რეგიონული ლიგა | ჯგუფებში ორხელისუფლებიანობა სუფევს

რეგიონული ლიგის დასავლეთის ჯგუფს 2 ტურის შემდეგ 9-9 ქულით სათავეში ფოთის ‘კოლხი რაინდები’ და ვანია ‘აიეტი’ უდგანან. სამტრდიას ‘ფენიქსმა’ 6 ქულას მოუყარა თავი და მესამე ადგილზე დამკვიდრდა. ჩოხატაურის ‘ჯანი’ კი 4 ქულით მეოთხე პოზიციას იკავებს. ბათუმის ‘მეკობრები’ 1 ნუგეშ-ქულის ამარა იმყოფება, უქულოდ მყოფი ზუგდიდის რაგბის სკოლა კი ჯერჯერობით ჯგუფის აუტსაიდერია.

დასავლეთ ჯგუფის მეორე ტური სამტრედიაში, ‘ფენიქსისა’ და ბათუმის ‘მეკობრეების’ შეხვედრით დაიწყო. იმერლები სტატიკაში უპირატესობას ფლობდნენ, დაცვაში საიმედოდ მოქმედებდნენ და 3 უპასუხო ლელოს წყალობით, პირველი გამარჯვება „მშრალი“ ანგარიშითა და პრემიალური ქულის თანხლებით გაიფორმეს-17:0. ‘ფენიქსის’ მარბიელმა გიზო ბენიძემ ლელო  ორივე ტაიმში გაიტანა, რომელთა შუა ლელოს დადება სამტრედიელთა შუამარბმა ნიკა ფანჩულიძემაც მოახერხა.

ზუგდიდში, ადგილობრივი რაგბის კლუბი ვანის ‘აიეტთან’ შეხვედრაში მარბიელ ანდრო არჩიაიას გატანილ ეულ ლელოს დაჯერდა. იმერლები მთელი შეხვედრა დომინირებდნენ და მეგრელებს პირველ ტაიმში 4 ლელო დაუდეს. მთლიანობაში ‘აიეტმა’ 6 ლელო მიითვალა. უნარიანი და შედეგიანი თამაშით ვანელთა შორის ფულბეკი გიორგი აბრამიძე გამოირჩა, ვინაც გატანილ ლელოს, 3 გარდასახვაც დაურთო. ‘აიეტის’ დამაჯერებელ გამარჯვებას წერტილი შუამარბ ბექა აბრამალაძის ლელომ დაუსვა-36:7.

ტურის დასკვნითი შეხვედრა ფოთში, „პარკი არენაზე“ გაიმართა. ადგილობრივი ‘კოლხი რაინდებისა’ და ჩოხატაურის ‘ჯანს’ შორის გამარჯვებული პლეი ოფში გამსვლელ ადგილზე მკვიდრდებოდა. კოლხები უპირატესობას ფლობდნენ და 3 ლელოს გატანაც მოახერხეს/ მღლეტელი გიორგი ტიკარაძე და მარქაფადან ჩართულნი: ბურჯი ნიკოლოზ ფაცია და ფრთა ბესო ბერაია/. გურულები ბოლომდე იბრძოდნენ და მატჩის მიწურულს მხტომელ ზურა მგალობლიშვილის გატანილი პრესტიჟის ლელოთი ფოთელებს პრემიალური ქულა არ ააღებინეს-20:5.

რეგიონული ლიგის აღმოსავლეთ ჯგუფში დამაჯერებელ ლიდერობას ‘რუსთავი’ და ‘წიქარა’ აგრძელებენ. ორივე გუნდმა 4 ტურის თავს მაქსიმალურ, 20 ქულას მოუყარა თავი. ‘ბორჯომს’ ცხრილში ‘სოხუმი’ გაუტოლდა და 14-14 ქულით მეტოქენი მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ. ზედა ხუთეულის მიჯნაზე მყოფი ‘პატარძეულისა’ და ‘ლაშარის’ აქტივში კი 10-10 ქულაა. შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთში პლეი ოფის საგზურებისთვის ბრძოლას პირველი ეტაპის შემდეგ მოწინავე კვინტეტი განაგრძობს.

