დიდი 10 | ყოჩები 17:8 არესი

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ დიდი 10-ის ახალი სეზონის პირველი ტურის დასკვნით მატჩში, ქუთაისის ‘არესს’ „რაგბი პლატოზე“ დაძაბულ ბრძოლაში 17-8 სძლია.

სტუმრებს ანგარიშის გახსნა პირველსავე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ 40 მეტრიდან დარტყმული ჯარიმა მიზანს ასცდა. საპასუხოდ ‘ყოჩებმა’ რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელა, 5-მეტრიანში ჯარიმის ნაცვლად შერკინება ირჩია, საიდანაც ბურთი ფრთაზე გავიდა და გლენ ცაკაუტინი ბურთში ხელის ჩარტყმისთვის სინბინით, მისი გუნდი კი საჯარიმო ლელოთი დაისაჯა.

გუნდები მაღალ ტემპში ცდილობდნენ თამაშს და ამით 23-ე წუთზე ბოლნისელებმა ისარგებლეს – გიორგი მელაძის დროული გადაცემის შემდეგ, ნიკოლოზ თეზელაშვილი მარჯვენა ფრთაზე გაიქცა და ლელომდე 25-30 მეტრი ირბინა. ლაშა მალაღურაძემ გარდასახა. ტაიმის ბოლოს ‘არესმა’ ფეხით თამაშის შემდეგ ფრთაზე გაშალა ბურთი და რატუ ტაბუნას კარგი თამაშის შემდეგ, ფრთაზე ცაკაუტინი გაიქცა. გარდასახვა არაზუსტი იყო – 14-5.

მეორე ტაიმში გუნდებმა 35 წუთი უქულოდ იბურთავეს. ამ პერიოდში ‘არესს’ 1 ჯარიმა გაუცუდდა და კიდევ ერთხელ დარჩა მოედანზე კაცნაკლული (ზურა ოდიკაძე სინბინში). შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ქუთაისელებმა ბონდო აბაშიძის ჯარიმით ჩამორჩენა 6 ქულამდე დაიყვანეს, თუმცა გაწითლებულ დროზე დაჯარიმდნენ, მალაღურაძე ზუსტი იყო და ‘არესს’ ნუგეშიც არ გაატანა.

ამრიგად, სეზონის პირველ მატჩში ‘ყოჩებმა’ 17-8 იმარჯვა, საუკეთესო მოთამაშე კი ნიკოლოზ თეზელაშვილი გახდა.