დიდი 10 | ბათუმი 13:20 აია

ქუთაისის ‘აიამ’ ‘ბათუმს’ მისსავე მშობლიურ სტადიონზე 20:13 სძლია და მიმდინარე სეზონში ზედიზედ მესამე მარცხი აგემა.

ზღვისპირელები ბათუმში მეორე ქუთაისურ კლუბთანაც დამარცხდნენ, ამჯერადაც აიღეს ნუგეშ-ქულა და ჯამში 16 ქულით მე-5 პოზიციაზე არიან. სამი მოგება და 16 ქულა აქვს ‘აიასაც’ და პირადი გამარჯვების ხარჯზე მე-4 ადგილზეა.

„ბათუმი არენაზე“ შეხვედრა სტუმართა შეტევებით დაიწყო და მე-6 წუთზე გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმით ანგარიში გახსნა. ამ ეპიზოდში ყვითელი ბარათით დაისაჯა ამირ ჰენდრიქსი და რიცხობრივ უპირატესობაში ‘აიამ’ ლელო გაიტანა: ამირან შვანგირაძემ გადაცემა ცენტრის სიახლოვეს ჩაჭრა და ძელებსშუა შეფრინდა, ბაბუნაშვილმა კი გარდასახა.

მასპინძლებმა შეძლეს თამაშში გარდატეხის შეტანა, მე-18 წუთზე მოლით შეუტიეს და მატეუ სეკელემ ლელო, ბუბა ნოზაძემ კი გარდასახვა გაქვითა. ტაიმის ბოლოს ‘აიამ’ შეძლო ღირსეული პასუხის გაცემა, ამჯერად მოლი თავად დააყენა და ჯიუტა მბიაუ მბატირერენგას ლელო ბაბუნაშვილმა გარდასახა – 7:17.

მეორე ტაიმი პირველზე უფრო მძიმე გამოდგა. ბუბა ნოზაძემ ჯარიმით ჩამორჩენა 48-ე წუთზე შეამცირა. ‘ბათუმმა’ მორიგი ქულების აღება მხოლოდ 77-ე წუთსეღა მოახერხა, ამჯერად ჯარიმა მამუკა ნინიძემ გაიტანა, თუმცა იქვე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი ბაბუნაშვილმა არეკნით უპასუხა და ‘აიას’ ბათუმში 20:13 მოაგებინა.