დიდი 10 | ხვამლი 20:3 ხარები

თბილისის ‘ხვამლმა’ საქართველოს ჩემპიონ რუსთავის ‘ხარებს’ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი აგემა.

„ხვამლი არენაზე“ ორივე გუნდს ძალიან ბევრი შეცდომა ქონდა, თუმცა განსაკუთრებით სტუმრები სცოდავდნენ. მასპინძლებს უპირატესობა ქონდათ სტატიკაში, რითიც კარგად ისარგებლეს და სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

ანგარიში დებიუტშივე გაიხსნა. ‘ხვამლმა’ შერკინებიდან გაშალა შეტევა და გიორგი ჯობავას შებრუნებული პასის შემდეგ საბა არაგველმა ლელო, ალექსანდრე მარგიანმა კი გარდასახვა გაიტანა. ამის შემდეგ ტექნიკურმა წუნმა იმატა და ანგარიში ორჯერ, ტაიმის მიწურულს შეიცვალა. 31-ე წუთზე მარგიანის ჯარიმა ძელმა აისხლიტა, თუმცა რამდენიმე წუთში ბესიკ თაყნიაშვილის დარტყმულმა გაიარა ძელებსშუა. შესვენების წინ ჯარიმა ალექსი ზაზაძემ გაქვითა – 10:3.

მეორე ტაიმის დასაწყისში თაყნიაშვილმა ჯარიმით ‘ხვამლის’ უპირატესობა გაზარდა, საათის თავზე კი 2-წუთიანი აფეთქება ლელოთი დასრულდა. პირველ ჯერზე საბა კურტანიძის კარგი თამაშის შემდეგ ფრთაზე ზურა ლუტიძე გაიქცა, მაგრამ ბურთის დამიწებამდე ფეხი გვერდით ხაზს შეახო. თამაში რომ განახლდა ‘ხვამლმა’ სწრაფად შეუტია და ლუტიძისა და გიორგი ჯობავას კარგი თამაშის შემდეგ, ლელო კურტანიძემ გაიტანა, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

მარგიანი გარდასახვიდან ზუსტი იყო. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ‘ხარებმა’ ქულის აღება ვეღარ მოახერხა. ‘ხვამლმა’ კაცნაკლულადაც შეძლო (წითელი ბარათით ზურა ქობელაშვილი დაისაჯა) თავის დაცვა და 20:3 გაიმარჯვა.