15 წ. | ზელანდიის გავლით თასის მეოთხედფინალში

საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, საფრანგეთში მიმდინარე რაგბის სკოლების მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ორი თამაში მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და 5 სექტემბერს თასის 1/4-ფინალში ითამაშებს.

პონტლევოიში ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე ირლანდია იყო და საქართველო ორი ლელოთი დაწინაურდა. ირლანდიელებმა ნაწვიმარი და სველი მოედნის ფონზე თამაშის მანერა შეცვალეს, 7-კაცასთვის უჩვეულოდ, მძიმე ფორვარდებით შეუტიეს და სამი ლელო გატანეს, თუმცა გია ლაბაძისა და ნიკა ჩიტალაძის შეგირდებმა შეძლეს ანგარიშის გათანაბრება და მეოთხე ლელოც დადეს, თუმცა ის მსაჯებმა გააუქმეს და შეხვედრა 3:3 დასრულდა.

მეორე თამაში ახალი ზელანდიის გუნდთან გვქონდა. მეტოქემ საქართველოს წინააღმდეგ ჰაკა შეასრულა (რაც რუმინელებთან პირველი მატჩის წინ არ გაუკეთებიათ). თამაში ჩვენი შეტევებით დაიწყო და პირველ ტაიმში 4 უპასუხო ლელო გავიტანეთ. შესვენების შემდეგ ზელანდიელები გააქტიურდნენ, ერთი პერიოდი მოედანზე 5 კაცის ამარა დავრჩით, თუმცა თავი კარგად დავიცავით. უკვე 6 მორაგბით მოთამაშე საქართველოს მეტოქემ ორი საპასუხო ლელო გაუტანა და საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა 4:2 გაიმარჯვა.

მარცხმა ზელანდიელები მორალურად ისე გატეხა, რომ მომდევნო შეხვედრაში ირლანდიას წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს და დიდი სხვაობით დამარცხდნენ, საქართველომ კი დასკვნით შეხვედრაში რუმინეთის, ბუქარესტის აკადემია 13:1 დაამარცხა. რადგან ირლანდიას უკეთესი გატანილ-გაშვებული ლელოების ბალანსი აღმოაჩნდა, მან პირველი ადგილი დაიკავა, ჩვენი გუნდი კი თასის მეოთხედფინალში საუკეთესო მეორეადგილოსნის პოზიციით გავიდა.

შეგახსენებთ, პონტლევოიში მიმდინარე ფესტივალში მთელი მსოფლიოდან 24 ვაჟთა და 20 გოგონათა გუნდი თამაშობს. ვაჟთა შორის საფრანგეთი სამი სკოლითაა წარმოდგენილი, ახალი ზელანდია, ირლანდია, ინგლისი და უელსი კი ორ-ორით. ვაჟთა 24 გუნდი 6 ჯგუფში იყო განაწილებული. 8 მოწინავე გუნდი თასის მეოთხედფინალში გავიდა, დანარჩენები კი მე-9-მე-16 და მე-17-24-ე ადგილებისთვის აგრძელებენ ბრძოლას.

მეოთხედფინალური შეხვედრები 5 სექტემბერს გაიმართება და საქართველოს მეტოქე ახალი ზელანდიის მეორე გუნდი იქნება. გამარჯვების შემთხვევაში თასის ნახევარფინალში ირლანდია-მონაკოს შორის გამარჯვებულს იმავე დღეს შევხვდებით. რადგან ტურნირზე ყველა ადგილი გათამაშდება, 5 სექტემბერს გაიმართება მე-5-მე-8 ადგილების ნახევარფინალებიც, ფინალები კი 7 სექტემბერსაა ჩანიშნული.

საქართველოს 15-წლამდელთა 7-კაცას მწვრთნელი ნიკა ჩიტალაძე ტურნირის ორგანიზებით და საკუთარი გუნდის თამაშით კმაყოფილია:

„ძალიან მაგარ ადგილას ვართ. აქ ყველაფერი რაგბითაა მოცული. ყველა გუნდი კარვებში ცხოვრობს და ბიჭებსაც და გოგონებსაც საძილე ტომრებში ძინავთ. ჩამოსულია ძალიან ბევრი სტუმარი და ყველაფერი უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული. სუფთა სპორტული აქტივობების გარდა გვაქვს შემეცნებითი ღონისძიებები და ექსკურსიები. ეს უდიდესი გამოცდილებაა, როგორც მოთამაშეებისთვის, ასევე ჩვენთვის. ვფიქრობ, აქედან გამარჯვებების გარდა ბევრი ისეთი რამის ჩამოტანა შეგვიძლია, რასაც ჩვენს ფესტივალებში დავნერგავთ“.

„რაც შეეხება ტურნირს, ყველაფერი ძალიან კარგად მიდის. ბიჭები მოტივირებული არიან და თასის მეოთხედფინალისთვის ემზადებიან. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ გამართულ 7-კაცას ვთამაშობთ და მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპრებთ. რაც მთავარია ყველა ბიჭი ჯანმრთელადაა და მომდევნო შეხვედრებშიც ბოლომდე ვიბრძოლებთ“.

15-წლამდელთა 7-კაცას სასკოლო მსოფლიო თასზე თამაშობენ: ნიკოლოზ გოგუაძე (აკადემია), ილია გოგუაძე (აკადემია), ნიკოლოზ ჯანგულაშვილი (ლომები), საბა ცინცაძე (ხვამლი), გიორგი ირემაძე (ხვამლი), რევაზ ცხვედიანი (ხვამლი), გაბრიელ ჩიქოვანი (რაშები), დაჩი ოყროშიძე (რაშები), გიორგი გაბუნია (ლელო), საბა ჭინჭარაული (ლელო), ანდრია კუნჭულია (ლელო), გიორგი ხონელიძე (ლელო), თედორე სვანიძე (ბათუმი), ნიკოლოზ აბაკელია (სოხუმი), გიორგი ქევანიშვილი (აია).

მთავარი მწვრთნელი: გია ლაბაძე

მწვრთნელი: ნიკოლოზ ჩიტალაძე