ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ცხრილს სათავეში ‘ბათუმი’ ჩაუდგა

კარსმომდგარ 18-წლამდელთა ევროპირველობის გამო, ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის გუნდებს პირველი წრის ბოლო 2 ტურის შეხვედრათა გამართვა საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების შეკრებაზე გამოძახებულ მორაგბეთა გარეშე უხდებათ, რაც გუნდებს არათანაბარ პირობებში აყენებს. „ოქროს“ ჯგუფის მონაწილეთაგან ყველაზე დიდი დანაკლისი ‘ლელომ’ განიცადა. ჩემპიონს ნაკრებში 10 მორაგბე ყავს დელეგირებული. ‘არმიას’ 4 წამყვანი მოთამაშის გარეშე უწევს თამაში. ‘ბათუმმა’, ‘აიამ’ და ‘ყოჩებმა’ კი ხსენებული მიზეზის გამო 2-2 მორაგბე მოისაკლისეს.

მეექვსე ტურში, ‘ლელოს’ სეზონში პირველი მარცხი ლიდერის პოზიციის დაკარგვის ფასად დაუჯდა. ჩემპიონის მძლეველი ‘ბათუმი’ 28 ქულით გალიდერდა და დიდ დიღმელებს 2 ქულით გადაასწრო. ისიც აღსანიშნავია, რომ აჭარლები მონაწილეთა შორის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად რჩებიან. მართალია, ‘აია’ მესამე პოზიციაზე რჩება, თუმცა რიონისპირელებმა ‘ლელოსთან’ ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და პირველი წრის დასკვნით ტურში საყოველთაო ინტერესს ქუთაისში, ‘აიასა’ და ‘ლელოს’ დაპირისპირება იწვევს.

სეზონში მე-4 გამარჯვებამ და 19 საცხრილო ქულამ ‘არმიას’ მეოთხე პოზიცია გაუმყარა. 9 ქულით ‘აკადემია მეხუთე ადგილზე დარჩა და „მხატვრები“ 2 ქვემო ქართლურ მდევარს (‘ხარები’, ‘ყოჩები’) 3 ქულით უსწრებენ. აუტსაიდერი და  უქულოდ მყოფი ‘აია’-1 კი პირველობაზე ჯერჯერობით სამატჩო ქულების აღებასაც კი ვერ ახერხებს.

‘ლელო’-ბათუმის’ ტურის გამორჩეული შეხვედრა მესამე მასივში გაიმართა. მატჩი მაღალ ტემპში წარიმართა და უაღრესად დაძაბული გამოდგა. მეტოქენი თავს არ ზოგავდნენ, თუმცა გადამეტებულმა მონდომებამ ორივე გუნდის მხრიდან უხვი ტექნიკური წუნი გამოიწვია, რაც შეხვედრას განსაკუთრებით მეორე ტაიმში დაეტყო.

მატჩის დებიუტში აჭარლები მღლეტელ თამაზ დუმბაძის დადებული ლელოთი დაწინაურდნენ, რომელიც სტუმართა მგეზავმა გიორგი ბერაძემ გარდასახა. ამის შემდეგ კი გუნდებმა გატანილი ჯარიმები გაცვალეს. ჯერ ‘ლელოს’ პირველი სამატჩო ქულები მგეზავმა ამირან ბიწკინაშვილმა მოუტანა, რასაც გიორგი ბერაძის გატანილი ჯარიმა მოჰყვა. ტაიმის მიწურულს ‘ლელომ’ იძალა და მარქაფადან ჩართული ფრთის უჩა გაბათაშვილის დადებული ლელოთი ანგარიში გაათანაბრა. ბიწკინაშვილმა გარდასახვა ზუსტად შეასრულა.

