ლევან მაისაშვილმა ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა დაკავებული თანამდებობა დატოვა. მან ეს გადაწყვეტილება საფრანგეთის მსოფლიო თასიდან დაბრუნების შემდეგ მიიღო.

47 წლის სპეციალისტმა ასევე დატოვა პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზის, ‘შავი ლომის’ მთავარი მწვრთნელის პოსტი, რომელიც ნოემბერ-დეკემბერში რაგბი ევროპის სუპერ თასის ზედიზედ მესამედ მოგებას ეცდება, რის შემდეგაც ისტორიაში პირველად ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირში, ჩელენჯ თასში ჩაერთვება.

ლევან მაისაშვილმა მწვრთნელობა 1994 წელს, მშობლიურ კლუბ ‘ლელოში’ დაიწყო და 2001 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს ავარჯიშებდა, 2001 წლიდან კი ‘ლელოს’ კაცთა გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა და 2019 წლამდე გუნდს 6-ჯერ მოაგებინა საქართველოს ჩემპიონატი, 3-ჯერ ქვეყნის თასი, 7-ჯერ კი საუკეთესო ქართველ მწვრთნელად დასახელდა.

საერთაშორისო დონეზე ის სხვადასხვა პერიოდში წვრთნიდა საქართველოს 18 და 19-წლამდე მორაგბეთა ნაკრებებს, ასევე საქართველოს „ა“ და განვითარებად ნაკრებებს.

2016-2019 წლებში იყო ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის, მილთონ ჰეიგის ასისტენტი, 2020 წელს კი ბორჯღალოსნების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. მაისაშვილის ხელმძღვანელობით საქართველომ 40 თამაში ჩაატარა, საიდანაც მოიგო 24, სამი ფრედ დაასრულა და დათმო 13.

უკანასკნელ 4 წელიწადში ბორჯღალოსნებმა 4-ჯერ მოიგეს რაგბი ევროპის ჩემპიონატი. 2020 და 2021 წლებში გუნდმა ტიერ1-ის გუნდებთან რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარა: მონაწილეობა მიიღო შემოდგომის ერთა თასში; ტესტ-მატჩები გამართა მსოფლიოს ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან და საფრანგეთთან; ფრედ ეთამაშა ფიჯის (15:15).

ყველაზე წარმატებული კი 2022 წელი აღმოჩნდა, როდესაც საქართველომ ისტორიაში პირველად დაამარცხა ტიერ1-ის გუნდი, თანაც ზედიზედ ორი! 10 ივლისს ბათუმში, საუცხოო გარემოში ბორჯღალოსნებმა იტალიას 28:19 სძლიეს, ნოემბერში კი უელსს კარდიფში, 13:12 მოუგეს.

2021 წლიდან მაისაშვილმა ‘შავი ლომიც’ ჩაიბარა, რომელიც ნაკრების საბაზო გუნდია და მასთან ერთად ორჯერ მოიგო რაგბი ევროპის სუპერ თასი (ორი წლის ჯამში 16 თამაში, 13 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი). ქართულმა ფრენჩაიზმა 2022 წელს ითამაშა სამხრეთ აფრიკის შიდა ჩემპიონატში – ქარი ქაფში, სადაც 5 თამაში მოიგო და ორი დათმო, წელს კი სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე იმყოფებოდა და სამხრეთულ ფრენჩაიზებს კონკურს გარეშე შეერკინა.

ქართული რაგბი ლევან მაისაშვილს მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსთვის და წარატებებს უსურვებს შემდგომ საქმიანობაში.

ბორჯღალოსნებისა და ‘შავი ლომის’ ახალი მთავარი მწვრთნელის ძიება უკვე დაწყებულია.