სამი ქართველი ინგლისის სკოლებში

2006 წელს დაბადებული სამი ქართველი ჭაბუკი მორაგბე, საქართველოს რაგბის კავშირის ხელშეწყობით ინგლისში მიემგზავრება. ორი მათგანი სქარბოროუს სკოლაში 4 თვით, ერთი კი იფსვიჩის სკოლაში ორი წლით ისწავლის და პარალელურად სარაგბო უნარებს დახვეწს.

აღსანიშნავია, რომ ქართველი ჭაბუკების მიმართ ინტერესი თავად ინგლისელებმა გამოთქვეს. ისინი თავად იყვნენ ჩამოსული თბილისში და ესწრებოდნენ როგორც თამაშებს, ასევე ვარჯიშებს, რის შემდეგაც რაგბის კავშირის განვითარების დირექტორს, რამა ჩანდის დაუკავშირდნენ.

„ბრიტანეთში რაგბი სასკოლო სივრცესთან მჭიდროდაა ინტეგრირებული და გაგვიჩნდა შესაძლებლობა, რომ იქ ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები გაგვეშვა. მათ თავად გამოთქვეს ინტერესი და რაგბის კავშირიც ამ იდეას გვერდში დაუდგა. შედეგად, ეს ბიჭები შეიძენენ როგორც სარაგბო, ასევე ცხოვრებისეულ გამოცდილებას, რაც ქართული რაგბისთვისაც სასარგებლო იქნება. ვიმედოვნებ მსგავსი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და სხვა მოთამაშეებსაც მიეცემათ მსგავსი გამოცდილების შეძენის შესაძლებლობა“ – აღნიშნავს რამა ჩანდი, რომელიც დღეს ბავშვებს და მათ მშობლებს არაოფიციალურ გარემოში შეხვდა:

„მათ ქონდათ კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ამ ბავშვების შერჩევა მოხდა. ამისათვის აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა და რა თქმა უნდა სარაგბო უნარები. ეს არაა ტალანტების მოძიების ერთჯერადი აქტი, ის გრძელვადიანი პროექტის ნაწილია. სქარბოროუს სკოლაში ბიჭებს ექნებათ შესაძლებლობა საკლუბო გამოცდილებაც შეიძინონ, რადგან ისინი დაინტერესებული არიან გუნდის გაძლიერებით“.

„ჩვენი სურვილია, რომ დამწყები ქართველი მორაგბეებისთვის რაც შეიძლება მეტი კარი იყოს ღია, სადაც ისინი არა მხოლოდ სარაგბო, არამედ ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც შეიძენენ“.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელი ზურაბ ამონაშვილი:

„ეს ძალიან სასარგებლო გამოცდილება იქნება. ისინი ინგლისში ისეთ სარაგბო უნარებსა და ცხოვრებისეულ თვისებებს შეიძენენ, რაც შემდგომში ჩვენს ქვეყანას და ნაკრებს გამოადგება. მე მქონდა ამ ბიჭებთან შეხება და დარწმუნებული ვარ ისინი საკუთარ ცოდნას კიდევ უფრო გაიღრმავებენ“.

სქარბოროუს სკოლაში 4 თვით მიდიან შუამარბი ლევიკო სალდაძე (ლოკომოტივი) და მგეზავი გიგი სირბილაძე (ლელო), ხოლო პირველხაზელი გიორგი ტურაშვილი (ლელო) იფსვიჩის სკოლაში ორი წლით ისწავლის.

ლევიკო სალდაძე: „ძალიან გახარებული ვარ ამ პროექტის ნაწილი რომ გავხდი და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც ამის შესაძლებლობა მომცა. იქ მიღებული გამოცდილება ჩემთვის მნიშვნელოვანია, როგორც სარაგბო, ასევე ცხოვრებისეული კუთხით. ეს შესანიშნავი იქნება“.

გიგი სირბილაძე: „4 თვის განმავლობაში უცხო გარემოში ცხოვრებით ძალიან ბევრ სიახლეს ვეზიარები. ასევე გავეცნობი ვარჯიშების ახლებურ, ბრიტანულ სტილს, ახალი გამოცდილება კი სამომავლოდ აუცილებლად გამომადგება“.

გიორგი ტურაშვილი: „ორი წლის განმავლობაში ვისწავლი იფსვიჩის სკოლაში და გავიუმჯობესებ სარაგბო უნარებს, რაც ჩემი კარიერისთვის უმნიშვნელოვანესია. ინგლისი რაგბის სამშობლოა და იქ მიღებული გამოცდილება აუცილებლად გამომადგება. ვეცდები, რომ ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო“.