შავი ლომი | ჩელენჯ თასამდე სუპერ თასი

რაგბი ევროპის ორგზის ჩემპიონი ‘შავი ლომი’, EPCR-ის ჩელენჯ თასში ჩართვამდე ტიტულის ზედიზედ მესამედ მოპოვებას შეეცდება.

სუპერ თასში წელსაც 8 გუნდი მიიღებს მონაწილეობას და განახლებული ფორმატით ჩატარდება. შარშანდელისგან განსხვავებით, დიდი 10-ის ჩემპიონის ნაცვლად მასში ჩეხეთის ფრენჩაიზი ‘ბოჰემია უორიორზი’ მიიღებს მონაწილეობას.

რაც შეეხება ფორმატს, რეგიონული პრინციპის ნაცვლად, ამჯერად გუნდები ჯგუფებში ძალთა თანაფარდობის მიხედვით გადანაწილდებიან. ა ჯგუფში ‘შავ ლომთან’ ერთად შარშანდელი ფინალისტი, ისრაელის ‘თელავივ ჰითი’, პორტუგალიური ‘ლუზიტანუში’ და ესპანური ‘იბერიანსი’ გაერთიანდნენ; ბ ჯგუფში რუმინული ‘ვულვზი’, ბელგიური ‘დევილსი’, ნიდერლანდური ‘დელტა’ და ჩეხური ‘ბოჰემია’ გაერთიანდნენ.

ჯგუფური ეტაპი ერთ წრედ გაიმართება, რის შემდეგაც ა ჯგუფის სამი საუკეთესო გუნდი და ბ ჯგუფის გამარჯვებული თასის ნახევარფინალში გავლენ, ა ჯგუფის მეოთხე ადგილოსანი და ბ ჯგუფის სამი გუნდი კი მე-5-მე-8 ადგილებს გაითამაშებენ.

ა ჯგუფი ერთწრიან ჯგუფურ ეტაპზე 4-5 ნოემბერს ‘იბერიანსს’ მასპინძლობს, 11-12 ნოემბერს ‘ლუზიტანუშს’ ეწვევა, 18-19 ნოემბერს კი ‘ჰითს’ თელავივში ეწვევა. ნახევარფინალები და ფინალები შესაბამისად 2-3 და 16-17 დეკემბერსაა ჩანიშნული, თუმცა იმის გამო, რომ 15-17 დეკემბერს ‘შავ ლომს’ ჩელენჯ თასის მეორე ტურის შეხვედრა ელის, სუპერ თასზე მისი დასკვნითი მატჩის თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება.