ბორჯღალოსნები | ჩვენთვის მსოფლიო დასრულდა

შაბათს, 7 ოქტომბერს საფრანგეთის ქალაქ ნანტში, მსოფლიო თასის ბოლო ტურში საქართველო უელსს შეერკინა, მაგრამ ძალები ვეღარ ეყო და კელტებთან თამაში 19:43 დათმო.

უელსი წინა რკენაზე დამარცხებული რომ გვყავდა, თანაც ჯგუფში პირველ ადგილზე დაფინიშებაც რომ იდო სასწორზე, მათმა გურუმ ვორენ გეთლენდმა ძირითადი გუნდი დაგვიყენა, მაგრამ გახურებაზე ტრავმის გამო დამწყები მგეზავის შეცვლა მოუხდათ. ჩვენ ტრავმების გამო კლუბებიდან 5 მორაგბეს ვუხმეთ, კაპიტანიც დაგვიბრუნდა და კარგი შემართებით დავხვდით დრაკონებს.

როგორც მოსალოდნელი იყო, თამაში ზედმეტად ტაქტიკური ფეხის დარტყმებით წარიმართა: ხან უელსი აწევდა აბრაგანს, ხანაც ჩვენ, დასაწყისში კი პოზიციურ ბრძოლებში უელსმა ცოტა მაინც გვაჯობა. ამას დაემატა ჩვენი ზედიზედ 2 ჯერ გაცუდებული აუტი, მაგრამ უელსი გადამწყვეტ მომენტებში მაინც ჯარიმდებოდა.

ანგარიში გახსნა ისევ ფეხით დარტყმას და ჩვენ შეცდომას მოყვა. ჩვენს 22-ში ნინიაშვილს დარტყმაზე რომ დაუფარეს, კონტრ-შეტევაზე დავჯარიმდით, უელსმა კიდეზე გადაიტანა, მოლი აგვიგორა და შემდეგ 3 ფაზაში მორკინალებით დაგვალელოვა. 0:7

უელსმა ისევ ფეხით თამაში გააჩაღა და ჩვენ შეცდომას ელოდა, როდესაც ხმალაძე 22-ში შებოჭეს, ბურთი გააგდებინეს და შერკინებაში დაგვაჯარიმეს. შემდეგ ისევ აუტს დაუმიზნეს, ისევ მოლი შეკრეს და ხაზზე გამოტანილი ბურთი ლიამ ვილიამსმა სლალომით დაამიწა. 0:14

უელსმა გაილაღა და ფაზურად შემოგვიტია, ჩვენ კარგად ვიცავდით თავს, მაგრამ რაქში არ გადაგორებისთვის რომ დააჯარიმეს მამუკაშვილი, მათმა მარქაფიდან დაწინაურებულმა სემ ქოსთელოუმ ჯარიმა კარისკენ დაუმიზნა და 25 წუთზე ანგარიში 0:17 გახდა.

ბორჯღალოსნები უფრო გააქტიურდნენ და ორჯერ 10-10 ფაზა გადააბეს, უელსი დაჯარიმდა, აუტში გადავიტანეთ და კარგი მოლი ავაგორეთ, ჩაქცევამდე ბოლო მომენტში გაჩეჩილაძე მოლს მოეხსნა, რაქიდან გაზზე გავიტანეთ, კვესელაძემ კაპიტანი ახლოში შეიყვანა და შარიქაძემ თავის სტილში უელსელები ცენტრში დაალელოვა. 7:17

ამის მერე უელსი ცდილობდა “რაგბი ისევ არ ეთამაშა” და პინგ-პონგში აგვიყოლია. ტაიმის ბოლოს ფაზურად მაინც შევედით მოწინააღმდეგის 22-ში, მაგრამ რაქში უხეშად გადაყრისთვის რომ დაგვაჯარიმა ფრანგმა რეფმა – უელსმა ტაიმი 10 ქულიანი უპირატესობით მოიგო.

შესვენებაზე პირველი და უკანა ხაზი განვაახლეთ: გოგიჩაშვილის მაგივრად შემოვიდა აბულაძე, ხოლო კვაჭად მამუკაშვილი კარკაძემ ჩაანაცვლა, რომელსაც ეგებ 2022 წლის თებერვლის მერე ნაკრებში არ ერაგბა და არც სამსოფლიო შეკრება გაევლო. ხმალაძე თაფლაძემ შეცვალა, რის გამოც ნინიაშვილი 15-ზე დადგა, ხოლო დემე ფრთაზე გაამწესეს.

სამივე შეცვლამ გაგვიმართლა და მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ. ფაზური შეტევები ავკინძეთ, ის იყო რომ მეტოქე უნდა გაგვეტეხა, მაგრამ კვესელაძის გაცუდებული პასით მისმა ყოფილმა გუნდელმა, გლოსთერელმა რის-ზამითმა იხეირა და ჩვენ მოშიშვლებულ ზურგში სპრინტით მარტივად დაგვალელოვა. 7:24

თამაშის გარდასატეხად ახალგაზრდები აფციაური და ჩაჩანიძე ჩავაბით. პირველსავე შერკინებაში დავაჯარიმეთ და კიდეს ვუწიეთ, მაგრამ გადამწყვეტი აუტი წავაგეთ. შემდეგ მოგერიებულზე ფაზურ შეტევაში ხაზზე კარგი გაშლის შემდეგ სალელოვე შანსი იყო, მაგრამ ზედ ლელოსთან ტაბუცაძე დამიწებამდე აუტში გადაიყვანეს. შემდეგ შეტევაში ტაბუცაძემ კარგად წამოიღო, კვესელაძეს უპასა, მაგრამ ლელოდან 10 მეტრში ისევ დავჯარიმდით. მერე უელსმა ისევ პინგ-პონგში აგვიყოლია და ეცადა საკუთარი ლელოდან შორს ეთამაშა, მეორე ტაიმის საწყისი 15 წუთი ასე გაილია: მხოლოდ ბორჯღალოსნები უტევდნენ, უელსი კი ჩვენ შეცდომას ელოდა.

