დიდი 10 | აია 24:28 ლელო

თბილისის ‘ლელომ’ ქუთაისში ‘აიას’ დაძაბულ ბრძოლაში 28:24 სძლია და დიდი 10-ის მიმდინარე სეზონის სტარტზე მიჯრით მეხუთე გამარჯვება მოიპოვა.

„აია არენაზე“ შეკრებილმა ქომაგმა საინტერესო სანახაობა იხილა. ორივე გუნდი ხელდახელ, მაღალ ტემპში ცდილობდა თამაშს. ქუთაისელები განსაკუთრებით სახიფათოები იყვნენ კონტრშეტევებისას და 74-ე წუთამდე ტაბლოზე სასურველ ანგარიშს ინარჩუნებდნენ, თუმცა მერე გადამწყვეტი ლელო-გარდასახვა მიიღეს.

საწყის წუთებში მასპინძლებმა თბილისელთა რამდენიმე იერიში მოიგერიეს, მერე მეტოქის 22-ში შერკინების უფლება მოიპოვეს, იქიდან ბურთი ხაზზე გავიდა და გრძელი გადაცემის შემდეგ ოთარ მეტრეველმა ალამთან ლელო გაიტანა, გიორგი ბაბუნაშვილმა კი რთული პოზიციიდან გარდასახა.

‘აია’ 31-ე წუთამდე დაცვაში საიმედოდ ირჯებოდა, მერე ბექა მამუკაშვილმა გაჭრა ხაზი, მას კარგად მიყვა შალვა აფციაური, ბოლო მცველს გვერდი აუარა და მისი ლელო ლუკა ცირეკიძემ გარდასახა. ტაიმის მიწურულს ორივე გუნდს ჰქონდა დაწინაურების შანსი, მაგრამ ჯერ ცირეკიძეს გაუცუდდა ახლოდან დარტყმული ჯარიმა, მერე კი ქუთაისელებმა ვერ გაასწორეს მიზანი შორი დისტანციიდან – 7:7.

მეორე ტაიმიც პირველის მსგავსად დაიწყო. ‘აიამ’ სტუმართა შეტევები მოიგერია, 47-ე წუთზე თავად გაშალა იერიში, საბა ხონელიძემ კარის წინ ხაზი გაგლიჯა და ლელოს 10 მეტრამდე მიუახლოვდა. იქ ქუთაისელებმა ჯარიმა სწრაფად გაითამაშეს და ფორვარდების რამდენიმე დარტყმის შემდეგ ლელო მიხეილ ბაბუნაშვილმა გაიტანა, გიორგიმ კი გარდასახა.

ამ ეპიზოდში ‘ლელომ’ სინბინით ვაჟა მიქაძე დაკარგა. ‘ აიამ’ კაცნაკლულ მეტოქეს შეუტია და ყველა ჯერზე შეძლო უპირატესობის ხაზის გადაკვეთა, 22-ში შესვლის შემდეგ კი გიორგი ბაბუნაშვილმა ბურთი ფეხით ფრთაზე გადაკიდა, სადაც მას ამირან შვანგირაძე დაეუფლა და ლელო ალამთან გაიტანა. ბაბუნაშვილი რთული პოზიციიდან ზუსტი იყო.
დასკვნით მეოთხედში სტუმრებმა თამაშს კიდევ უფრო მოუმატეს და მოკლე პერიოდში წონასწორობა აღადგინეს. 62-ე წუთზე მათ მიერ აგორებული საფირმო მოლი ბექა ყორიაულის ლელოთი დასრულდა, ორიოდე წუთში კი გაგა ქევხიშვილი დაეუფლა ფეხით გადაკიდებულ ბურთს, დაიძრა და დაცვის ხაზი ლელომდე სუფთად გაიარა. ცირეკიძემ ორივე გარდასახვა გამოიყენა.

ბაბუნაშვილმა 70-ე წუთზე გატანილი შორეული ჯარიმით ‘აია’ კიდევ ერთხელ დააწინაურა, მაგრამ დასკვნით წუთებში მასპინძელთა დაცვაში სივრცეები გაჩნდა, რითაც კარგად ისარგებლა შალვა აფციაურმა, სივრცეში მაღალ სიჩქარეში შევიდა და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ცირეკიძემ კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 28:24 ‘ლელოს’ სასარგებლოდ.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე დუბლის ავტორი შალვა აფციაური გახდა. ‘ლელოს’ 5 თამაშიდან 20 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა. მან ასევე შეინარჩუნა „სარბიელის სინი“. ‘აიას’ ნუგეშ-ქულა ერგო და ჯამში 12 ქულით მეექვსე საფეხურზეა.