მეორე ტაიმის დებიუტში გიორგი ბერაძის ჯარიმით ‘ბათუმი’ კვლავ დაწინაურდა. დარჩენილ დროში ‘ლელო’ აქტიურობდა, უპირატესობასაც ფლობდა, თუმცა ზემოთ აღნიშნულმა ტექნიკურმა წუნმა ზურა ხორბალაძის მეორე შემადგენლობას პოზიტიური შედეგის დაფიქსირების შესაძლებლობა არ მისცა. თავის მხრივ აჭარლებმაც რამდენიმე მწვავე კონტრშეტევა განახორციელეს, თუმცა სამატჩო ქულათა მონაგარის გაზრდა მათაც ვერ შეძლეს. დრამატული შეხვედრა ‘ბათუმმა“ – 13:10 მოიგო.

„აია არენაზე“, ‘აია’-1-ისა და ‘აიას’ შეხვედრა უთანასწორო გამოდგა. პირველობისთვის აშკარად მოუმზადებელმა რიონისპირელთა მეორე გუნდმა ფავორიტს წინააღმდეგობა ვერ გაუწია, 13 უპასუხო ლელო მიიღო და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით – 81:0 დათმო. ‘აიას’ რიგებში „ჰეთ-თრიკით“ კაპიტანი და კვაჭი თემურ ჯანგავაძე გამოირჩა. მარქაფადან ჩართულმა ჰავბეკმა ლუკა ბუხრაშვილმა „დუბლი“ შეასრულა, მგეზავმა ბაჩო ძოძუაშვილმა კი 8 გარდასახვა გამოიყენა.

„ხარები არენაზე“, ‘ხარები’-‘ყოჩების’ რეგიონული დერბის პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა. ბოლნისელთა მგეზავ ლუკა კორძახიას გატანილ წყვილ ჯარიმას, ‘ხარების’ მარბიელმა ცოტნე ჭანტურიამ გარდაუსახავი ლელოთი უპასუხა და შესვენებაზე ‘ყოჩები’ 1-ქულიანი უპირატესობით წავიდნენ.

მეორე ნახევარში „ყოჩთა“ უპირატესობა გამოიკვეთა, რაც ფრთა გიორგი წამალაშვილისა და მარბიელების: ბექა ჯინჭველაძის და თემო ცხოვრებაძის გატანილ ლელოებში აისახა. ‘ხარები’ ბოლომდე იბრძოდა და მატჩის მიწურულს შუამარბმა დავით მაკოევმა ლელოც გაიტანა, რომელსაც შეხვედრის საერთო ანგარიშზე დიდი გავლენა არ მოუხდენია. ‘ყოჩებმა’ მატჩი 25:12 მოიგო, ცხრილში ‘ხარებს’ გაუტოლდა და უკეთესი პირისპირ ბალანსის გამო პლეი ოფის ზონაში, მე-6 ადგილზე აინაცვლა.

ტურის დასკვნითი შეხვედრა „რაგბი ჭალაში“ გაიმართა. მატჩის ნომინალური მასპინძელი ‘არმია’ დედაქალაქურ დერბიში ‘აკადემიას’ დაუპირისპირდა. შესუსტებული შემადგენლობის ყოლის მიუხედავად ‘არმია’ სრულ უპირატესობას ფლობდა, რაც გია ჯავახიშვილის შეგირდებმა 4 გატანილ ლელოსა და პრემიალური ქულით გამარჯვებაში ასახეს.

„არმიელთა“ შუამარბი ნიკოლოზ იარაჯული „დუბლით“ გამოირჩა. მასპინძელთა მხრიდან ლელო მარბიელმა გიორგი მიშელაძემ და ფულბეკმა რაულ ჩორგოლაშვილმაც გაიტანეს. ჩორგოლაშვილმა 3 გარდასახვა გამოიყენა, 2 ჯარიმაც გაიტანა და 15 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. შეხვედრის მიწურულს „მხატვართა“ ბურჯმა გიორგი კორძაძემ კი მხოლოდ პრესტიჟის ლელოს გატანა მოახერხა – 34:8.