დიდი 10 | არესი 27:29 ლელო

70 წუთის განმავლობაში კაცნაკლულად მოთამაშე თბილისის ‘ლელომ’ პირველ ტაიმში მოპოვებული უპირატესობა შეინარჩუნა და ქუთაისში ‘არესი’ 29:27 დაამარცხა.

მასპინძლებმა დასკვნით 5 წუთში სამი ლელო გაიტანეს, თუმცა მხოლოდ ერთი გარდასახეს და ნუგეშის ქულას დასჯერდნენ. ‘ლელომ’ სეზონის სტარტზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა.

თამაში რომ დაიწყო ქუთაისელები ფეხით გადაკიდებულ ბურთზე თამაშისას შეცდნენ, მას შალვა აფციაური დაეუფლა და ანგარიში 27-ე წამზე გახსნა. ლუკა ცირეკიძემ გარდასახა და მას შემდეგ კიდევ 22 ქულა მოიხვეჭა.

მე-6 წუთზე ცირეკიძემ საკუთარი 22-იდან წამოიწყო კონტრშეტევა, სოლო რეიდით 80 მეტრი დაფარა და თავისი პირველი ლელო გაიტანა. მე-11 წუთზე გიგა გრიგალაშვილმა სახიფათო ბოჭვისას ტრავმაც მიიღო და წითელი ბარათიც, რის გამოც ‘ლელო’ მთელი დარჩენილი დრო კაცნაკლული დარჩა. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა მალე კიდევ ორი ლელო გაიტანეს. 22-ე წუთზე ცირეკიძემ ლელოთი კონტრშეტევა დააგვირგვინა, 27-ეზე კი რამდენიმე მბოჭავს მოხდენილად აუარა გვერდი და ერთი გარდასახვაც შეასრულა – 24:0.

‘არესმა’ ტაიმის ბოლოს უპასუხა, როდესაც დერეფნიდან გათამაშებული კომბინაცია არსენ მაჩალაძის ლელოთი დასრულდა. 49-ე წუთზე გაგა ქევხიშვილის კარგი თამაშის შემდეგ ცირეკიძემ თავისი მეოთხე ლელო გაიტანა, რაზეც მასპინძლებმა 5 წუთში მოლით და გიგა კობახიძეს ლელოთი უპასუხეს.

75-ე წუთამდე ანგარიში აღარ შეცვლილა და თითქოს ისღა იყო საკითხავი, შეძლებდა თუ ვერა ‘ლელო’ ბონუსის შენარჩუნებას, მაგრამ მერე ‘არესმა’ იფეთქა და სამი ლელო გაიტანა. პირველ ჯერზე გუგა მარგველაშვილმა 5-მეტრიანი შერკინებიდან გაიტანა ბურთი და მცველს ერთი-ერთზე აჯობა; მერე ფეხით გადაკიდებულ ბურთზე სოლომონ რაზმაძემ ითამაშა კარგად და ლელო ანდრო ახვლედიანმა გაიტანა; სულ ბოლოს კი მოლი გიგა კობახიძის მეორე ლელოთი დასრულდა. ბონდო აბაშიძემ ამ სამიდან მხოლოდ პირველი ლელო გარდასახა, ბოლო დარტყმა ძელმა აისხლიტა და თბილისელებმა გამარჯვების შენარჩუნება მოახერხეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლუკა ცირეკიძე გახდა.