პირველი ლიგა | ‘დინოზავრი’ ერთპიროვნულად გალიდერდა

პირველი ლიგაში, 3 ტურის თავს ცხრილის სათავეში, 14 ქულით წყალტუბოს ‘დინოზავრი’ მოექცა. მართალია, იმერელთა მსგავსად ‘ტაომაც’ პირველობის სამივე შეხვედრა მოიგო, თუმცა მესხებს ლიგის დებიუტანტზე 1-ით ნაკლები პრემიალური ქულა აქვთ აღებული. ‘გორს’, ‘არმია’ გაუტოლდა და გუნდები 9-9 ქულით მესამე-მეოთხე პოზიციებს ინაწილებენ. მოწინავე კვარტეტს კვალში 8 ქულით ‘იუნკერები’ უდგას.

‘არმაზი’ და ‘ვეფხვები’, შესაბამისად 7 და 5 ქულით ცხრილის შუაწელს განთავსდნენ. მოუგებლად მყოფი ‘ლოკომოტივისა’ და ‘მათეს’ აქტივში 4 და 3 ქულაა. ცხრილის ბოლო ადგილს კი ჯერჯერობით უქულოდ მყოფი ‘ბაგრატი’ იკავებს.

ტურის გამორჩეული შეხვედრა გორში გაიმართა. ჭალის დასახლებაში, ლიდერთა შორის დაუმარცხებლად მყოფნი ‘გორი’ და სამცხე-ჯავახეთის ‘ტაო’ შეიყარენ. მართალია, მატჩის დებიუტში მესხები კვაჭ თამაზ კილაძის გარდაუსახავი ლელოთი დაწინაურდნენ, თუმცა პირველი ტაიმის მიწურულამდე უპირატესობას შიდა ქართლელები ფლობდნენ, რაც გორელებმა ფრთა დავით თვარაძისა და მარბიელ ეპელი ბოკადის გატანილ ლელოებში ასახეს. მასპინძელთა მგეზავმა გოდერძი ჭინჭარაულმა 1 გარდასახვა გამოიყენა, რასაც 2 გატანილი ჯარიმაც დაურთო და შესვენებაზე ‘გორი’ 13-ქულიანი უპირატესობით წავიდა.

მეორე ტაიმში ‘ტაო’ გააქტიურდა. გორელებს მესხების შეჩერება უმეტესად წესის დარღვევის ფასად უხდებოდათ, რაც მასპინძლებს ძვირად დაუჯდათ. გორელებმა მეორე ტაიმში 2 სინბინთან ერთად, წითელი ბარათიც მიიღეს, რამაც მესხებს შეხვედრის შემოტრიალება გაუიოლა. ‘ტაომ’ რიცხობრივი უპირატესობა კარგად გამოიყენა და თან მასპინძლებს სამატჩო ქულათა მონაგარი „გაუყინა“. მესხების მღლეტელმა დავით მაჭარაშვილმა და ჰავბეკმა გიგა ცაგურიამ 2 ლელო გაიტანეს. სტუმართა მგეზავ რეზი ბროძელს 1 გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა სწორედ ბროძელის გატანილმა ჯარიმამ მესხებს მიჯრით მესამე მოგება გაუფორმა, ‘გორი’ კი ნუგეშ-ქულის ამარა დატოვა – 20:18.

„ავჭალა არენაზე“, თეთრი წყაროს ‘იუნკერებისა’ და წყალტუბოს ‘დინოზავრის’ შეხვედრაში ქომაგმა შემტევი და შედეგიანი რაგბი იხილა. საწყის 25 წუთში იმერელთა დომინაცია 4 დადებულ ლელოსა და 33 აღებულ უპასუხო სამატჩო ქულაში აისახა. გარისელები არ შედრკნენ და ტაიმის მიწურულამდე გატანილი 3 გარდასახული ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 12 ქულამდე შეამცირეს.

