საქართველო რაგბის სკოლების მსოფლიო თასზე

საქართველოს 15-წლამდე მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, 2-7 სექტემბერს საფრანგეთში, რაგბის სკოლების მსოფლიო თასზე ითამაშებს.

ტურნირს პონტლევოი უმასპინძლებს და მასში 24 ვაჟთა და 20 გოგონათა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ვაჟთა შორის საფრანგეთი სამი სკოლითაა წარმოდგენილი, ახალი ზელანდია, ირლანდია, ინგლისი და უელსი კი ორ-ორით.

24 გუნდი 6 ჯგუფშია გადანაწილებული და ჯგუფების გამარჯვებულებთან ერთად, ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის 1/4-ფინალში გადის, მომდევნო 8 გუნდი მე-9-მე-16, ხოლო ბოლო 8 გუნდი მე-17-24-ე ადგილებისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.

საქართველო დ ჯგუფში ირლანდიის (წმინდა მიქაელის კოლეჯი), რუმინეთის (ბუქარესტის აკადემია) და ახალი ზელანდიის (ბეი ოფ პლენთი) გუნდებთან მოხვდა. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 3 სექტემბერს გაიმართება, 5 სექტემბერს მეოთხედფინალური და ნახევარფინალური, ხოლო 7 სექტემბერს ფინალური შეხვედრებია ჩანიშნული.

თავდაპირველი ინფორმაციით საქართველო თბილისის სკოლით უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, თუმცა საბოლოოდ სამი მორაგბე დასავლეთ საქართველოს გუნდებიდან დაემატა და საფრანგეთში 15 მორაგბე მიდის.

„36 კანდიდატი თბილისის გუნდებიდან 15-წლამდე მორაგბეთა შორის საქართველოს ჩემპიონატიდან შეირჩა. ვარჯიშების შემდეგ მათი რაოდენობა 12-მდე შემცირდა. ჩვენი სურვილი იყო, რომ მსოფლიო თასზე რაც შეიძლება მეტი გუნდის წარმომადგენელი გამგზავრებულიყო და ორგანიზატორებთან შევთანხმდით, რომ სხვა ქალაქების გუნდების მოთამაშეებსაც დავიმატებდით. საბოლოოდ 15 მოთამაშე შეირჩა და ისინი პონტლევოიში მიგვყავს“ – განაცხადა გუნდის მწვრთნელმა ნიკა ჩიტალაძემ.

15-წლამდე 7-კაცამ ყოველდღიური ვარჯიშების გარდა ივლისსა და აგვისტოში ორი შეკრება გაიარა. მთლიანობაში გუნდი გია ლაბაძისა და ნიკა ჩიტალაძის ხელმძღვანელობით დაახლოებით სამი თვეა ემზადება.

„შედეგზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ბიჭები ადრეულ ასაკში მიიღებენ საერთაშორისო გამოცდილებას, თუმცა ვფიქრობ, საქართველოს სახელს ღირსეულად დავიცავთ“ – აღნიშნავს ჩიტალაძე.

მთავარი მწვრთნელი გია ლაბაძე იმედოვნებს, რომ ადრეულ ასაკში მიღებული გამოცდილება სამომავლოდ საქართველოს 7-კაცა ნაკრებსაც წაადგება:

„7-კაცა ოლიმპიური სახეობაა და მნიშვნელოვანია ერთგვარი ხაზის შექმნა, რაც ეროვნულ 7-კაცას შევსებას მისცემს. 7-კაცა 15-კაცა რაგბისგან განსხვავებულია და ეს ბიჭები საჭირო უნარებს ადრეული ასაკიდან შეიძენენ, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოადგებათ. ეს ის ასაკია, როდესაც მოთამაშის ჩამოყალიბება ხდება. მოთამაშეებს მონდომება არ აკლიათ და მაქსიმალურად არიან ჩართული ვარჯიშებში. მე მათ ვეუბნები, რომ მთავარია თამაშისგან სიამოვნება მიიღონ და ყურადღება იმ დეტალებზე გაამახვილონ, რაზეც ვარჯიშებზე კეთდება აქცენტი. შედეგზე უფრო მნიშვნელოვანია მათ ქონდეთ პროგრესი და ითამაშონ წნეხის გარეშე“.

15-წლამდელთა 7-კაცა საფრანგეთში 30 სექტემბერს მიემგზავრება. მათ სათამაშო ფორმა ლეგენდარულმა ბორჯღალოსანმა, მამუკა გორგოძემ გადასცა.

 

15-წლამდელთა 7-კაცას მსოფლიო თასზე ითამაშებენ: ნიკოლოზ გოგუაძე (აკადემია), ილია გოგუაძე (აკადემია), ნიკოლოზ ჯანგულაშვილი (ლომები), საბა ცინცაძე (ხვამლი), გიორგი ირემაძე (ხვამლი), რევაზ ცხვედიანი (ხვამლი), გაბრიელ ჩიქოვანი (რაშები), დაჩი ოყროშიძე (რაშები), გიორგი გაბუნია (ლელო), საბა ჭინჭარაული (ლელო), ანდრია კუნჭულია (ლელო), გიორგი ხონელიძე (ლელო), თედორე სვანიძე (ბათუმი), ნიკოლოზ აბაკელია (სოხუმი), გიორგი ქევანიშვილი (აია).

მთავარი მწვრთნელი: გია ლაბაძე

მწვრთნელი: ნიკოლოზ ჩიტალაძე