58 წუთზე 9 ნომერიც შევცვალეთ: გელა აფრასიძემ თავისებური მუხტი შემოიტანა და გუნდი საბრძოლველად უკეთ განაწყო. უელსის ლელოდან 5 მეტრში აგორებული კარგი მოლის შემდეგ, აიღე და მიეძალე გავაჩაღეთ, კარკაძემ რაქთან ჩავარდნილი უელსელი ბურჯი შენიშნა, უმალ აიღო ოვალი და მის მხრებთან დაამიწა. 14:24

თამაშში შემდეგსავე შეტევაში დავბრუნდით, უელსი ზედიზედ ორჯერ დაჯარიმდა, ჩვენ კი ისევ კიდეზე გადავიტანეთ და 40 მეტრიდან სწრაფი იერიში დავიწყეთ. ცენტრში რაქის შემდეგ, აფრასიძემ შეტევის მიმართულება შეცვალა, ზურგში ნინიაშვილს უპასა, რომელმაც მეტოქის ბურჯი და ცხრა ნომერი გააბითურა და ლელოში კოხტად შეფრინდა. 19:24

უელსმა ისევ ფეხით თამაშში აგვიყოლია, მაგრამ უცებ მოგიერიებაზე სწრაფად გაგვიშალეს ბურთი, ფრთაზე მეტობა დარჩათ და მშვენვირად გამოიყენეს: მათმა ფულბექმა ლიამ ვილიამსმა მოკლე გადაკიდებით ისევ რის-ზამითი ახეირა და დაუცველ ზურგში დაგვალელოვა. 19:31

უელსმა ნაცად ტაქტიკას არ უღალატა და პინგ-პონგის შემდეგ ნინიაშვილი კისრით შებოჭეს, პროვოკაციაზე წამოიკიდეს და გაწევ-გამოწევის შემდეგ ჩვენი 11 და იმათი 20 ნომერი გაასინბინეს. 73-ე წუთზე უცნაური რამ მოხდა: რაქში თაფლაძე დაიტრავმა, რომელსაც ჩვენი ფიზიო მკურნალობდა, მაგრამ შემდეგ უქმ ბურთზე მსაჯმა ამ ტრავმის გამო დრო არ გააჩერა და თამაში ისე განახლდა, რომ მოედანზე 13 კაცით დავრჩით: თან გაგვიგდეს ფულბექი და ძირს იწვა ჩვენი ფრთა. ამას უელსელი რის-ზამითი კარგად მიხვდა, ზურგში ფეხი გადაკიდა და საერთოდ ცარიელ ზონაში ოვალი ოსტატურად დაამიწა. 19:36

შემდეგ შეტევაში კიდევ 2 ტრავმა მივიღეთ: ჯერ ჯალაღონიას გაეჭიმა ფეხი, შემდეგ ტაბუცაძემ იტკინა წვივი, თან შეცვლები ამოწურული გვქონდა, ამიტომ მოედანზე ვერავინ შევიდა. ჰოდა ასეთ დაღლილზე და თანაც მოედანზე ჯანმრთელი 11 კაცით დარჩენილს, უელსმა ბოლოჯერ შემოგვიტია, უბრალოდ ბურთი ბოლომდე გაათამაშა და ცარიელ ადგილას დარჩენილმა ჯორჯ ნორსმა ლელოში შეინავარდა. 19:43

ამრიგად, ჩვენი 2023 წლის მსოფლიო თასზე ასპარეზობა დასრულდა. უელსმა ჯგუფში პირველი დაიკავა, რითიც 1/4 ფინალში ‘დ’ ჯგუფის მეორე ადგილოსანს შეხვდება.

2023 წლის მსოფლიო თასი. V ტური. გ ჯგუფი

საფრანგეთი. ნანტი „სტად დე ლა ბურჟუა“. 7 ოქტომბერი

საქართველო – უელსი 19:43 (7:17)

საქართველო

ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (ბათუმი) 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი) 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი) 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ) 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი) 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი) 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი)

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (მეტრო რასინგი) 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი) 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი) 4. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი) 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი) 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი) 7. ბექა საღინაძე (ლიონი) 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი)

მარქაფა: 16. ვანო კარკაძე (მონპელიე) 17. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი) 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი) 19. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი) 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსეზ) 21. გელა აფრასიძე (ბეიონი) 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი) 23 დემურ თაფლაძე (შავი ლომი)

3 ლელო: შარიქაძე, კარკაძე, ნინიაშვილი
2 გარდასახვა: მატკავა