მეორე ტაიმი კი სრულად ‘დინოზავრის’ კარნახით წარიმართა. ზაზა ჩირგაძის ბიჭებმა ლელოთა საერთო მონაგარი 10-მდე გაზარდეს და მატჩი დამაჯერებლად – 66:28 მოიგეს. შეხვედრის გამორჩეული მოთამაშე სტუმართა ფრთა ლუკა ბრეგაძე გახლდათ, ვინაც ‘იუნკერებს’ ტაიმებში 2-2 ლელო დაუდო და მატჩი „პოკერის“ თანხლებით ჩაამთავრა.

მოედნის დაზიანებული საფარის გამო, პატარძეულის ‘ვეფხვებმა’ მარნეულის ‘არმაზს’ მეზობლად, რუსთავის „ხარები არენაზე“ უმასპინძლეს. მატჩი პირველივე წუთებიდან დაძაბულ და ზედმეტად ემოციურ გარემოში წარიმართა. გამარჯვების დაუოკებელმა ჟინმა და მეტისმეტმა მონდომებამ მეტოქეებს ცუდი სამსახური გაუწია. უამრავმა თერნოვერმა და უნებლიე შეცდომათა სიუხვემ შეხვედრის სანახაობრივი მხარე დააკნინა.

პირველ ნახევარში უკეთ გარე კახელები გამოიყურებოდნენ. შუამარბ ბექა სამსიანისა და ფულბეკ საბა ცხვარიაშვილის გარდასაუსახავი ლელოებით ‘ვეფხვები’ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით წავიდა. მეორე ტაიმის შუაწელს ‘არმაზმა’ მღლეტელ რობერტ სავოიანის გარდაუსახავი ლელოთი ანგარიშში ჩამორჩენა 5-ქულამდე შეამცირა, თუმცა დარჩენილ დროში გუნდების ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა და ტექნიკურმა წუნმა ანგარიში უცვლელი დატოვა. ‘ვეფხვებმა’ 10:5 მოიგო, ქვემო ქართლელები კი მიჯრით მეორე ნუგეშ-ქულას დაჯერდნენ.

„აია არენაზე“, ქუთაისის ‘ბაგრატმა’ ‘არმიას’ დიდი ბრძოლა გაუმართა. პირველი ტაიმის შუაწელს მხტომელ ამირან ჩიტეიშვილის ლელოთი რიონისპირელები ანგარიშში 3 ქულით დაწინაურდნენ, რის შემდგომ უპირატესობას ‘არმია’ დაეუფლა და მასპინძლებს ტაიმებში 3-3 ლელო დაუდო.

უნარიანად ირჯებოდა „არმიელთა“ აფრიკელი მგეზავი მერლს პიტერსი, ვინაც გატანილ ლელოს, 4 გარდასახვაც დაურთო. მატჩის გამორჩეული მოთამაშე კი სტუმართა ფულბეკი საბა ილურიძე გახლდათ. ილურიძემ „პოკერი“ შეასრულა და შეხვედრის მიწურულს მისმა გატანილმა წყვილმა ლელომ ‘არმიას’ მატჩი პრემიალური ქულით მოაგებინა – 40:17.

ჭიათურაში, ადგილობრივი ‘მათესა’ და ‘ლოკომოტივის’ შეხვედრამ სარაგბო „თრილერის“ ხასიათი მიიღო. იმის მიუხედავად, რომ „რკინიგზელებმა“ მასპინძლებზე 4-ით მეტი, 7 ლელო გაიტანეს, პირველი ნახევარი 13 ქულის სხვაობით მოიგეს, ქვეყნის 10-გზის ჩემპიონმა მარცხს თავი მატჩის ბოლო წუთზე დააღწია. შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე ‘მათეს’ ფიჯელმა ფულბეკმა როკოდინონომ საკუთარ ნახევარზე გაჭრილი ხაზითა და სისწრაფეზე გატანილი ლელოთი საკუთარ გუნდს 5 ქულიანი უპირატესობა მოუტანა. „რკინიგზელთა“ პრაქტიკულად ბოლო მიძალება კი ალამთან ლელოთი გამოცდილმა შუამარბმა ვახტანგ კავთიძემ დააბოლოვა. ‘ლოკომოტივს’ მახვილი კუთხიდან გარდასახვა გაუცუდდა და ლიგაშიც პირველი ფრე დაფიქსირდა – 39:39.