დიდი 10 | ბათუმი 22:27 არესი

ქუთაისის ‘არესმა’ ბათუმში მასპინძლებს 27:22 აჯობა და დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა, მეტოქეს კი პირველი მარცხი აგემა.

როგორც წესი, ‘არესს’ დიდ 10-ში გასვლითი შეხვედრების მოგება უჭირს. იმის გათვალისწინებით, რომ სეზონის სტარტზე მას მიჯრით სამი მარცხი, ‘ბათუმს’ კი სამი გამარჯვება ჰქონდა, ზღვისპირელები მე-4 ტურში ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ სტუმრებმა შეძლეს თამაშის სასურველი სცენარით წაყვანა.

ბათუმელებმა მატჩის დებიუტში შეცდომები დაუშვეს, რითაც კარგად ისარგებლეს სტუმრებმა, სწრაფად აწიეს ხაზი და რატუ პენი ტუმბუნამ ლელოთი ანგარიში გახსნა. ბონდო აბაშიძემ გარდასახა და მერე ორი ჯარიმაც გაიტანა, რითაც საკუთარი გუნდის უპირატესობა 13 ქულამდე გაზარდა. ზღვისპირელები შეცდომებს უშვებდნენ, მაგრამ ჯიუტად ცდილობდნენ ლელოს გატანას და იოლ ჯარიმებს კარში არ ურტყამდნენ.

მათმა მცდელობებმა შედეგი 30-ე წუთზე გამოიღო, როდესაც ფორვარდების დარტყმას ამიერ ჰენდრიქსის ლელო მოყვა. თამაში რომ განახლდა პინგ-პონგი გაჩაღდა, რითაც მასპინძლები დარჩნენ მოგებული. ამჯერად საკუთარ 22-ში ქუთაისელები შეცდნენ, ბურთი მამუკა ნინიძეს ჩაუვარდა და ლელოში ედვინ სასი დაგეზა. თავად მამუკამ ორივე გარდასახვა ზუსტად შეასრულა და ტაიმი 14:13 დასრულდა.

მეორე ტაიმის დებიუტში ნიკა ძნელაძემ ცენტრალურ ხაზთან, საკუთარ ნახევარზე ჩაჭრა გადაცემა და ლელოთი სტუმრები კვლავ წინ გაიყვანა. აბაშიძემ გარდასახა. რადგან შეცდომები მრავლად იყო, 52-ე წუთზე ნინიძემ ჯარიმა უკვე კარში დაარტყა და სხვაობა 3 ქულამდე დაიყვანა, თუმცა იქვე შეცდა, ნგლენ თაკაუტინი მარჯვენა ფრთაზე სამ მბოჭავს გაექცა და ლამაზი გარღვევა ლელოთი დაასრულა. აბაშიძე გარდასახვიდან ზუსტი იყო.

ამის შემდეგ მსაჯმა ‘ბათუმის’ ორი და ‘არესის’ ერთი მორაგბე გაასინბინა, თუმცა კაცნაკლულმა მასპინძლებმა შეძლეს ფაზების აკინძვა და 68-ე წუთზე ანზორ სიჭინავამ ლელოთი საკუთარი გუნდი თამაშში დააბრუნა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ‘ბათუმმა’ დასკვნით წუთებში ლელოს გასატანად შეუტია, თუმცა ‘არესმა’ შეძლო თავის დაცვა და ბათუმში 4 ქულის მოპოვება – 22:27.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ალეკო შამილიშვილი დასახელდა. ‘ბათუმმა’ მცირედი მარცხისთვის ნუგეშ-ქულა მიიღო და ჯამში 14-ით, ‘ხარებთან’ მეორე-მესამე ადგილებს იყოფს, ლიდერ ‘ლელოს’ კი ორით ჩამორჩება. ‘არესს’ 5 ქულა აქვს და მე-7 პოზიციაზეა.