ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ლიდერთა სამეულმა ბონუსით მოიგო

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მესამე ტური გასული სეზონის ჩემპიონ-პრიზიორთა დომინირებით გამოირჩა. სატურნირო ცხრილის სათავეში მაქსიმალური შედეგით, 15 ქულით ‘ლელო’ და ‘ბათუმი’-1 რჩებიან. ლიდერთა დუეტს 1 ქულით ქუთაისის ‘აია’ ჩამორჩება. პირველი გამარჯვებით ‘არმიამ’ მეხუთე პოზიცია გაიმყარა და მეოთხე ადგილზე მყოფ ‘აკადემიასთან ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა.

‘ყოჩები’, ‘ხარები’ და ‘აია’-1 კი პირველობას მოუგებლად აგრძელებენ.  ერთადერთი ნუგეშ-ქულის მქონე ‘ყოჩები’ მეექვსე ადგილზე განათავსდნენ, ხარებსა’ და ‘აია’-1-ს კი ჯერჯერობით საცხრილო ქულა არ მოუპოვებიათ. განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში რიონისპირელთა მეორე გუნდი იმყოფება, რომელსაც ჯერ სამატჩო ქულაც კი არ აუღია, მეტოქეებს კი ჯამში 257 ქულის დაგროვების შესაძლებლობა მისცა.

მოქმედი ჩემპიონი ‘ლელო’ რუსთავში ‘ხარებს’, „ხარები არენაზე“ ესტუმრა. ქვემო ქართლელებმა სათანადო წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლეს და ფრთა გიორგი სვანიძის პირველ ტაიმში გატანილ კინკილა ჯარიმას დაჯერდნენ. ჩემპიონი მასპინძლებს თამაშის ყველა კომპონენტში მკვეთრად აღემატებოდა, რაზეც ზურა ხორბალაძის შეგირდთა დადებული 12 უპასუხო ლელოც ნათლად მეტყველებს.

‘ლელოს’ წარმატებას სათავე ჰავბეკმა გიორგი სპანდერაშვილმა დაუდო, ვინაც 8 გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. მარბიელმა მიშო შიოშვილმა „დუბლი“ გაიფორმა, ხოლო ‘ხარების’ სოლიდური სხვაობით მარცხს წერტილი მარქაფადან ჩართული შუამარბის იოანე ბასილაიას გატანილმა ლელომ დაუსვა-76:3.

„რაგბი პლატოზე“, ‘აკადემია’ ‘ბათუმი’ 1-ს დაუხვდა. აჭარლები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და საქმე პრაქტიკულად პირველივე ტაიმში 7 გატანილი ლელოთი მოამთავრეს. აღსანიშნავია, რომ „მხატვრები“ მეტოქის ნახევარზე მატჩის განმავლობაში სულ 3-ჯერ გადავიდნენ და სამივე შეტევა გატანილი ლელოებით დააგვირგვინეს.

‘ბათუმმა’ თავის მხრივ ჯამში 12 ლელო გაიტანა და მატჩი-78:17  მოიგო. აჭარელთა წარმატებას სათავე ფრთა მათე თავდგირიძის ლელომ დაუდო, წერტილი კი მატჩის გამორჩეული მოთამაშის, სტუმართა კვაჭისა და კაპიტნის გიორგი ირემაძის ლელომ დაუსვა. ბათუმელთა მეორე ფრთა ნიკოლოზ სირაძე კი შესრულებული „ჰეთ-თრიკით“ გამოირჩა.

ბოლნისის ‘ყოჩებისა’-და ქუთაისის ‘აიას’ შეხვედრასაც „რაგბი პლატომ“ უმასპინძლა. ქვემო ქართლელებმა ფავორიტს მედგარი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველი ტაიმში გაუწიეს. ‘ყოჩთა’ კვაჭმა ოთარ გალდავამ გარდაუსახავი ლელოთი ერთი ხანობა ანგარიშში ჩამორჩენა 2-ქულამდე შეამცირა.

რიონისპირელები, დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად აქცენტს ტრადიციულად სტატიკაზე აკეთებდნენ და 6 გატანილი ლელოთა დიდი ნაწილი სწორედ მორკინალთა ნაყოფიერი თამაშის შედეგია. ‘აიას’ წარმატებას სათავე კვაჭ ილია ჯანგავაძის ლელომ დაუდო, ომარ ჯანგავაძემ კი მინი-ბენეფისი მოწყო. სტუმართა მარბიელმა „ჰეთ-თრიკი“ შეასრულა და თანაგუნდელთა დამაჯერებელი გამარჯვებაც ბოლო წუთებზე მისმა დადებულმა ლელომ დააფიქსირა-38:5.

„ავჭალა არენაზე“ უთანასწორო ბრძოლაში ‘არმიამ’ რიონისპირელთა მეორე გუნდი, ‘აია’-1 სამნიშნა ციფრით გაანადგურა-105:0.  უმცროს ჭაბუკთა გუნდიდან ანაცვლებულმა ფრთა საბა ნატროშვილმა „პენტა თრიკი“ /5 ლელო/ გაახერხა და 4 გარდასახვაც გამოიყენა. „არმიელთა“ მეორე ფრთისა და კაპიტნის სანდრო მესხიძის ანგარიშსზე კი „პოკერი“ (4 ლელო) და 6 ზუსტად შესრულებული გარდასახვაა.