ბორჯღალოსნები | მეოთხე ფრე პორტუგალიასთან

2023 წლის მსოფლიო თასის მეორე მატჩში, ბორჯღალოსნებმა პორტუგალიასთან მეორე ტაიმი სრულად დათმეს და მხოლოდ ფრეს გამორჩნენ – 18:18.

პორტუგალიასთან აქამდე 25-ჯერ გვქონდა ნათამაშები და მეტოქემ მხოლოდ 4 მათგანში მოახერხა გამარჯვება, ისიც 2005 წლამდე. ბოლო 18 შეხვედრიდან საქართველოს 15 ჰქონდა მოგებული, 3 ჯახი კი ფრედ დასრულდა. მართალია „ლობუშთან“ წაუგებელი თამაშების სერია გავაგრძელეთ, მაგრამ ფრის ხარჯზე, რაც ამ ეტაპზე პორტუგალიისთვის უფრო მისაღები შედეგია.

ტულუზში შეკრებილმა მაყურებელმა ორი განსხვავებული ტაიმი იხილა. პირველ 30 წუთში საქართველო სრულად დომინირებდა. ის აგრესიული იყო დაცვაში და მრავალფეროვანი შეტევაში, რასაც სახიფათო მომენტი რამდენჯერმე მოყვა, მაგრამ შესაძლებლობების უმრავლესობა ტექნიკური წუნის გამო განიავდა.

თამაში დაიწყო თუ არა ბორჯღალოსნებმა ფაზები აკინძეს, დავით ნინიაშვილმა ხაზი გაჭრა და ოფლოუდით ლელოში აკაკი ტაბუცაძე შეუშვა, რომელმაც თავისი 30-ე ლელო გაიტანა. თედო აბჟანდაძის შემდეგ ჯარიმებიც უნაკლოდ შეასრულა და 32-ე წუთისთვის ყველაფერი კარგად მიდიოდა – 13:0.

34-ე წუთზე პორტუგალიამ პირველად შეძლო შეტევის ორგანიზება, ინდივიდუალური შეცდომებით ისარგებლა, სტორტიმ ხაზი გაჭრა და საპასუხო ლელო გაიტანა. ტაიმის ბოლოს მეტოქემ ერთხელაც გაამწვავა თამაში, რასაც საქართველოს სახიფათო კონტრშეტევა და ფერნანდეშის სინბინი მოყვა, მაგრამ ვერც მოლით და ვერც ღია თამაშით ლელოს გატანა ვერ მოხერხდა.

მოულოდნელად, მეორე ტაიმი საპირისპირო სცენარით დაიწყო. ჩვენი გუნდი თითქოს სრულად მოიშალა, პორტუგალიამ ბურთზე კონტროლი დაამყარა და ორი ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, 57-ე წუთზე კი სტორტიმ ერთხელაც გაჭრა ხაზი და ლელოთი თავისიანები დააწინაურა, გარდასახვის შემდეგ კი პორტუგალიის უპირატესობა 5 ქულამდე გაიზარდა.

ბორჯღალოსნებს სწრაფად შეეძლოთ პასუხის გაცემა და კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ბექა გორგაძე ლელოშიც შევიდა, მაგრამ ბურთის დამიწება არ დაანებეს. მერე დიდი ხნით შეტევის დალაგება გაგვიჭირდა, თუმცა დასკვნით წუთებზე ბორჯღალოსნებმა შეძლეს 22 ფაზის აკინძვა, რასაც მეტოქის 22-მეტრიანთან ჯარიმა მოყვა. 5-მეტრიანი დერეფნიდან აგორებულ მოლში უკანახაზელებიც ჩაერთვნენ და ვიდეო რეფერიმ დაადასტურა, რომ თენგიზ ზამთარაძემ ლელო გაიტანა.

ლუკა მატკავას გარდასახვა ოდნავ არაზუსტი იყო და ანგარიში საყაიმო დარჩა. განახლდა თუ არა თამაში დავჯარიმდით, დრო უკვე ამოწურული იყო, მეტოქემ კარში დარტყმა ირჩია და ბურთს ძელებს შორის რომ გაევლო, „ლობუში“ მსოფლიო თასზე პირველ გამარჯვებას იზეიმებდა, ასე კი მხოლოდ ფრეს დასჯერდა – 18:18.

„ეს რაგბია და მოსაგებად ერთი ტაიმი არ კმარა“ – განაცხადა ნამატჩევს ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა – „პირველ ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მეორეში კი პორტუგალია ყველა კომპონენტში დომინირებდა. ძალიან ბევრი ბურთი დავკარგეთ და როდესაც შესაძლებლობები გვქონდა, ისინი ვერ გამოვიყენეთ. კარგი მეორე ნახევარი ჩაატარა პორტუგალიამ“.

2023 წლის მსოფლიო თასი. III ტური. გ ჯგუფი
საფრანგეთი. ტულუზი. „სთედიუმ დე ტულუზ“
23 სექტემბერი. 16:00 საქ. დრო
საქართველო – პორტუგალია 18:18 (13:5)
საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 9. გელა აფრასიძე (ბეიონი);

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (შავი ლომი), 2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გურამ პაპიძე (პო), 19. ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), 20. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).