ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ლიდერთა დუეტმა იოლად მოიგო

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის „ოქროს“ ჯგუფის მეოთხე ტურში ლიდერთა დუეტმა სოლიდური სხვაობით მოიგო და პირველობაზე ორხელისუფლებიანობაც შენარჩუნდა. ‘ლელომ’ და ‘ბათუმი’-1-მა მაქსიმალურ 20-20 ქულას მოუყარეს თავი. ჩემპიონი ‘ლელო’ ბურთების საერთო უკეთესი სხვაობის ქონის გამო ცხრილის პირველ საფეხურს ინარჩუნებს. ლიდერებს 1 ქულით ქუთაისის ‘აია’ ჩამორჩება. მომდევნო ტურში განსაკუთრებულ ინტერესს აჭარის დედაქალაქში ‘ბათუმისა’ და ‘აიას’ შეხვედრა იწვევს.

მოწინავე სამეულს 10 ქულით კვალში ‘არმია’ ჩაუდგა. ‘აკადემიამ’ 9 ქულით მეხუთე პოზიციაზე ჩაინაცვლა. მოუგებლად მყოფ ‘ყოჩებსა’ და ‘ხარებს’ აქტივში მხოლოდ თითო ნუგეშ-ქულა აქვთ. უქულოდ მყოფი აუტსაიდერი ‘აია’-1 კი პირველობას კვლავაც სამატჩო ქულების გარეშე აგრძელებს. რიონისპირელთა მეორე გუნდმა ოთხივე შეხვედრა „მშრალი“ ანგარიშით დათმო.

‘ლელომ’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ თავის უხნეს სარაგბო არენაზე, მესამე მასივში უმასპინძლა. მართალია, ქვემო ქართლელები მატჩის დებიუტში მგეზავ ლუკა კორძახიას ჯარიმით დაწინაურდნენ და ლელოს გატანა ორივე ტაიმში მოახერხეს, თუმცა ‘ყოჩებმა’ ფავორიტს ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს.

‘ლელო’ შეხვედრას სრულად აკონტროლებდა. ზურა ხორბალაძის შეგირდები ლაღად, სისწრაფეზე მოქმედებდნენ და უმეტესად კომბინაციურ სტილში 9 ლელო გაიტანეს. პირველ ტაიმში ‘ლელოს’ ფრთა უჩა გაბათაშვილმა წყვილი ლელო გაიტანა და თან 5-ივე გარდასახვაც გამოიყენა. მეორე ნახევარში მარქაფადან ჩართულმა კვაჭმა დავით არჩვაძემ ასევე „დუბლი“ შეასრულა და სწორედ მისმა დადებულმა მეორე ლელომ ჩემპიონის დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა – 63:17.

მსგავსი სცენარით წარიმართა ქუთაისში, ‘აიასა’ და ‘აკადემიას’ შეხვედრა. „მხატვრები“ ბევრს ეცადნენ, რამდენიმე მწვავე კონტრშეტევა განახორციელეს, ლელო ორივე ტაიმში გაიტანეს, თუმცა ფავორიტთან ვერაფერს გახდნენ.

‘აია’ უპირატესობას მატჩის პირველივე წუთებიდან ფლობდა და ‘აკადემიას’ პირველი ნახევარი 6 გატანილი ლელოთი, 28 ქულის სხვაობით მოუგო. მეორე ტაიმმაც რიონისპირელთა იერიშებში ჩაიარა. მასპინძლებმა დადებულ ლელოთა საერთო მონაგარი 11-მდე გაზარდეს და შეხვედრაც დაგეგმილი ბონუსით – 69:15 მოიგეს. ‘აიას’ ბურჯმა ბაჩუკი ბარათაშვილმა, კვაჭმა ილია ჯანგავაძემ და ფულბეკმა გიორგი ბარდალიანმა „დუბლი“ გაიფორმეს. ბარდალიანმა 7 გარდასახვაც ზუსტად შეასრულა. რიონისპირელთა დამაჯერებელი გამარჯვება კი მარქაფადან ჩართული ფრთის ლუკა ბეხოშვილის ბოლო წუთებზე დადებულმა ლელომ დააფიქსირა.

ქუთაისში, ‘აია’-1-სა და ‘ბათუმი’-1-ის შეხვედრამ სტუმართა განუზომელი უპირატესობით ჩაიარა. აჭარლებმა პირველობის აუტსაიდერს 14 უპასუხო ლელო დაუდეს და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით – 90:0 მოიგეს. ფრთა ნიკოლოზ სირაძემ და მარბიელმა თამაზ დუმბაძემ „ჰეთ-თრიკი“ შეასრულეს. ბათუმელთა კაპიტანმა და კვაჭმა გიორგი ირემაძემ კი პირად აქტივს „დუბლი“ შემატა.

ყველაზე საინტერესო ტურის დასკვნითი შეხვედრა გამოდგა. „რაგბი ჭალაში“, ‘არმიამ’ რუსთავის ‘ხარებს’ უმასპინძლა. მართალია, მეტოქეებმა 3-3 ლელო გაიტანეს, თუმცა „არმიელები“ უკეთ გამოიყურებოდნენ, რამაც მასპინძლებს მთელი შეხვედრა ანგარიშში ლიდერობა არგუნა.

„არმიელთა“ მხრიდან გატანილი ლელოთი თავი შუამარბმა რაულ ჩორგოლაშვილმა, მგეზავმა გიორგი მიშელაძემ და მარქაფადან ჩართულმა კვაჭმა ბუკა ქუმელაშვილმა გამოიჩინეს. ‘ხარები’ ბოლომდე იბრძოდა და მატჩის მიწურულს შეცვლაზე შესული მგეზავის დათო მაკოევის დადებული ლელოთი, რომელიც ფულბეკმა გიორგი სვანიძემ გარდასახა,  რითაც ქვემო ქართლელებმა სეზონში პირველი საცხრილო ქულა აიღეს. ‘არმიამ’ კი მიჯრით მეორე გამარჯვება მოიპოვა – 25:19.