ვეტერანები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ!

გასულ შაბათს, 8 ივნისს ქართველი რაგბის ვეტერანები დიღომში, ლოკომოტივის ბაზაზე კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და მათი ძველი რაგბული კარიერა გაიხსენეს, ცოტაც წაიბურთავეს, სამსახსოვრო სურათები გადაიღეს და ისევ რაგბულად და ღირსეულადაც მე-3 ტაიმი ჩაატარეს.

მათ ამ შეკრების მიზეზს და სიხარულს ისიც დაერთო თან, რომ შავი ლომისთვის ევროპის პროფესიული საკლურო რაგბის კარი გაიღო და უკვე, ამ წლის დეკემბრიდან ჩელენჯ თასზე ითამაშებს. ამ ყველაფრის გამო, ვეტერანების შეკრებას ვეწვიეთ და ჩვენ გამორჩეულ ვეტარანებს პატარა ინტერვიუც ჩამოვართვით:

ავთო ღიბრაძე (ვერეტანთა პრეზიდენტი): “დღეს ჩვენთვის განსაკუთრებული და კარგი დღეა რადგან ვეტერანები შევიკრიბეთ, ერთმანეთს მოვეფერეთ და ჩავეხუტეთ, გავიხსენეთ ძველი ისტორიები და კიდევ ერთხელ ავღნიშნეთ ერთმანეთთან შეხვედრა, ქართული ერთი რაგბი დიდი ოჯახია და მუდამ ასე იყო. ამასთანავე ვზეიმობთ შავი ლომის ჩელენჯ თასზე გასვლას, რადგან ეს აქამდე სრულიად შეუძლებელი იყო, რაგბის კავშირმა კი დიდი სამუშაო გაწია, რათა ეს დიდი ხნის ოცნება რეალობად ქცეულიყო, თანაც ახლანდელი შედეგებით, გინდ 20-წლამდელების გინდ დიდი ნაკრების, ისეთ დონეზე ავიდა ქართული რაგბი, რომ ამას ნამდვილად ვიმსახურებდით. ჩვენ დროში ასეთი შესაძლებლობა და ასპარეზი არასდროს გვქონია, არც პირობები იყო ისეთი რაც ეხლა შავ ლომს და ნაკრებს აქვს, უბრალოდ მაშინ ჩვენ ვცდილობდით რაგბის და სარაგბო ოჯახის შენარჩუნებას და აქამდე მოტანას, რაც ძალიან კარგად გაგრძელდა და იმედი გვაქვს ქართული რაგბი სულ ასე წინ და წინ წავა “.

გოჩა მაჭავარიანი (ვეტერანი მორაგბე, სრკ-ს მეთვალყურეთა მენეჯერი): “შავი ლომის ჩელენჯ თასზე მოხვედრა ქართული რაგბისთვის ძალიან დიდი ნაბიჯია, ახლა ისეთ ტოპ გუნდებთან მოგვიწევს თამაში, როგორიც არასდროს გვყოლია, კლერმონი და კასტრი ტოპ 14-ის ჩემპიონები არიან, გლოსთერი ინგლისის ტრადიციული გუნდია, ედინბურგი და სქარლეთსი კი ქვეყნის მთავარი ფრენჩაიზები არიან და მათი საუკეთესო მორაგბეები არიან თავმოყრილი, მაგრამ ევროპული რაგბი ბოლო დროს ისე განვითარდა რომ მთელი ავსტრალიის, ზელანდიის, აფრიკის და ფიჯის მორაგბეებიც მანდ გადადიან. ამიტომ ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, მსოფლიოს საუკეთესოთა ლიგაში ვერთვებით და მგონი დასაწყისისთვის ცოტა გაგვიჭირდება კიდეც, მაგრამ რასაც აქამდე ვითხოვდით – კონკურენტუნარიან თამაშებს, ზუსტად ეს მივიღეთ.

ჩვენ როცა ვთამაშობდით მაქსიმუმ საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოხვედრილიყავი და მანდაც ყველაზე მეტი რაზეც გეოცნება რუმინეთთან თამაში და მათთან მოგება საერთოდ სასწაულად გვეჩვენებოდა. შემდეგ როდესაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და რუმინეთთან ტოლ-სწორად თამაში დავიწყეთ, აშკარად ვთქვით რომ ქართული რაგბი განვითარდა, ახლა კი შეხედეთ ჩვენ შედეგებს: წინა წელს უელსს და იტალიას მოვუგეთ და ახლა 20-წლამდელებმა ისეთები ქნეს – სამხრეთ აფრიკაში სამხრეთ აფრიკას რომ ვერ მოვუგეთ ხალხს მაგაზე დაგვწყდა გული. ამიტომ შავი ლომის ეს წინ სვლა უფრო დიდი წარმატების საწინდარია და აშკარად ფაქტია, სარაგბო სამყაროში ჩვენი ლელო უკვე დავდეთ და კიდევ ერთი დონით მაღლა ავედით”.

ალექსანდრე გრიგალავა (ვეტერანი მორაგბე): “დღეს ვეტერანების კიდევ ერთი შეკრებაა და ჩვენც ქუთაისელი ვეტერანები არასდროს ვაკლდებით ამ ღონისძიებას, მშვენიერი ამბებია ქართულ რაგბში და შავი ლომის ევროპაში გაჭრას სიხარულით მივესალმებით. ვინც რაგბს უყურებს იცის რასაც ნიშნავს ეს, ევროპის საუკეთესო გუნდებთან თამაში გვეღირსა! ვინც კი რაგბი არ იცის კარგად, მოგეხსენებათ ქვეყანა მაინც უფრო ფეხბურთშია გათვიცნობიერებული, ახლა ისეთი რამ მოხდა ჩათვალეთ უეფას ჩემპიონთა ლიგაზე რომ გავიდეს ჩვენი კლუბი! რაგბის კავშირმა კი ამაზე ძაან ბევრი იმუშავა და ხალხის მოლოდინებიც გაამართლა, რისთვისაც ცალკე მადლობას ვეტყვი ახალ მენეჯმენტს.

ჩვენ დროში არანაირი ასპარეზი არ იყო, გარდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისა, მაგრამ მანდაც ქართველები ვიყავით მაგრები! აი ნახეთ, 500 მილიონიან ქვეყანაში 12 გუნდიან უმაღლესი ლიგაში აუცილებლად 2 ან 3 ქართული გუნდი სულ იყო ხოლმე. აიას საერთოდ 80-იანებში ოქროს ხანა გვქონდა: 3 ჯერ მოვიგეთ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი, მაშინ სულ ვარსკვლავებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავდა და ნეტა ჩვენც გვქონოდა იმის საშუალება ევროპაში გავსულიყავით და ინგლისის, უელსის, საფრანგეთის და ირლანდიის გუნდებს გავჯივრებოდით, მაგრამ ახლა ყველაფერი მშვენივრადაა, ჩვენი 20-წლამდე ნაკრები გვახარებს ძალიან, ეროვნულმა ნაკრებმაც წინა წელს ორ უმაღლესი დონის გუნდს მოუგო, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ რომ ქართული რაგბი სწორი გზით ვითარდება და განვითარდება კიდეც, რადგან ქართველის გენშია ჩვენი ძველებური ლელო-ბურთი და მაგიტოც გამოგვდის უკეთ რაგბის თამაში”.