ჭაბუკთა ‘ა’ ლიგა | ‘ლელომ’ ტიტულის დაცვა სამნიშნა მოგებით დაიწყო

ჭაბუკთა ‘ა’ ლიგის ჩემპიონატის ფორმატი უცვლელი. დარჩა. 8-გუნდა „ოქროს“ ჯგუფი რეგულარულ სეზონში 2 წრედ ითამაშებს და პლეი ოფში მოწინავე ექვსეული მოხვდება, რომელთაც „ვერცხლის“ ლიგიდან 2 წარმატებული გუნდი დაემატება და ტიტულისა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლა 1/4-ური ეტაპიდან გაგრძელდება.

პირველობის სადებიუტო შეხვედრაში, ჩემპიონი ‘ლელო’ ქუთაისში ‘აია’-1-ს სტუმრობდა. რიონისპირელთა მეორე გუნდი უმეტესად 2006 წელს დაბადებული მორაგბეებითაა დაკომპლექტებული და მას სათავეში ადგილობრივი გამოცდილი სპეციალისტი ტიხონ ხახალეიშილი უდგას, რომლის მთავარი ამოცანა იმედისმომცემ მოთამაშეთა დაოსტატებაა.

ჩემპიონატის წინ ‘ლელომ’ სტაფმა გარკვეული ცვლილებები განიცადა. გუნდის მთავარ მწვრთნელად ახალგაზრდა ნიჭიერი სპეციალისტი ზურა ხორბალაძე დაინიშნა. ბოლო წლებში ‘ლელოს’ გამარჯვებათა სულისჩამდგმელი თორნიკე ბუბუტეიშვილი კი დიდი 10-ის ბინადარ ‘ლელოს’ მთავარ მწვრთნელად დაწინაურების შემდეგ მიმდინარე სეზონში მშობლიურ უფროს ჭაბუკთა გუნდში მწვრთნელ-კონსულტანტის ფუნქციას შეასრულებს.

„აია არენაზე“ უთანასწორო ბრძოლა გაჩაღდა. ჩემპიონი განუზომელ უპირატესობას ფლობდა და მასპინძლები საკუთარ 22-იან ზონას საერთოდ არ გააკარა. საკუთრივ კი ფავორიტმა ორივე ტაიმში 64-64 სამატჩო ქულა აიღო /20 ლელო/ და მატჩი სამნიშნა ციფრით-128:0  მოიგო. ‘ლელოს’ მარბიელმა ნიკა აბესაძემ და მარქაფადან ჩართულმა კვაჭმა შოთა ხელაძემ „ჰეთ-თრიკი“ გაიფორმეს.

„რაგბი პლატოზე“, ბოლნისის ‘ყოჩებისა’ და ‘აკადემიას’ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. „მხატვრებმა“ პირველი ნახევარი 8-ქულიანი სხვაობით მოიგეს, თუმცა მეორე ტაიმში ‘ყოჩებმა’ სისწრაფეს უმატა, მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერა და 2 გარდასახული ლელოს მეშვეობით ანგარიშში 6 ქულით დაწინაურებაც მოახერხა.

‘აკადემია’ დროულად გამოფხიზლდა და მატჩის დასკვნითმა ნაწილმა კვლავ ბესიკ ჩინჩალაძის შეგირდთა უპირატესობით ჩაიარა. მატჩის ნომინალურმა სტუმარმა მეტოქეზე 1-ით მეტი, მთლიანობაში 4 ლელო გაიტანა. „მხატვართა“ კვაჭმა ნიკა კოკოევმა „დუბლი“ გაიფორმა, გამარჯვების მომტანი ლელო კი ‘აკადემიას’ მარბიელ ლაზარე გიუნაშვილის ანგარიშსზეა, რამაც  ქვემო ქართლელები ნუგეშ-ქულას დააჯერა-27:21.

არანაკლებ საინტერესო და დაძაბული გამოდგა „რაგბი ჭალაში“, ‘არმია’-‘აიას’ რკენა. „არმიელებმა“ ვიცე-ჩემპიონს ტოლი არ დაუდეს და შეხვედრის რიგ ეპიზოდებში უპირატესობასაც ფლობდნენ, თუმცა გარკვეულმა ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა მასპინძლებს ცუდი სამსახური გაუწია. რიონისპირელები აქცენტს ტრადიციულად სტატიკაზე აკეთებდნენ, მოლსა და რაქში კარგად ირჯებოდნენ და სტუმართა გატანილი 4-ივე ლელო მორკინალთა აქტიური თამაშის შედეგი გახლავთ. ‘აიას“ კვაჭი ილია ჯანგავაძე „დუბლით“ გამოირჩა. მატჩის ბოლო წუთზე კი შუამარბ დავით ბარბაქაძის დადებულმა ლელომ „არმიელებს“ ნუგეშ-ქულა მოაპოვებინა-24:17.

„ხარები არენაზე“, ‘ხარები’-‘ბათუმი-1’-ის შეხვედრა სტუმართა სრული უპირატესობით წარიმართა. ბრინჯაოსმედალოსნებს საქმე ქვემო ქართლელთა 6 ძირითადი მორაგბის არყოლამ მნიშვნელოვნად გაუიოლა. თენგიზ გოგიბერიძის შეგირდებმა პირველ ტაიმში მოპოვებულ 14-ქულიან უპირატესობას, მეორე ნახევარში 21 უპასუხო სამატჩო ქულა წაუმატეს, მთლიანობაში 7 ლელო გაიტანეს და მატჩი პრემიალური ქულით-45:10 მოიგეს. აჭარელთა რიგებში მარიელმა თამაზ დუმბაძემ „დუბლი“ შეასრულა, ‘ხარების’ მარცხს კი წერტილი მარქაფადან ჩართული მხტომელის ნიკა ბერიძის ლელომ დაუსვა.