დიდი 10 | ყოჩები 16:8 აია

ბოლნისის ‘ყოჩებმა’ „რაგბი პლატოზე“ ქუთაისის ‘აიას’ 16:8 სძლია და დიდი 10-ის ახალი სეზონის სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

თამაში მძიმე და არასანახაობრივი გამოდგა. ორივე გუნდი მრავლად უშვებდა შეცდომას. სათამაშო უპირატესობა სტუმრების მხარეს იყო, თუმცა მატჩის მიწურულს მასპინძლებმა იმძლავრეს და სასურველი შედეგი დააფიქსირეს.

ანგარიში ლაშა მალაღურაძემ ჯარიმით გახსნა, რაზეც ელგუჯა მახარეიშვილმა ჯარიმითვე უპასუხა. შესვენებამდე სტუმრებს დაწინაურება შეეძლოთ, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯარიმა მიზანს ასცდა – 3:3.

48-ე წუთზე მალაღურაძემ ჯარიმით ‘ყოჩებს’ ლიდერობა დაუბრუნა, თუმცა ბოლნისელებმა 53-ე და 59-ე წუთებზე სინბინით ლაშა საჯაია და კოტე იაშვილი დაკარგეს. ‘აიამ’ ორკაციანი უპირატესობით მყისიერად ისარგებლა და საბა ერემეიშვილმა ლელოთი ქუთაისელები დააწინაურა.

დასკვნით წუთებში ინიციატივას ‘ყოჩები’ დაეუფლა, რასაც ილია გაბისონიას სინბინი და მალაღურაძის ახლოდან გატანილი ჯარიმა მოყვა. 76-ეზე მასპინძლებმა კარგად გაითამაშეს მეტობა და გიორგი გამყრელიძემ ლელო გაიტანა, მალაღურაძემ კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 16:8.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი გამყრელიძე გახდა.