რეგიონული ლიგა | იმერში კოლხები გალიდერდნენ, ამერში კი დუეტი ლიდერობს

დასავლეთის ჯგუფში, უამინდობის გამო პირველ ტურში გადადებული ზუგდიდის ‘რაგბის კლუბისა’ და ფოთის ‘კოლხი რაინდების’ შეხვედრა გაიმართა. რეგიონულ დერბის ზუგდიდმა უმასპინძლა. კოლხები პირველივე წუთებიდან საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და მასპინძლებს მხოლოდ 1 ლელოს გატანის შესაძლებლობა მისცეს. პირველი ტაიმის მიწურულს ზუგდიდელთა მხრიდან მარბიელი ირაკლი შონია გამოირჩა.

კოლხები უმეტესად ხელდახელ თამაშს ეშურებოდნენ და 11 დადებული ლელოდან დიდი ნაწილი როლანდ ჩაჩავას ბიჭებმა კომბინაციურ სტილში გაიტანეს. კოლხთა რიგებში ფრთებმა: მირზა შანიძემ და მარქაფადან ჩართულმა ბესო ბერაიამ „დუბლი“ შეასრულეს – 71:7. პრემიალურმა ქულამ ‘კოლხი რაინდები’ ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერად აქცია. კოლხები, ჩოხატაურსა და ვანს 1 ქულით უსწრებენ და მომდევნო ტურში გამორჩეული „პარკი არენაზე“ ფოთელებისა და გურულების დაპირისპირება იქნება.

აღმოსავლეთის ჯგუფში მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. განსაკუთრებულ ინტერესს პატარძეულში, ადგილობრივი კლუბისა და ‘წიქარას’ შეხვედრა იწვევდა. მეტოქეებს 2 ტურის თავს, ‘რუსთავთან’ ერთად ქულათა მაქსიმუმი ქონდათ დაგროვილი.

გარე კახელებმა რიხიანად დაიწყეს შეხვედრა და დებიუტში გატანილი ჯარიმითა და ლელოთი 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. მატჩის დარჩენილი ნაწილი კი სტუმართა კარნახით წარიმართა. ‘წიქარა’ ლაღად, სწრაფად მოქმედებდა და ორგანიზებული თამაშის ხარჯზე ‘პატარძეულს’ 8 ლელო (უმეტესად ხელდახელ) დაუდო, საკუთრივ კი მთლიანობაში მხოლოდ 3 ლელო მიიღო. ‘წიქარას’ ფრთა ლუკა ბურდულმა „დუბლი“ შეასრულა, ხოლო სტუმართა კაპიტანმა ფრიდონ ვეშაგურმა „ჰეთ-თრიკი“ გაიფორმა. სწორედ ვეშაგურის დასკვნითმა გატანილმა ლელომ ‘წიქარას’ დამაჯერებელი გამარჯვება დააფიქსირა – 44:23. ‘პატარძეული 10 საცხრილო ქულით მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.

ჯგუფის კიდევ ერთი ლიდერი ‘რუსთავი’, თელავში ‘ჭადარს’ სტუმრობდა. კახელთა ახალგაზრდა კოლექტივმა ქვემო ქართლელებს ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველ ტაიმში გაუწია და შესვენების წინ ფავორიტი ოდენ 2-ქულიან უპირატესობას დააჯერა.

მეორე ტაიმში რუსთაველთა უპირატესობა გამოიკვეთა. უკეთესი ფიზიკური კონდიციების მქონე სტუმრებმა მთლიანობაში 9 ლელოს გატანა მოახერხეს, რომელიც 9 მორაგბის ანგარიშსზეა. ‘რუსთავმა’ მეორე ნახევარში 40 სამატჩო ქულა დააგროვა, ხოლო ქვემო ქართლელთა სოლიდური გამარჯვება მარქაფადან ჩართული მხტომელის რატი შუკვანის დადებულმა ლელომ დააფიქსირა – 61:29. ‘რუსთავი’, ‘წიქარასთან’ ერთად, მაქსიმალური 15 ქულით ჯგუფს სათავეში უდგას.

აქტივში ასევე 2 მოგების მქონე ‘ბორჯომი’, „ხვამლი არენაზე“ აუტსაიდერ „არაგველებს“ დაუპირისპირდა. „არაგველებს“ პირველობის ორივე სადებიუტო შეხვედრა „მშრალი“ ანგარიშით და თან სამნიშნა ციფრით ქონდა წაგებული. ამჯერზე აუტსაიდერმა გაცილებით უკეთ ითამაშა და მატჩის ბოლო წუთზე მხტომელმა დავით ხონელიძემ პრესტიჟის ლელოს გატანაც მოახერხა. მატჩი კი მთლიანობაში ბორჯომელთა უპირატესობით წარიმართა და მარბიელმა დავით თედიაშვილმა საწყისი წყვილი ლელოც მიითვალა, რასაც თანაგუნდელთა კიდევ 2 გატანილი ლელო მოჰყვა. თორელებმა მატჩი პრემიალური ქულით – 24:5 მოიგეს, ცხრილში მესამე ადგილზე აინაცვლეს და ლიდერთა დუეტს 1 ქულით ჩამორჩებიან.

„ავჭალა არენაზე“, პრინციპული მეტოქეები ,გარდასახვა’ და ‘სოხუმი’ შეიყარენ. მეტოქენი ზედა ხუთეულისთვის იბრძვიან და ცხრილში ერთურთს 1 ქულა აშორებდათ. მატჩი ‘სოხუმის’ სრული უპირატესობით წარიმართა. დაცვაში საიმედო თამაშთან ერთად, ‘სოხუმი’ კომბინაციურ სტილში, ხელდახელ თამაშით გამოირჩა. სოხუმელებმა მეტოქე კინკილა ჯარიმას დააჯერეს, საკუთრივ კი 7 ლელო გაიტანეს და შეხვედრა პრემიალური ქულით 43:3 მოიგეს. ‘სოხუმის’ წარმატებას სათავე მღლეტელი თორნიკე კალანდარიშვილის ლელომ დაუდო, მატჩს კი წერტილი მარქფადან ჩართული ფრთის დავით სამსონაძის ლელომ დაუსვა. ‘სოხუმა’ 9 საცხრილო ქულას მოუყარა თავი და სასურველ მეხუთე პოზიციაზეც განთავსდა.