ლელობურთი

რატომ გახდა რაგბი ჩვენი – ქართველების თამაში?

პასუხი მარტივია – იმიტომ რომ მისი არსი ძალიან ახლოსაა ქართულ სულთან!

კავკასიონის ქედს მიჯაჭვულ ამ პატარა ქვეყანას, ყოველი მხრიდან უტევდნენ უზარმაზარი იმპერიები. გამუდმებული თავდაცვითი ომები ითხოვდა მუდმივ წვრთნას, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად და შესაბამისად, საქართველოში ადრეულ საუკუნეებშივე განვითარდა ისეთი სახეობები, როგორიცაა ჭიდაობა, ცხენოსნობა, მშვილდოსნობა და… ლელობურთი.

არსებობს მოსაზრება, რომ ლელობურთს საქართველოში 2500-წლიანი ისტორია აქვს. მთავარსარდლები მას იყენებდნენ წვრთნის მეთოდად, რათა ჯარს ორგანიზებულად ემოქმედა შეტევისას თუ თავის დაცვისას.

მე-19 საუკუნის დასაწყისში ლელობურთს თამაშობდნენ თბილისში (ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე), ქუთაისში (საფიჩხიაზე, ხარაზოვის ბაღის მიდამოებში).

მაგრამ ლელობურთის ტრადიცია ყველაზე მეტად გურიაში შემორჩა, კერძოდ შუხუთში, სადაც ყოველ წელს, აღდგომის დღესასწაულზე ერთმანეთს ზემო და ქვემო შუხუთელები ერკინებიან. 

არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად, 1854 წელს, შუხუთის ბრძოლაში, აზნაურმა ერასტი ჭყონიამ ხასანბეგ თავდგირიძეს ხმლის ერთი მოქნევით თავი მოკვეთა. ამ ამბის სახელზე დაიწერა განუმეორებელი სიმღერა „ხასანბეგურა“ და აქედან ჩაეყარა საფუძველი შუხუთში ლელობურთის ტრადიციას. არსებობს გამოთქმა: „გურულებმა ხელჩართულ ბრძოლაში სულ ხელისკვრით და მიწოლით გადაყარეს თათრები ჩოლოქს გადაღმაო“ – და ლელობურთიც ამ ისტორიული გამარჯვების გახსენებაა. 

ლელოს ბურთი ტყავისგან იკერება, ნახერხითა და მიწით ივსება და ალადასტურით იჟღინთება. ბურთი ერთ ფუთს, ანუ დაახლოებით 16 კილოგრამს მაინც უნდა იწონიდეს. თამაშის წინ სოფლის ეკლესიაში ბურთს აკურთხებენ და შემდეგ წინამძღვარი მას სოფლის შუაგულში ააგდებს, რითაც ლელობურთი იწყება. სათამაშო არეალი ცენტრიდან ორივე მხარეს 400-400 მეტრით განისაზღვრება, სადაც ღელეები ჩამოედინება. გამარჯვებულად ითვლება ის, ვინც ბურთს მოწინააღმდეგის მხარეს ღელეს იქეთ გადაიტანს. არც სათამაშო დრო და არც მონაწილეების რაოდენობა შეზღუდული არ არის. შერკინებაში ხშირად ასობით შუხუთელია ჩართული, რის გამოც ბურთის დანახვა თამაშის მსვლელობისას პრაქტიკულად შეუძლებელია. 

ლელობურთს მხოლოდ ერთი წესი აქვს – თამაშისას თუ ვინმე წაიქცა ან ცუდად გახდა, მოთამაშეები ხელებს ზემოთ წევენ და მიწოლა წამით ჩერდება, სანამ დაშავებულს ზედახორადან არ გამოიყვანენ. სხვა მხრივ დაშვებულია ყველა ილეთი და მიწოლის ნებისმიერი ფორმა. ამის გამო ხშირია ტრავმები და ზოგჯერ ფატალური შემთხვევებიც ხდება. 

სახალხო, ტრადიციული ლელობურთის გარდა, გვაქვს სპორტული ლელობურთიც. საქართველოს ლელობურთის ფედერაცია 2011 წელს, ვეტერანი ბორჯღალოსნის და ქართული რაგბის მოამაგის, დავით კილასონიას ინიციატივით სენაკში დაარსდა და საქართველოს ჩემპიონატიც გაიმართა. აქ მოთამაშეთა რაოდენობა წინდაწინვეა განსაზღვრული, თამაში მიმდინარეობს სარაგბო ან საფეხბურთო მოედანზე, ბურთი 3 კილოგრამს იწონის და დატენილია მატყლით. გუნდებმა ის ნებისმიერი ხერხით უნდა გადაიტანონ მეტოქის ლელოს ხაზს იქით – გნებავთ მიწაზე და გნებავთ ჰაერში. თამაში ორი 3-წუთიანი ტაიმისგან შედგება. 

ბოლო დროს ლელობურთი სულ უფრო დიდ ინტერესს იწვევს უცხოელებში, განსაკუთრებით ბრიტანეთში და ვეტერან მორაგბეებში. ლელოს 16-კილოგრამიანი ბურთი, თამაშის აღწერილობით, წარმოდგენილია ქალაქ რაგბიში, რაგბის მუზეუმში, როგორც რაგბის მსგავსი, სავარაუდოდ მისი წინაპარი თამაში.

რაგბი ჩვენი თამაშია!

ერთობით ყოველთვის გავიტანთ ლელოს!