დიდი 10 | ყაზბეგი 3:16 ლელო

თბილისის ‘ლელომ’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგი’ „ავჭალაზე“ გამართულ დაძაბულ ბრძოლაში 16:3 დაამარცხა და დიდი 10-ის ახალ სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა

ჩემპიონატი ორივე გუნდმა გამარჯვებით გახსნა და წარმატებული სერიის გაგრძელება ორივეს სურდა. გუნდები მაღალ ტემპში, ხელდახელ თამაშით ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას, თუმცა დაცვა შეტევაზე უკეთ გამოიყურებოდა.

ანგარიშის გახსნა სტეფანწმინედელებს ჯარიმით შეეძლოთ, მაგრამ ოთარ ტალახაძის დარტყმული არაზუსტი იყო. 37-ე წუთზე ჯარიმა ‘ლელოს’ ფულბეკ ვაჟა მიქაძესაც გაუცუდდა, თუმცა მან მე-16 და 41-ე წუთებზე მოახერხა ზუსტი დარტყმების შესრულება და სტუმრები 6:0 დააწინაურა.

დავით მოძღვრიშვილმა ერთი ჯარიმა 56-ე წუთზე გაქვითა, მაგრამ ‘ლელო’ ინიციატივას ფლობდა და 63-ე წუთზე ლუკა ცირეკიძემ ჯარიმით 6-ქულიანი უპირატესობა აღადგინა. ორიოდე წუთში ‘ყაზბეგმა’ ბურთი რაქში დაკარგა, ის სწრაფად გავიდა ფრთაზე და შალვა აფციაურმა შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა, ლუკა ცირეკიძემ კი, რომელიც მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რთული პოზიციიდან გარდასახვით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 16:3 ‘ლელოს’ სასარგებლოდ.