დიდი 10 | არწივები 3:24 ხარები

საქართველოს ჩემპიონმა რუსთავის ‘ხარებმა’, ახალი სეზონის პირველ მატჩში დებიუტანტი, ოზურგეთის ‘არწივები’ 24-3 დაამარცხა და ტიტულის დაცვა ბონუს-გამარჯვებით დაიწყო.

ოზურგეთელებმა მეტოქეს ფოთში, „პარკი არენაზე“ უმასპინძლეს. ნომინალური მასპინძლების სასტარტო შემადგენლობაში 6 ლეგიონერი იყო, ერთი კი მარქაფაში. შეხვედრა მათი შეტევებით დაიწყო და მარვინ ფრედერიქსმა გასატანი პოზიციიდან ანგარიში გახსნა. დარჩენილ 76 წუთში ‘არწივებმა’ კიდევ ორი ჯარიმა დაარტყა კარში, ორივე მეორე ტაიმის დასაწყისში, თუმცა ბურთი მიზანს ასცდა.

მასპინძლებმა რამდენჯერმე სახიფათოდ გაჭრეს ხაზი, თუმცა ‘ხარებმა’ თავი დაიცვა და საწყისი 20 წუთის შემდეგ ინიციატივას დაეუფლა. შედეგად, ‘არწივებმა’ სინბინით ჯერ ზურაბ გოთაიძე, მერე კი ჯამბა ულენგო დაკარგა. გაჩენილი სივრცეებით კარგად ისარგებლა პაატა ბურჭულაძემ, რომელმაც შეხვედრის პირველი ლელო გაიტანა, ალექსი ზაზაძემ გარდასახა და ტაიმი 3-7 დასრულდა.

აცილებული ჯარიმების შემდეგ, ‘არწივებს’ მეორე ტაიმის შუაში ლელოს გატანის შანსიც ჰქონდა, მაგრამ ‘ხარებმა’ თავი დაიცვა. ერთ-ერთ ეპიზოდში ამას სინბინით ბაქარ ზედგინიძე შეეწირა, თუმცა სტუმრებმა შეძლეს მატჩის მსვლელობაში გარდატეხის შეტანა, ხელდახელ შეტევით უპირატესობის შექმნა და თამაზ ჭამიაშვილის ოფლოუდის შემდეგ ბურჭულაძემ მეორე ლელო გაიტანა.

70-ე წუთზე გურამ ქანდაურაშვილმა გაჭრა ხაზი, მას კარგად მიყვა ბურჭულაძე და ოზურგეთელები მესამედ დაალელოვა. ამჯერად გიორგი პეტრიაშვილის გარდასახვა ზუსტი იყო. შეხვედრის მიწურულს ‘ხარებმა’ უკვე დერეფნიდან გაითამაშა კარგი კომბინაცია, რომელიც გიორგი კერვალიშვილის ლელოთი დასრულდა და ‘ხარებმა’ ბონუსით, 24-3 გაიმარჯვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე 3 ლელოს ავტორი პაატა ბურჭულაძე გახდა.