პირველი ლიგა | ცხრილს სათავეში ‘ტაო’ და ‘დინოზავრი’ ჩაუდგნენ

პირველი ლიგის 2 ტურის თავს 9-9 ქულით ‘ტაო’ და დინოზავრი’ დაწინაურდნენ. ლიდერთა დუეტს თითო ქულით, ასევე 2-2 შეხვედრის მომგები ‘იუნკერები’ და ‘გორი’ ჩამორჩებიან. ცხრილის შუაწელს, 6 ქულით მეხუთე ადგილზე მარნეულის ‘არმაზი’ იმყოფება. მოწინავე ექვსეულს კი 4 ქულის მქონე ‘არმია’ ავსებს.

‘ლოკომოტივი’, ‘მათე’, ‘ვეფხვები’ და ‘ბაგრატი’ მოუგებლად რჩებიან. „რკინიგზელები“ 2 ნუგეშ-ქულით მეშვიდე პოზიციაზე არიან. ‘მათემ’ და ‘ვეფხვებმა’ თითო ქულის აღება მოახერხეს. მონაწილეთა შორის ერთადერთი უქულოდ მყოფი ‘ბაგრატი’ კი ცხრილის ბოლო საფეხურზე განთავსდა.

მეორე ტურის გამორჩეული შეხვედრა ვაზისუბანში გაიმართა, სადაც ერთმანეთს სეზონისთვის კარგად მომზადებულნი მარნეულის ‘არმაზი’ და ‘გორი’ დაუპირისპირდნენ. ქართლურ დერბიში ქომაგმა 2 განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ ნახევარში ქვემო ქართლელები დომინირებდნენ, თუმცა შესვენების წინ მხოლოდ 3-ქულიან უპირატესობას დაჯერდნენ. მასპინძელთა რიგებში მგეზავი ოთარ მეტრეველი გამოირჩა, ვინაც დადებულ ლელოს 3 გატანილი ჯარიმაც დაურთო.

მეორე ტაიმი კი შიდა ქართლელთა კარნახით წარიმართა. გორელთა ლეგიონერი მარბიელის ტოკაიბაის, ფრთა მიშო ჩადუნელისა და მგეზავ გოდერძი ჭინჭარაულის (გარდასახვა+ 2 ჯარიმა) ლელოთა წყალობით სტუმრებმა 9 ქულით დაწინაურება მოახერხეს. ‘არმაზი’ ბოლომდე იბრძოდა და „გაწითლებულ“ დროში ჰავბეკ ლაშა ბარბაქაძის გატანილი ლელოთი ნუგეშ-ქულას გამორჩა – 28:24.

ლიგის დებიუტანტმა წყალტუბოს ‘დინოზავრმა’ მიჯრით მეორე გამარჯვება კვლავ დიდი 10-ის ყოფილ ბინადართან მოიპოვა. ზაზა ჩირგაძის შეგირდები სადებიუტო მატჩისგან განსხვავებით უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, რაც წყალტუბოელთა ნაჩვენებ თამაშის ხარისხსა და შედეგშიც ნათლად აისახა.

ასპინძაში, ადგილობრივ ‘ტაოს’ ქუთაისის ‘ბაგრატმა’ ჯეროვანი წინააღმდეგობა მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულამდე უწია. რიონისპირელები, მგეზავ ზვიად ოდიშარიას გატანილი ჯარიმით დაწინაურდნენ და დარჩენილ დროში მონაგარს მხოლოდ ფრთა უჩა შარვაშიძის გატანილი ეული ჯარიმა მიუმატეს.

მესხები ლაღად, სწრაფად ბურთაობდნენ, სტატიკაშიც კარგად გამოიყურებოდნენ და საერთო წარმატებას სათავე პირველივე ტაიმში კვაჭ თაზო კილაძის, ლეგიონერ მარბიელ ტაი ვილი კესასა და მგეზავ ლუკა ზუხბაიას დადებული ლელოებით დაუდეს. ‘ტაომ’ მეორე ნახევარში კიდევ 4 ლელო გაიტანა და 24 უპასუხო სამატჩო ქულაც მიითვალა. მესხების დამაჯერებელი გამარჯვება ბოლო წუთებზე ჰავბეკ გიგა ცაგურიას გატანილმა ლელომ დააფიქსირა – 41:6.

