დიდი 10 | აია 33:21 არესი

ქუთაისურ დერბიში ‘აიამ’ ‘არესს’ 33:21 მოუგო და დიდი 10-ის მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება ჩაიწერა.

„აია არენაზე“ ნომინალურმა მასპინძლებმა 5 უპასუხო ლელო გაიტანეს, თავად ქულები მხოლოდ ჯარიმებით მიიღეს და ბონუს-ქულაც ჩაიწერეს.

თამაში ქარისა და წვიმის ფონზე წარიმართა. ‘არესი’ უპირატესობას შერკინებაში ფლობდა, მაგრამ დერეფანში თამაში ვერაფრით დააწყო. ‘აია’ კი მეტოქეს ხელდახელ შეტევებით უქმნიდა საფრთხეს, თუმცა დისციპლინაში მოიკოჭლებდა და ‘არესი’ გამარჯვების იმედს ბოლო წუთამდე ინარჩუნებდა.

შეხვედრა ‘აიას’ შეტევებით დაიწყო და ორი ლამაზი ლელოც გაიტანა. მე-6 წუთზე კონტრშეტევისას ბურთი ფრთაზე კარგად გაიშალა და ოთარ მეტრეველმა ანგარიში გახსნა. ლელო ნიკა ღლონტმა გარდასახა. ტაიმის შუაში შერკინების შემდეგ გუჯა მახარეიშვილმა გაჭრა ხაზი და ლელოში ბურთი ნოდარ დოლიძეს შეაყოლა. თავად მახარეიშვილმა გარდასახვა გამოიყენა. ამაზე ბონდო აბაშიძემ 5 ჯარიმით უპასუხა, კიდევ ორი დარტყმა გაუცუდდა და ტაიმი 14:15 დასრულდა.

აბაშიძემ 48-ე წუთზე ჯარიმით უპირატესობა 4 ქულამდე გაზარდა, თუმცა ‘აიამ’ ორიოდე წუთში ლიდერობა დაიბრუნა. ‘არესმა’ ბურთი დაკარგა, მერე დაჯარიმდა, რასაც დერეფნიდან გათამაშებული კომბინაცია და შოთა არეშიძის ლელო მოყვა. მახარეიშვილს გარდასახვის გარდა გასატანი ჯარიმაც გაუცუდდა, რამაც აბაშიძეს 68-ე წუთზე ‘არესის’ კიდევ ერთხელ დაწინაურების შესაძლებლობა მისცა, მაგრამ მისი დარტყმულიც არაზუსტი იყო.

მატჩის მიწურულს ძლიერი წვიმა წამოვიდა, ‘აიამ’ კი გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. 76-ე წუთზე აგორებული მოლი დავით ვარდანიძის ლელოთი დასრულდა და მახარეიშვილმა გარდასახვით საკუთარ გუნდს გამარჯვება დაუბევა. ‘არესმა’ ჯარიმით ჩამორჩენა 5 ქულამდე დაიყვანა და პირველი საცხრილო ქულის აღების შანსი გაუჩნდა, თუმცა გაწითლებულ დროზე მახარეიშვილმა შერკინების შემდეგ გაჭრა ხაზი და ლელო ამირან შვანგირაძეს გაატანინა, თავად კი გარდასახვით საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 33:21.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ‘აიას’ 9 ნომერი ნოდარ დოლიძე გახდა.