დიდი 10 | ყაზბეგი 21:32 ბათუმი

‘ბათუმმა’ სტეფანწმინდის ‘ყაზბეგის’ წინააღმდეგობა დასკვნით წუთებში გატეხა, 32:21 დაამარცხა და დიდი 10-ის ახალი სეზონის სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

„ავჭალაზე’ გამართული მატჩის საწყის წუთებში უპირატესობას სტუმრები დაეუფლნენ და მამუკა ნინიძემ ჯარიმით ანგარიში გახსნა. ოთარ ტალახაძემ ჯარიმა მალევე გაქვითა, ტაიმის შუაში კი სტეფანწმინდელების მოლიდან გამოსული ბურთი ნიკა გიგაურმა ლელოდ აქცია და ტალახაძემ გარდასახა. ‘ბათუმმა’ 4 წუთში უპასუხა, ჯარიმის ნაცვლად 5-მეტრიან წყვეტილთან შერკინება ირჩია, ჭრაზე გიორგი წიკლაურმა ითამაშა და ლელო გაიტანა. ნინიძემ გარდასახვით წონასწორობა აღადგინა, 34-ეზე კი ჯარიმით თავის გუნდს ლიდერობა დაუბრუნა – 10:13.

მეორე ტაიმში ზღვისპირელთა უპირატესობა გამოიკვეთა. 49-ე წუთამდე ‘ყაზბეგი’ თავს იცავდა, თუმცა 49-ე წუთზე მეტოქის მოლს ვერაფერი მოუხერხა და ვაჟა თაგაურის ლელოს გარდა სინბინითაც დაისაჯა (გიგა ჯულუხაძე). კაცნაკლულმა სტეფანწმინდელებმა შეძლეს თამაშის მეტოქის ნახევარზე გადატანა, იქ ორი ჯარიმა გამოიმუშავეს და ტალახაძემ სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანა.

‘ბათუმმა’ მიზნად მეტოქის საბოლოოდ გატეხვა დაისახა, ჯარიმა კარში აღარ დაარტყა, 63-ე წუთზე აქცენტი კვლავ მოლზე გააკეთა და გიორგი მენაბდის ლელო ნინიძემ გარდასახა. მასპინძლებმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლეს, 68-ე წუთზე თავად ააგორეს მოლი და ნოშრე ფაფიაშვილმა ლელოთი სხვაობა კვლავ შეამცირა. გარდასახვა არაზუსტი იყო.

დასკვნით 10 წუთში სტუმრები სრულად დაეუფლნენ ინიციატივას, მასპინძლები წნეხში მოაქციეს, შეცდომები დააშვებინეს და ორი ლელო გაიტანეს, მაგრამ ვიდეო-რეფერიმ ორივე გააუქმა. და მაინც, გაწითლებულ დროზე ‘ბათუმმა’ შეძლო მეტოქის დაცვის გარღვევა, ზურაბ ძნელაძემ ლელო, ხოლო ნინიძემ გარდასახვა გაიტანა და ‘ბათუმმა’ თბილისში 32:21 იმარჯვა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘ბათუმის’ მგეზავი მამუკა ნინიძე გახდა.