დიდი 10 | ბათუმი 27:23 ხვამლი

‘ბათუმმა’ თბილისის ‘ხვამლთან’ უპირატესობა დასკვნით 20 წუთში მოიპოვა, სამი ლელო გაიტანა და დიდი 10-ის მეორე ტურში 27:23 გაიმარჯვა.

„ბათუმი არენაზე“ გამართული შეხვედრა დაძაბული გამოდგა. სტუმრები პირველ ტაიმში დომინირებდნენ, თუმცა მასპინძელთა შემცვლელებმა უკეთ ითამაშეს და საკუთარ გუნდს სეზონში მიჯრით მეორე გამარჯვება მოუპოვეს.

‘ხვამლს’ მოლის შემდეგ პირველი ლელოს გატანა დებიუტშივე შეეძლო, თუმცა ბათუმელებმა თავი დაიცვეს. მერე მასპინძლებს ჯარიმა გაუცუდდათ, მე-13 წუთზე კი ბესიკ თაყნიაშვილმა 40 მეტრიდან გატანილი ჯარიმით სტუმრები დააწინაურა. 30-ე წუთზე მამუკა ნინიძემ ჯარიმითვე წონასწორობა აღადგინა, მაგრამ თაყნიაშვილმა მალევე მეორე ზუსტი დარტყმა შეასრულა – 3:6.

მეორე ტაიმის დებიუტში მარცხენა ფრთაზე საბა არაგველი ორ მცველს გაექცა და შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, თაყნიაშვილმა კი გარდასახა. ტაიმის შუაში დურმიშხან ჯაბნიძემ და თაყნიაშვილმა თითო ზუსტი დარტყმა გაცვალეს და გუნდები დასკვნით მეოთხედში შევიდნენ.

‘ბათუმის’ მარქაფამ შერკინებაში იმძლავრა, რასაც 64-ე წუთზე გიორგი კაკაურიძის სინბინი, ერთ წუთში კი საჯარიმო ლელო მოყვა. 70-ე წუთზე მასპინძლებმა უკვე მოლით დაფარეს 5 მეტრი და ვაჟა თაგაურმა საკუთარი გუნდი პირველად დააწინაურა, ხოლო ჯაბნიძემ რთული პოზიციიდან შესრულებული გარდასახვით უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა.

77-ე წუთზე ‘ხვამლს’ ლელოს გატანის კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ შეტევის სწორი გაგრძელება ვერ იპოვა, ჯარიმის გათამაშების შემდეგ კი ბურთი დაკარგა, რასაც 95-მეტრიანი კონტრშეტევა და გიორგი წიკლაურის ლელო მოყვა. ჯაბნიძემ გარდასახა. თბილისელებმა ბოლომდე იბრძოლეს, გაწითლებულ დროზე უკვე თავად გამოიმუშავეს საჯარიმო ლელო და ნუგეშის ქულას გამორჩნენ – 27:23 ‘ბათუმის’ სასარგებლოდ. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ზღვისპირელთა ლეგიონერი მეტეუ სეკელე გახდა.