აღმოსავლეთ ჯგუფის ლიდერებმა ‘რუსთავმა’ და ‘წიქარამ’ იოლ გამარჯვებებს მიაღწიეს. „ხვამლი არენაზე“, წიქარამ’ ‘გარდასახვას’ 14 უპასუხო ლელო დაუდო და მატჩი „მშრალი“ ანგარიშით-88:0 მოიგო.  5 გატანილი ლელოთი ‘წიქარას’ ფრთა ლუკა ბურდული გამოირჩა. ფულბეკმა ნიკოლოზ ნოქარაშვილმა კი შესრულებულ „ჰეთ-თრიკს“, 8 ზუსტად შესრულებული გარდასახვაც დაურთო.

„ხარები არენაზე“, ‘რუსთავი’-‘პატარძეულის’ შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა. გარე კახელებმა 3 ლელოს გატანა მოახერხეს, თუმცა სოლიდური სხვაობით მარცხს ვერ გადაურჩნენ. ქვემო ქართლელებმა სტატიკაში მოპოვებული უპირატესობის ხარჯზე მეტოქეს ტაიმებში 4-4 ლელო გაუნაწილეს და მატჩი პრემიალური ქულით-52:19  მოიგეს. მასპინძელთა წარმატებას სათავე ფრთა ფრიდონ კილაძის ლელომ დაუდო. კილაძე მატჩის ერთადერთი „დუბლის“ ავტორიც გახდა. ‘პატარძეულის’ მარცხს წერტილი მარქაფადან ჩართული შუამარბის გიორგი ძნელაძის გატანილმა ლელომ დაუსვა.

მოულოდნელი შედეგით დასრულდა „რაგბი პლატოზე“ ‘ბორჯომი’-თელავის ‘ჭადარის’ შეხვედრა. ლიდერთა შორის მყოფ თორელებს კახელებმა 2-ჯერ მეტი, 6 ლელო დაუდეს და მატჩი პრემიალური ქულით-38:19  მოიგეს. ‘ჭადარის’ შუამარბებმა: ლუკა ნაყეურმა და თორნიკე კევლიშვილმა „დუბლი“ შეასრულეს.  ბონუსის მომტანი ლელო „გაწითლებულ“ დროზე ლუკა ნაყეურმა გაიტანა, ვინაც საკუთარი 22-იანიდან სისწრაფეზე წაღებული ოვალი ეფექტური ლელოთი თავადვე დააგვირგვინა.

ვაზისუბანში, ‘ივერიელს’ ‘სოხუმმა’ 14 უპასუხო ლელო დაუდო და პირველობის ერთ-ერთი აუტსაიდერი „მშრალი“ ანგარიშით-89:0  დაამარცხა. სოხუმელთა რიგებში მგეზავი გიორგი მიმინოშვილი გამოირჩა. მიმინოშვილმა ჯერ ჯარიმით პირველი სამატჩო ქულები აიღო, რასაც შემდგომში გატალი ლელო და 6 გარდასახვაც მიაყოლა.

„ხვამლი არენაზე“, ტურის დასკვნით შეხვედრაში ‘ლაშარმა’ მეტოქე ‘არაგველები’ მგეზავ თოკო მეგრელიშვილის გატანილ 3 ჯარიმას დააჯერა, საკუთრივ კი 3 დადებული ლელოთი მატჩი ბონუსით-20:9  მოიგო. ‘ლაშარის’ შუამარბმა სანდრო კაპანაძემ „დუბლი“ შეასრულა, პრემიალური ქულის მომტანი ლელო კი ფრთა დათა კალანდაძის ანგარიშსზეა. ‘ლაშარმა’ მიჯრით მეორე შეხვედრა მოიგო ბონუსით და აუტსაიდერთა რიგებიდან ზედა ხუთეულის ბინადრებს შეუერთდა.