დიდი 10 | ხვამლი 38:13 არწივები

თბილისის ‘ხვამლმა’ ოზურგეთის ‘არწივებს’ შეცდომები არ აპატია, 5 ლელო გაუტანა და ბონუს-ქულით – 38:13 დაამარცხა.

„ხვამლი არენაზე“ შეკრებილმა მაყურებელმა ეპიზოდურად სანახაობრივი რაგბი, ოფლოუდები და ჯამში 7 ლამაზი ლელო იხილა.

მასპინძლებმა საწყის წუთებში ანგარიშის გახსნა ჯარიმით განიზრახეს, მაგრამ სადგამი ვერ იპოვეს, არეკნი კი მიზანს ასცდა. სამაგიეროდ მე-12 წუთზე ბახვა კობახიძემ არ გაუშვა საკუთარი შესაძლებლობა ხელიდან და ჯარიმით სტუმრები დააწინაურა, მაგრამ ამას მასპინძელთა აფეთქება და 17 უპასუხო ქულა მოყვა.

მუხიანელებს ჯერ მეორე ჯარიმა გაუცუდდათ. თამაში რომ განახლდა ლისალა ნასეგე თავისი ნახევრიდან დაიძრა, დაცვის ხაზი მარტომ გაარღვია და 70-მეტრიანი რეიდი ინდივიდუალური ლელოთი დაასრულა. 26-ე წუთზე ბაჩანა ბაიხოიძემ საკუთარი 5-მეტრიანიდან წამოიწყო შეტევა, ბურთი ჯერ ფრიდონ წიკლაურთან, მერე გიორგი კვაბზირიძესთან გაითამაშა, ორივეჯერ სწრაფად დაბრუნდა თამაშში და ლამაზი ლელო გაიტანა. ნიკა ცინცაძემ ორივე გარდასახა, მათ შორის კი ჯარიმაც გაიტანა – 17:3.

პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძლებს რამდენჯერმე შეეძლოთ უპირატესობის გაზრდა, მაგრამ ანგარიში უცვლელი დარჩა. მეორე ტაიმი სტუმართა შეტევებით დაიწყო, თუმცა ლელოები კვლავ მასპინძლებმა გაიტანეს. 51-ე წუთზე საბა არაგველმა ბოჭვისას მეტოქეს ბურთი დააგდებინა, მას ორჯერ წაკრა ფეხი და მეტოქის ლელოში დაამიწა.

მერე ზაურ ლუტიძის ჯერი დადგა. ტაიმის შუაში მან ლელოთი ‘ხვამლის’ მორიგი კონტრშეტევა დააგვირგვინა, ორიოდე წუთში კი დერეფნის შემდეგ გიორგი ჯობავასთან გაითამაშა კარგი კომბინაცია და ძელებსშუა მაღალ სიჩქარეში შევიდა. ცინცაძე გარდასახვებიდან ზუსტი იყო.

შეხვედრის მიწურულს შეტევაში თამაში ‘არწივებმაც’ დაალაგა და თავის წილ ორი ლამაზი ლელო გაიტანა. 67-ე წუთზე ოზურგეთელთა უკანა ხაზმა ერთი ამოსუნთქვით, ოფლოუდებით შეუტია. იერიშში ფაქტობრივად მთელმა უკანა ხაზმა მიიღო მონაწილეობა, ლელო კი აიდინ ჯოზეფმა მიითვალა. ბოლო წუთზე ‘არწივების’ ლეგიონერმა ჯაბულანი მკულვანიმ გაჭრა სუფთად ხაზი, ბოლო მცველს გაექცა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 38:13 ‘ხვამლის’ სასარგებლოდ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ბაჩანა ბაიოხიძე გახდა. ამ მოგების შემდეგ ‘ხვამლს’ 15 ქულა გაუხდა და სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მესამე ადგილზეა. დებიუტანტი ‘არწივები’ 5 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციას იკავებს.