დიდი 10 | ყაზბეგი 25:22 აია

სტეფანწმინდის ‘ყაზბეგმა’ დიდი 10-ის ახალი სეზონი გამარჯვებით გახსნა. მან ქუთაისის ‘აიას’ თბილისში, „ავჭალაზე“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 25-22 აჯობა.

ნომინალური მასპინძლები უპირატესობას ფლობდნენ შერკინებასა და ძალისმიერ თამაშში. ‘აია’ დისციპლინაში მოიკოჭლებდა და მიუხედავად იმისა, რომ ‘ყაზბეგი’ 30-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

შეხვედრა ძლიერი ქარის ფონზე წარიმართა, რომელიც პირველ ტაიმში ზურგს სტეფანწმინდელებს უმაგრებდა. ანგარიში გიორგი ბაბუნაშვილმა ჯარიმით დებიუტშივე გახსნა. ‘ყაზბეგმა’ ჯარიმით პასუხს ლელოზე თამაში არჩია და მე-12 წუთზე მიზანსაც უწია – ფორვარდების მიძალების შემდეგ გიგა ჯულუხაძემ თავისი გუნდი დააწინაურა, ოთარ ტალახაძემ კი გარდასახა.

29-ე წუთზე სახიფათო ბოჭვისთვის ნიკა ბაგაშვილმა წითელი ბარათი მიიღო და ‘ყაზბეგი’ კაცნაკლული დარჩა, მაგრამ 3 წუთში სტეფანწმინდელებმა დერეფნიდან მოლი დააყენეს, მას ლევან ჭავჭავაძე მოწყდა და ლელო გაიტანა. გარდასახვა არაზუსტი იყო, თუმცა 35-ე წუთზე ოთარ ტალახაძემ ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. პირველი ტაიმის ბოლოს ‘აიამ’ მაღალ ტემპში შეუტია, ოთარ მეტრეველმა ხაზი გაჭრა და სანამ ლელოში შევიდოდა მასზე მაღალი ბოჭვა შესრულდა. შედეგად, შოთა ცაგარეიშვილმა საჯარიმო ლელო ჩასტვინა და გუგუა ხულელიძე სინბინში გაისტუმრა.

13 კაცით მოთამაშე ‘ყაზბეგმა’ მეორე ტაიმის დებიუტში ფორვარდებით შეუტია და ჭავჭავაძემ თავისი მეორე ლელო გაიტანა. ამ ეპიზოდში ყვითელი ბარათი ჩიუტა მბიაუ მბატირერენგამ მიიღო. გარდასახვა არაზუსტი იყო და ორიოდე წუთში ‘აიამ’ ჩამორჩენა 3 ქულამდე შეამცირა. მათ ხელდახელ შეუტიეს და ოთარ მეტრეველმა თავის სახელზე ლელო მაინც ჩაიწერა, ბაბუნაშილი კი გარდასახვიდან ზუსტი იყო.

63-ე წუთზე ფეხით შეცურებულ ბურთს ორი სტეფანწმინდელი მიყვა და ტალახაძემ ის ალამთან დაამიწა. ‘აიას’ მალევე შეეძლო საპასუხო ლელოს გატანა, მაგრამ მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლევან ჭავჭავაძემ მეტოქეს ფაქტობრივი ლელო ხელიდან გამოაცალა. 77-ე წუთზე ქუთაისელებმა მაინც შეძლეს ლელოს გატანა. ამირან შვანგირაძემ კონტრშეტევა საკუთარი 22-იდან წამოიწყო, გზად რამდენიმე მცველს აუარა გვერდი და ლამაზი, ინდივიდუალური ლელო გაიტანა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა და ‘ყაზბეგმა’ 25-22 გაიმარჯვა, ‘აია’ კი ნუგეშის ქულას დასჯერდა.