ბორჯღალოსნები | ფიჯისთან გაფრენა ვერ შედგა

გაწითლებულ დროზე გელა აფრასიძის ფეხით გადაკიდებულ ბურთს ორი ბორჯღალოსანი მიყვა, მაგრამ ლუკა მატკავას ილაისა ნდროასესემ დაასწრო, ოვალი ფეხით კიდის ხაზს იქით მოიგერია და ფიჯის დრამატულ მატჩში 17:12 მოაგებინა.

ეს იყო ამ გუნდების მე-7 დაპირისპირება და კუნძულელებმა მეხუთედ შეძლეს გამარჯვება, ერთი თამაში ფრედ დასრულდა, ერთში კი საქართველომ იმარჯვა. 2019 წლის მსოფლიო თასზე ფიჯიმ 45:10 გაიმარჯვა, ამჯერად კი სხვაობა მხოლოდ 5 ქულა იყო და თავდადებული ბრძოლისთვის ჩვენს გუნდს 1 ნუგეშის ქულა ერგო.

შედეგად, გ ჯგუფს სამი თამაშიდან 14 ქულით უელსი ლიდერობს, ფიჯი 10 ქულით მეორეზეა, ავსტრალიას 6 ქულა აქვს, საქართველო 3 ქულით მე-4 პოზიციაზეა, პორტუგალიას კი 2 ქულა რჩება. დასანანი ისაა, რომ ფიჯისთან გამარჯვების შემთხვევაში, საქართველო უელსთან მატჩის წინ ჯგუფიდან გასვლის თეორიულ შანსს შეინარჩუნებდა.

უშუალოდ ამ შეხვეედრაში, ბორჯღალოსნები დომინირებდნენ პირველ ტაიმში. მეტოქეს უპირატესობა ჰქონდა შერკინებაში, თუმცა ხისტი და დომინანტური ბოჭვებით მათ ხშირ შემთხვევაში უკან ვახევინებდით და წნეხში შეცდომებს ვაშვებინებდით. არასტაბილური იყო, თუმცა უპირატესობა გვქონდა დერეფანში (9 მოწოდებიდან მოვიგეთ 7; ფიჯიმ 16-იდან 11).

ბურთის ფლობისა და ტერიტორიის მხრივ ოდნავი უპირატესობა მეტოქის მხარეს იყო (ორივე 56/44). ხელდახელ თამაშში საქართველო უკეთ გამოიყურებოდა და 28-ჯერ შევძელით მცველის გაბითურება (ფიჯიმ 17-ჯერ), მაგრამ მეტოქემ თავისი შესაძლებლობები უკეთ გამოიყენა.

საუკეთესო პირველი ტაიმი

ბორჯღალოსნებმა განსაკუთრებით კარგი თამაში პირველ ტაიმში აჩვენეს. 40 წუთის განმავლობაში საქართველო აგრესიული იყო დაცვაში და მეტოქეს სივრცეებს პრაქტიკულად არ უტოვებდა. ფიჯიმ მხოლოდ ერთხელ, ტაიმის მიწურულს შეძლო ხაზის სახიფათოდ გაჭრა, თუმცა თავი იმ ეპიზოდშიც დავიცავით.

ანგარიშის გახსნა დებიუტშივე შეგვეძლო – მირიან მოდებაძის კარგი წაღების და რამდენიმე დარტყმის შემდეგ, აკა ტაბუცაძემ ფრთაზე პასი ვერ შეიმაგრა. მე-5 წუთზე ლუკა მატკავას ჯარიმით მაინც დავწინაურდით, მერე კი მორიგი კარგი შეტევით მეტოქის 22-ში შევედით და ფრთაზე მეტობაც გვქონდა, მაგრამ ამით ვერ ვისარგებლეთ.

სამწუხაროდ, მალევე დაგვემტვრა თენგიზ ზამთარაძე და ლაშა ჯაიანი, რომელთა შეცვლა მწვრთნელებს დაუგეგმავად მოუწიათ. ტრავმებმა განსაკუთრებით მეორე ტაიმში იჩინა თავი, რის გამოც გარკვეული პერიოდით მესამეხაზელის ნაცვლად თამაშში თორნიკე კახოიძეს მოუწია ჩართვა.

კახოიძეს, ლუკა ნიორაძეს და მიხეილ გაჩეჩილაძეს მსოფლიო თასზე, ირაკლი აფციაურს კი ფიჯისთან სულაც სანაკრებო დებიუტი ჰქონდა.