„აია არენაზე“, მასპინძლის როლში მყოფი ‘დინოზავრი’ პატარძეულის ‘ვეფხვებთან’ უპირატესობას პირველივე წუთებიდან ფლობდა და შესვენების წინ 15 უპასუხო ქულაც მიითვალა. ლელოს გატანა იმერელთა ბურჯმა ჯაბა ჩეჩელაშვილმა და მხტომელმა ბებუნი კუხიანიძემ მოახერხეს. მეორე ტაიმში ‘დინოზავრის’ უპირატესობა გატანილ ლელოებში მარქაფადან ჩართულმა მხტომელმა ომარ ვარდანიძემ, კვაჭმა კახა ჩიხლაძემ და შუამარბმა დავით კვირიკაშვილმა ასახეს. გარე კახელები „მშრალი“ ანგარიშით მარცხისაგან შეცვლაზე შესული ფრთის ტატო ბურჩიკაშვილის დადებულმა ლელომ იხსნა – 36:7.

„ავჭალა არენაზე“, ‘არმიას’ ჭიათურას ‘მათემ’ დიდი ბრძოლა გაუმართა. მართალია, ზემო იმერლები პირველ ნახევარში გატანილი კინკილა ჯარიმით შემოიფარგლნენ და მასპინძლებს ანგარიშში 16 ქულით ჩამორჩნენ, სანაცვლოდ მეორე ტაიმში ტემპს უმატეს, უპირატესობა მოიპოვეს და „არმიელებს“ 3 ლელო დაუდეს. „დუბლით“-‘მათეს’ ლეგიონერი მარბიელი ვაქანიბაუ გამოირჩა.

‘არმიამ’ ტაიმებში 2-2 ლელოს გატანა მოახერხა. მატჩის კულმინაციად 78-ე წუთი იქცა, როდესაც კარგად შეკრული მოლით მიძალება გამარჯვების მომტანი ლელოთი, მარქაფადან ჩართულმა „არმიელთა“ კვაჭმა გიორგი მექვაბრიშვილმა ლელოთი დააგვირგვინა. გაცუდებულმა გარდასახვამ კი ზემო იმერლებს ნუგეში და პირველი საცხრილო ქულა მოუტანა – 27:20.

„ავჭალა არენამ“, ‘ლოკომოტივი’-თეთრი წყაროს ‘იუნკერების’ ტურის დასკვნით შეხვედრასაც უმასპინძლა. პირველი ტაიმი გარისელთა უპირატესობით წარიმართა. ‘იუნკერთა’ მღლეტელ ავთო ნიკოლაძის ლელო ფულბეკმა არჩიალ იაშაღაშვილმა გარდასახა, ვინაც შემდგომში 4 ჯარიმაც ზუსტად შეასრულა. პირველ ტაიმში ‘იუნკერებმა’ 13 უპასუხო ქულა მიითვალეს.

„რკინიგზელები“ მეორე ტაიმში გამოფხიზლდნენ და მარბიელ რამაზ ბენდელიანის წყვილი გარდასახული ლელოებით მატჩის დამთავრებამდე 2 წუთით ადრე ანგარიშში ჩამორჩენა 5-ქულამდე შეამცირეს. ქვეყნის 10-გზის ჩემპიონს მატჩის გადასარჩენად დრო აღარ დარჩა, რამაც დავით ჩავლეიშვილის ბიჭები მეორე შეხვედრაშიც ნუგეშ-ქულის ამარა დატოვა. ‘იუნკერებმა’ შეხვედრა – 19:14 მოიგო და ლიდერთა მარაქაში ადგილი შეინარჩუნა.