ქართულმა ჯარმა ტონგა მშრალზე დატოვა

ქართულმა ჯარმა საფრანგეთში მიმდინარე შეიარაღებული ძალების მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში ტონგა 67-0 დაამარცხა და მე-5 ადგილის ნახევარფინალში ითამაშებს.

ჩვენი გუნდი მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდა და ჯამში მეტოქეს 11 ლელო გაუტანა. ქართული ჯარი უპირატესობას ფლობდა როგორც ძალისმიერ, ასევე გაშლილ თამაშში. პირველ ტაიმში გუნდმა 6 ლელო გაიტანა და ორი გარდასახვა გამოიყენა, მეორე ტაიმში კი მონაგარს კიდევ 5 ლელო შემატა.

ქართულმა ჯარმა ჯგუფურ ეტაპზე ორი თამაში დიდი სხვაობით მოიგო – ესპანეთთან (87-0) და ტონგასთან, დიდ ბრიტანეთს კი 3 ქულით ჩამორჩა (21-24) და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ავსტრალიას, რომელიც დასკვნით ტურში იაპონიას ჩვენი მატჩის დასრულების შემდეგ ეთამაშა (81-0), გატანილ-გაშვებული ქულების სხვაობა საქართველოსთან მიმართებაში +9 აღმოაჩნდა და საუკეთესო მეორეადგილოსანი გახდა, ჩვენ კი მე-5 ადგილის ნახევარფინალში გავედით, სადაც მეტოქედ კვლავ ტონგა გვეყოლება. თამაში 2 სექტემბერს, ჩვენი დროით 20 საათზე დაიწყება.

მე-5 ადგილის მეორე ნახევარფინალში ახალი ზელანდია ირლანდიას ეთამაშება, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე 39-24 მოუგო. ფინალი 9 სექტემბერსაა ჩანიშნული.

თავდაცვის სამინისტროების მსოფლიო თასი
საფრანგეთი. 27 აგვისტო
საქართველო – ტონგა 67:0 (34:0)
საქართველო

ხაზი: 15. საბა ილურიძე, 14. ბექა მაჭარაშვილი, 13. საბა დათიაშვილი, 12. გოგა გელაშვილი, 11. რამაზ ხარაზიშვილი (კაპ.), 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. გიორგი მარგალიტაძე;

შერკინება: 1. ნიკა სვიმონიშვილი, 2. დიმიტრი ცაბაძე, 3. გიორგი ქიმუცაძე, 4. გიორგი შუკაკიძე, 5. თორნიკე ზოიძე, 6. თენგო გიგოლაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. გიორგი მჭედლიშვილი.

მარქაფა: 16. გელა მახარაშვილი, 17. გოგა ქადარია, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გიგა კაციტაძე, 20. ლევან რატიანი, 21. სანდრო ნახუცრიშვილი, 22. ზურაბ ფირცხალაიშვილი, 23. თაიგ სქური.