საწყისი 10 წუთის შემდეგ დაცვაში მოგვიწია თამაში, მერე საქართველომ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა, დავით ნინიაშვილმა თავისი ნახევრიდან, დაახლოებით 55 მეტრიდან გაიტანა და უპირატესობა გაზარდა. ფიჯი მორიგი აფეთქებისას ლელოსთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მატკავამ თავგანწირული ბოჭვით მეტოქის ბურჯს ლელოს გატანის შესაძლებლობა არ მისცა, 30-ე წუთზე კი ნინიაშვილმა შორიდან, 48 მეტრიდან ერთხელაც გაისროლა – 9:0.

37-ე წუთზე მატკავამ არეკნით სცადა უპირატესობის გაზრდა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა. მერე ნინიაშვილმა გვიხსნა 100%-იანი ლელოსგან, რასაც ჩვენი კონტრშეტევა და აკა ტაბუცაძის ლელო მოყვა, თუმცა მსაჯმა საეჭვო ვითარებაში ლელო გაგვიუქმა და ტაიმი 9:0 დასრულდა.

დრამატიზმი ბოლო წუთამდე

სამწუხაროდ, მერე ტაიმში სურათი ისევ შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მატჩის განახლებისთანავე რადრადრამ ყვითელი ბარათი მიიღო და ფიჯი მისსავე 22-ში რამდენჯერმე დავაჯარიმეთ, ამ უმნიშვნელოვანეს პერიოდში ქულა ვერ ავიღეთ. ამას ისიც დაერთო, რომ ჩვენს 22-თან დერეფანი წავაგეთ, დაცვაში ვეღარ გადავეწყეთ და ვაიასე ნაიათალევუმ ტაბუცაძესთან ჭიდილში ლელო გაიტანა.

ფრანკ ლომანიმ ურთულესი პოზიციიდან გარდასახვა გაიტანა, მალე გასატანი პოზიციიდან ჯარიმა გაუცუდდა, თუმცა 66-ეზე მისი დარტყმული ზუსტი იყო და ფიჯი პირველად დაწინაურდა. 69-ე წუთზე საქართველოს მოქანცული დაცვა ერთხელაც გაირღვა, ლევანი მბოტიას ოფლოუდი ვინაია ჰამბოსიმ შეირგო და მისი ლელო ლომანიმ გარდასახა. ამ ეპიზოდში რაქში გადაყრისას თავში ძლიერი დარტყმა მიიღო ბექა საღინაძემ, მაგრამ ეპიზოდი არ გადამოწმდა.

საპასუხოდ ჯარიმის 45 მეტრიდან კარში დარტყმას ლელოზე თამაში ვარჩიეთ და ჯერ ნიორაძეს დაუვარდა ბურთი მეტოქის 22-ში, მერე კახოიძე გადაიყვანეს აუტში. რადგან სხვაობა 8 ქულა იყო და დრო ცოტა რჩებოდა, შეხვედრის მიწრულულს ჩვენი 22-იდანაც ხელდახელ ვუტევდით და 79-ე წუთზე მაღალი ბოჭვისთვის სინბინით ტუისოვა დაისაჯა. მატკავამ 42 მეტრიდან სხვაობა 5 ქულამდე დაიყვანა და საქართველოს მოსაგებად ბოლო შეტევა დარჩა.

ეს შეტევა გამოვიდა და გამარჯვების რეალური შანსიც გაჩნდა, მაგრამ აფრასიძის გარღვევისა და ფეხით თამაშის შემდეგ, ბურთი მეტოქისთვის ხელსაყრელად ახტა და ფიჯიმ თასის მეოთხედფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა – 17:12, ბორჯღალოსნებს კი წარმოუდგენლად თავდადებული თამაშისთვის მხოლოდ ნუგეში შეხვდათ.

„ვამაყობ ჩემი გუნდის თამაშით, თუმცა სამწუხაროდ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ვულოცავ ფიჯის ამ მოგებას, ჩვენ კი გავაგრძელებთ მუშაობას და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა უელსთან ქართული რაგბი საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ“ – განაცხადა ნამატჩევს მიხეილ ნარიაშვილმა, რომელმაც ფიჯისთან გუნდს მეექვსედ უკაპიტნა.

2023 წლის მსოფლიო თასი. IV ტური. გ ჯგუფი

საფრანგეთი. ბორდო „სტად დე ბორდო“. 30 სექტემბერი

საქართველო – ფიჯი 12:17 (9:0)

საქართველო

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 11. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი, კაპ.), 2. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლაშა ჯაიანი (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ნიკა აბულაძე (ექსეთერ ჩიფსი), 18. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი); 21. გელა აფრასიძე (ბეიონი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. თორნიკე კახოიძე (შავი ლომი).

4 ჯარიმა: მატკავა (2), ნინიაშვილი (2)