ბორჯღალოსნები | ოპერაციებმა წარმატებით ჩაიარა

მირიან მოდებაძე, თენგიზ ზამთარაძე და ლაშა ჯაიანი, გადატანილი ოპერაციების შემდეგ თავს კარგად გრძნობენ.

სამივე მორაგბე ფიჯისთან მატჩში დაშავდა: მოდებაძემ ყვრიმალი და თვალის ბუდის ძვალი გაიტეხა, ჯაიანმა წვივის ძვალი ორ ადგილას მოიტეხა, ზამთარაძეს კი იდაყვის ამოვარდნა და ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა.

„სამივე მორაგბეს ოპერაცია სამშაბათს, ბორდოში, მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში ჩაუტარდა, სადაც მსოფლიოში სახელგანთქმული ქირურგები მუშაობენ და სპორტული ტრავმების მართვის კუთხით დიდი გამოცდილება აქვთ. გართულებებს ადგილი არ ქონია, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გუნდს ხვალ ნანტში შევუერთდებით“ – განაცხადა ბორჯღალოსნების მთავარმა ექიმმა ნუცა შამათავამ და მორაგბეების დაბრუნების დროებითი ვადები დაასახელა:

„მირიან მოდებაძე თამაშს 2 თვეში შეძლებს, თუმცა თავიდან დამცავი ნიღბის გამოყენება მოუწევს. 3 თვე უნდა ზამთარაძის რეაბილიტაციას, ჯაიანი კი 4-5 თვეში დაბრუნდება“.