დიდი 10 | არწივები 10:55: აია

ქუთაისის ‘აიამ’ დიდი 10-ის დებიუტანტ ოზურგეთის ‘არწივებს’ 8 ლელო გაუტანა და კომფორტული სხვაობით, 55:10 გაიმარჯვა.

ფოთში, „პარკი არენაზე“ გამართულ შეხვედრაში გამარჯვებულის ბედი პრაქტიკულად პირველსავე ტაიმში გაირკვა. ამირან შვანგირაძემ, ნოდარ დოლიძემ, ოთარ მეტრეველმა და ჯოსევანი ნდრავამ ლელოები გაიტანეს, ხოლო გიორგი ბაბუნაშვილმა ორი გარდასახვა და ერთი ზუსტი ჯარიმა შეასრულა – 0:27.

მეორე ტაიმის დასაწყისში ‘არწივებმა’ გაიბრძოლა და ვანო გელაშვილის ლელოთი და ბახვა კობახიძის გარდასახვა-ჯარიმით ჩამორჩენა 17 ქულამდე დაიყვანა, თუმცა 10 წუთის შემდეგ ‘აიამ’ კვლავ დაიბრუნა ინიციატივა ჯიუტა მბიაუ მბატირერენგამ ორი, საბა ერემეიშვილმა და გიორგი ფრუიძემ კი თითო ლელო მიითვალეს. ბაბუნაშვილმა სამი, ხოლო ფრუიძემ ერთი გარდასახვა შეასრულა – 55:10 ქუთაისელთა სასარგებლოდ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნოდარ დოლიძე გახდა. ‘აიას’ ამ გამარჯვების შემდეგ 11 ქულა მოუგროვდა და მე-5 ადგილზეა, ‘არწივები’ კი 5 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზეა.