დიდი 10 | ხვამლი 13:25 ლელო

2023/24 წლების დიდი 10-ის პირველ მატჩში, დედაქალაქურ დერბიში ‘ლელომ’ ‘ხვამლს’ 25-13 მოუგო და სეზონი გამარჯვებით გახსნა.

თამაშს მოწყურებული გუნდები მაღალ ტემპში ცდილობდნენ ბურთაობას, მაგრამ სეზონის სტარტზე ხშირი იყო ტექნიკური წუნი და ბურთის დაკარგვა. ამით სტუმრებმა უკეთ ისარგებლეს და „ხვამლი არენაზე“ სადებიუტო გამარჯვება იზეიმეს.

სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, შეხვედრა ორმხრივი შეტევებით დაიწყო. ანგარიშის გახსნის პირველი შანსი ‘ლელოს’ ჰქონდა, მაგრამ ჯარიმა არაზუსტი იყო. სამაგიეროდ ტაიმის შუაში ალექსანდრე მარგიანის დარტყმა იყო ზუსტი და სეზონის პირველი ქულებით ’ხვამლი’ დაწინაურდა.

‘ლელომ’ სახიფათო შეტევით უპასუხა და ოთარ ლაშხი ლელოს აუცილებლად გაიტანდა, მაგრამ წაქცეულმა მცველმა მას ფეხით ბურთი გააგდებინა. 29-ე წუთზე სტუმრებმა მოლით შეუტიეს, რომელიც სეზონის პირველი ლელოთი გიორგი ქობალიამ დაასრულა. 34-ე წუთზე დიდ დიღმელებმა თავისი ნახევრიდან სწრაფი ხელდახელ შეტევა წამოიწყეს, ბექა მამუკაშვილმა და ვაჟა მიქაძემ ის კიდემდე ლაშხს ჩაუტანეს და ფრთის მოთამაშემ ამჯერად ლელო მიითვალა, მიქაძემ კი გარდასახა – 3-12.

მეორე ტაიმის დასაწყისში მარგიანმა და მიქაძემ ჯარიმები გაცვალეს. ‘ლელო’ ბურთს და ტერიტორიას აკონტროლებდა, თუმცა ‘ხვამლმა’ ის კონტრშეტევაზე დაიჭირა, რასაც 5-მეტრიანში შერკინება მოყვა და მასპინძელთა ფორვარდების მიძალება ბექა მამრიკიშვილის ლელოთი დასრულდა. მარგიანმა გარდასახვით ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანა.

დასკვნით წუთებში მარჯვენა ფრთაზე შალვა აფციაური გააქტიურდა, რომლის გარღვევას ჯერ ფრიდონ წიკლაურის სინბინი და მიქაძის ჯარიმა მოყვა, მერე გიორგი კურტანიძის პასი შეირგო და ლელო გაიტანა. ლუკა ცირეკიძემ გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 13-25.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ლელოს’ შუამარბი იოანე მეტრეველი გახდა, რომელიც კარგი იყო დაცვაში და სტუმართა ხაზის შეტევებშიც აქტიურად მონაწილეობდა.