დიდი 10 | ხარები 80:3 აკადემია

საქართველოს ჩემპიონმა რუსთავის ‘ხარებმა’ თბილისის ‘აკადემიას’ 12 უპასუხო ლელო გაუტანა და 80:3 დაამარცხა.

„მხატვრები“ ერთი კვირის წინაც დიდი სხვაობით დამარცხდნენ (‘ბათუმთან’ 3:73), რუსთავში კი ერთით მეტი ლელო გაუშვეს. თავად ‘ხარებმა’ მეორე მატჩშიც შეძლო ბონუსის აღება და 10 ქულით ერთპიროვნულად გალიდერდა.

მასპინძელთა მხრიდან ორ-ორი ლელო სანდრო სვანიძემ, თამაზ ჭამიაშვილმა და გურამ ქანდაურიშვილმა მიითვალეს, დიმა ბერიძის, ლევან ჯებირაშვილის, გიორგი კერვალიშვილის, გიორგი გოგუაძის და ხვიჩა ბუჯიაშვილის ანგარიშზე კი თითო ლელოა. ‘რუსთავმა’ ერთი საჯარიმო ლელოც გამოიმუშავა, გიორგი ელოშვილმა 8, ხოლო იაგო მარსაგიშვილმა ერთი ზუსტი გარდასახვა შეასრულეს.

‘აკადემიამ’ 3 ქულა ერეკლე თათარაშვილის ჯარიმით მე-11 წუთზე აიღო და ანგარიში 3:5 გახადა, თუმცა მას მერე უპირატესობა მუდმივად იზრდებოდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ხარების’ კვაჭი თამაზ ჭამიაშვილი გახდა.