დიდი 10 | ყოჩები 27:33 ლელო

თბილისის ‘ლელომ’ ბოლნისის ‘ყოჩებს’ დაძაბულ მატჩში 33:27 სძლია და დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის სტარტზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

‘ლელო’ ‘ბათუმთან’ ერთად დაუმარცხებელ გუნდად რჩება და სანამ ზღვისპირელები მე-4 ტურში ‘არესს’ უმასპინძლებენ (7 ოქტომბერს, 14 საათზე), 16 ქულით ერთპიროვნულ ლიდერად გვევლინება.

„რაგბი პლატოზე“ გამართული დაუმარცხებელი გუნდების ჯახი კარგი საყურებელი გამოდგა. ორივე გუნდი მაღალ ტემპში, ხელდახელ ცდილობდა შეტევას და ტრიბუნებზე მრავლად შეკრებილმა მაყურებელმა არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი იხილა.

ანგარიში ლაშა მალაღურაძემ ჯარიმით გახსნა, რაზეც ლუკა ცირეკიძემ მე-15 წუთამდე ორი ზუსტი დარტყმით უპასუხა. ნელ-ნელა თამაში ორმხრივი შეტევებით გახურდა, მე-16 წუთზე ‘ლელომ’ ოფლოუდების სერიისას შეცდომა დაუშვა, ბურთი გიორგი მოსულიშვილმა მოიხელთა და სოსო მათიაშვილს გაატანა, რომელმაც დაახლოებით 50-მეტრიანი რეიდი ნახტომში დაასრულა. მალაღურაძემ გარდასახა.

ტაიმის ბოლოს ‘ლელოს’ უპირატესობა გამოიკვეთა და მალე ის ქულებში აისახა. 24-ე წუთზე ბექა მამუკაშვილმა ბურთი თავისი 22-იდან მეტოქის 22-ში, აუტში გადაიტანა. სტუმრებმა დერეფნიდან კარგად გაშალეს ბურთი და გაგა ქევხიშვილმა ლელო მარცხენა ალამთან გაიტანა. ცირეკიძეს გარდასახვა გაუცუდდა, თუმცა 36-ე წუთზე მონაგარი ჯარიმით გაზარდა, ორიოდე წუთში კი იოანე მეტრეველზე ბოჭვა გაცუდდა და მარჯვენა ალამთან გატანილი ლელოთი პირველი ტაიმის ანგარიში დაფიქსირდა – 10:19.

მეორე ტაიმი ‘ყოჩების’ შეტევებით დაიწყო, რამაც შედეგი 56-ე წუთზე გამოიღო. მათ ხელდახელ იერიშით საკუთარი 22-იდან მეტოქის 22-მდე იარეს, იქ მალაღურაძემ შექცეული პასით ხაზი ლევან გოგოლაშვილს გააჭრევინა, რომელმაც გრძელი გადაცემით ნიკოლოზ რეხვიაშვილი მოძებნა და ლამაზი კომბინაცია ლელოთი დასრულდა, მალაურაძემ კი გარდასახვა შეასრულა.

თამაში რომ განახლდა ბილნისელები პირველი ბურთის მიღებისას შეცდნენ. ‘ლელომ’ 5-მეტრიანი შერკინებიდან შეუტია, რასაც ფორვარდების რამდენიმე დარტყმა და დავით აბდუშელიშვილის გარდასახული ლელო მოყვა. ‘ლელომ’ „ვალი“ 67-ე წუთზე დააბრუნა. მალაღურაძის 48 მეტრიდან შესრულებული ჯარიმა ძელს მოხვდა, მცველებმა უყურადღებოდ ითამაშეს და საკუთარ 5-მეტრიანთან შერკინება მიიღეს, საიდანაც ჟორა მღებრიშვილმა შეუტია და ლელო გაიტანა. მალაღურაძემ გარდასახვა კვლავ 2 ქულამდე დაიყვანა.

დასკვნით წუთებში ინიციატივას ‘ლელო’ დაეუფლა. მათ შეტევებს სინბინით ჯერ გიორგი მჭედლიშვილი შეეწირა, ხოლო 77-ე წუთზე მოლი ნიკა ბაბუნაშვილის ლელოთი დასრულდა და ცირეკიძე გარდასახვიდან არ შეცდა. მატჩის დრო უკვე ამოწურული იყო, როდესაც მალაღურაძემ ჯარიმით ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანა და საკუთარ გუნდს დამსახურებული ნუგეშ-ქულა მოუპოვა – 27:33.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა ცირეკიძე გახდა, ‘ლელომ’ კი ზედიზედ მეოთხედ შეინარჩუნა გარდამავალი, „სარბიელის სინი“. ‘ყოჩებს’ 14 ქულა აქვს და ‘ხარებთან’ მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.