დიდი 10 | ხვამლი 33:29 ყაზბეგი

დასკვნით წუთებში 13 კაცის ამარა დარჩენილმა თბილისის ‘ხვამლმა’, სტეფანწმინდის ‘ყაზბეგის’ გადამწყვეტი იერიში მოიგერია და დაძაბული მატჩში 33:29 გაიმარჯვა.

პირველ ორ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, მუხიანელებმა მიჯრით მეოთხე თამაში მოიგეს, 19 ქულა დააგროვეს და ხვალამდე სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ. ‘ყაზბეგმა’ ექვსიდან მხოლოდ ორი შეხვედრა მოიგო, 11 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა.

გუნდებმა თამაში აქტიურად დაიწყეს განსაკუთრებით მონდომებულები კვაჭები – საბა კურტანიძე და გელა მახარაშვილი იყვნენ. 24-ე წუთამდე მათ უკვე ორ-ორი ლელო ჰქონდათ გატანილი. ანგარიში ნიკა ცინცაძის ჯარიმით ‘ხვამლმა’ გახსნა, მე -11 წუთზე კი მან კონტრშეტევა წამოიწყო და კარგად იარა, რასაც კურტანიძის პირველი ლელო მოყვა – 8:0. საპასუხოდ ‘ყაზბეგს’ ჯერ ჯარიმა გაუცუდდა, მე-17 წუთზე კი ფრთაზე ნიკა ბაგაშვილი გაიჭრა და კარგად იარა, მერე ბურთი საპირისპირო ფრთაზე ჩათამაშდა და მახარაშვილმა თავისი პირველი ლელო გაიტანა.

21-ე წუთზე ‘ხვამლმა’ დერეფნიდან გაითამაშა კომბინაცია, საბა კურტანიძემ მოკლე ფრთაზე შეუტია და ის ვერავინ შეაჩერა. ‘ყაზბეგმა’ მოლით და მახარაშვილის დუბლით უმასპინძლა, ამჯერად ოთარ ტალახაძის გარდასახვაც ზუსტი იყო და სხვაობა 1 ქულამდე დავიდა. 28-ე წუთზე ‘ხვამლმა’ დერეფნიდან კიდევ ერთი კარგი კომბინაცია გაითამაშა, ამჯერად გიორგი კურტანიძემ შეუტია და ცინცაძეც გარდასახვიდან ზუსტი იყო. ტაიმის ბოლოს ‘ყაზბეგი’ მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩა (ვანო ბურდული სინბინში), თუმცა ქულების აღება თავად მოახერხა – საბა ნიკოლაშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა – 20:15.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრებმა 10 წუთით უკვე ლევან გომიაშვილი დაკარგეს, თუმცა ორიოდე წუთში ბარათი ‘ხვამლის’ მეორეხაზელმა ლუკა გელაშვილმაც მიიღო, ოღონდ წითელი და მასპინძლები კაცნაკლულები მატჩის ბოლომდე დარჩნენ. ამ ფონზე ნიკა ცინცაძემ სამიდან ორი ჯარიმა გაიტანა და 55-ე წუთისთვის მასპინძლები 11 ქულით დააწინაურა.

‘ყაზბეგი’ არ გატყდა, ტაიმის შუაში ერთი-მეორეს მიყოლებით რამდენიმე შეტევის ორგანიზება შეძლო და გიორგი შუკაკიძემ ლელოთი სტუმრები თამაშში დააბრუნა, დავით მოძღვრიშვილმა კი გარდასახა. 71-ე წუთზე ‘ხვამლმა’ ჯარიმით უპირატესობის გაზრდის შანსი ხელიდან გაუშვა, თუმცა თამაში რომ განახლდა ფეხით გადაკიდებულ ბურთზე მცველებმა ვერ ითამაშეს, ის ლისალა ნასეგემ აიტაცა და ლელო გაიტანა, ბესიკ თაყნიაშვილმა კი გარდასახა.

‘ყაზბეგი’ თამაშში მორიგ ჯერზე 76-ე წუთზე დაბრუნდა. ნასეგემ ყვითელი ბარათი მიიღო და ‘ხვამლი’ მოედანზე 13 კაცის ამარა დარჩა, რამდენიმე წამში კი ვაჟა მაისურაძემ ლელო გაიტანა და მოძღვრიშვილმა გარდასახა. გამარჯვების ლელოს გასატანად სტეფანწმინდელები ბოლომდე იბრძოდნენ, თუმცა ‘ხვამლმა’ შეძლო თავის დაცვა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მოპოვება – 33:29. მატჩის საუკეთესო მოთამაშე მუხიანელთა ბურჯი ჰამლეტ დვალი გახდა.