ახალი თაობის უკეთესი მომავლისთვის

საქართველოს რაგბის კავშირსა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრს (GCSD) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმადაც უკვე მომავალი კვირიდან ახალი პროექტი დაიწყება – „მიეცი სპორტს შანსი“.

რაგბის კავშირი წლების განმავლობაში აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა სახის სოციალურ კამპანიაში, რომელთა შორის აღსანიშნავია „სახლი“ (აუტიზმის ეროვნულ ცანტრს, ბორჯღალოსნების ჩართულობით პირველი კოტეჯი აუშენდა); ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანია; ახალგაზრდა მსჯავრდებულების ჩართვა რაგბიში და ა.შ.

ახალ სოციალურ პროექტში ჩაერთვებიან რთული ქცევის ბავშვები, განრიდების პროგრამასა და პრობაციის ეროვნულ ცენტრში აღრიცხვაზე მყოფი მოზარდები, რომელთა რაოდენობა 100-ს აღემატება. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო რაგბის ისტორიაში მრავლად არიან წარჩინებული და ლეგენდარული სპორტსმენები, რომლებიც სპორტში თავის დროზე სწორედ მსგავსი პროექტების მეშვეობით მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ „მიეცი სპორტს შანსი“-ს განხორციელებაში, რაგბის კავშირის პარტნიორი შერეული ორთაბრძოლების კლუბი „ვორიორსია“, რომელიც მსურველებს შერეულ ორთაბრძოლებში, ბრაზილიურ ჯიუ ჯითსუ-ში, ტაილანდურ კრივში, ან ძიუდოში ჩართავს.

„მომავალი კვირიდან ვიწყებთ მწვრთნელების გადამზადებას, ასევე შევხვდებით ბავშვებს და იანვრიდან ისინი სხვადასხვა სპორტის სახეობებში ჩაერთვებიან. აუცილებელია, რომ სპორტთან წვდომა ყველა  მოზარდს, ახალგაზრდას ჰქონდეს. ჩვენი სურვილია, რომ ამ ბავშვების თავისუფალი დრო სასარგებლო აქტივობებით შევავსოთ და დავეხმაროთ საკუთარი თავის პოვნაში. სპორტული აქტივობების პარალელურად, მოზარდებს ექნებათ შესაძლებლობა გაიარონ სამწვრთნელო და სამედიცინო მიმართულების სემინარები, რაც მათ სხვადასხვა კუთხით დასაქმების შესაძლებლობას მისცემს“ – აღნიშნავს პროექტის დირექტორი ნონო ანდღულაძე.

მემორანდუმს ხელი რაგბი კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გოგებაშვილმა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის დირექტორმა მარიამ თოხაძემ მოაწერეს. პროექტის დონორია ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.