიორგი გოგუაძემ შეუტია და ერთი ლელო გაქვითა. 32-ე წუთზე ამირან შვანგირაძემ მაცხენა ფრთაზე ითამაშა კარგად, მცველს გაექცა და ლელო გაიტანა. ბაბუნაშვილმა ოთხივე გარდასახვა გაიტანა – 28:12.

‘აიამ’ მეორე ტაიმის დებიუტში სამი გარდასახული ლელოთი გამარჯვება ნაადრევად დაიბევა. ლელოები გიორგი ნიკოლაძემ, გიორგი ბაბუნაშვილმა და საბა ხონელიძემ გაიტანეს – 49:12. სანდრო ილურიძემ ერთი ლელო მალევე გაქვითა, იქვე ამირან შვანგირაძე კიდევ ერთხელ აჩქარდა და თავისი მეორე ლელო გაიტანა. ‘ხარებმა’ დერეფნიდან გათამაშებული კომბინაციით და თამაზ ჭამიაშვილის ლელოთი უპასუხა, საბოლოო შედეგი კი ბაბუნაშვილმა ჯარიმით დააფიქსირა – 57:24.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘აიას’ ფლანკერი გიორგი სინაურიძე გახდა. ‘ხარებს’ 18 ქულა დარჩა და მეექვსე ადგილზეა.